კინო/ფილმებისპორტი

ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

ლევან თედიაშვილი, რომელმაც 1972 წელს პირველი ოლიმპიური ოქრო მოიგო, 1973 წელს საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს

75 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ სპორტსმენს დიდი ხანია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. 

ლევან თედიაშვილი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო თავისუფალ ჭიდაობაში (1972, 1976 წწ.), ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი (1971, 1973, 1974, 1975) და სამგზის ევროპის ჩემპიონი(1974, 1976, 1978), მსოფლიო თასის მფლობელი (1973), აგრეთვე, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).

ქართველი ფალავანი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა – 82 და 90 კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი – ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში იგი XX საუკუნის საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა რეიტინგში მესამე პოზიციაზე დასახელდა.

ლევან თედიაშვილის მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი, 2003 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება., 2005 წლიდან, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) გადაწყვეტილებით, ლევან თედიაშვილი ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა დიდების დარბაზის წევრია.

შეგახსენებთ, რომ სახელოვან ფალავანს  კინოშიც აქვს განსახიერებული როლები.

ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი”, რომელშიც ლევან თედიაშვილი მთავარი გმირის – ქართველი ემიგრანტის, კახის როლს ასრულებს, „ოქროს გლობუსზე“ და „ოსკარზე“ იყო წარდგენილი  საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში.

მანამდე ლევან თედიაშვილმა ითამაშა ხარება ჯიბუტის (ასრულებს ცნობილი სპორტსმენი, ველომრბოლელი ომარ ფხაკაძე) ძმადშეფიცულის, ცნობილი ფალავნის – გოგია კენკიშვილის როლი გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“ (1987 წ.).

ლევან თედიაშვილი (მარცხნივ) და ომარ ფხაკაძე ფილმში „ხარება და გოგია“ (1987 წ.)

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close