ფრანგმა ფერმერებმა პარიზთან და საფრანგეთის სხვა ქალაქებთან მდებარე მაგისტრალები ტრაქტორებით გადაკეტეს, – ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ამით ფერმერები ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ მთავრობაზე, რათა მთავრობამ ინფლაციის დასაძლევად მეტი ძალისხმევა გაწიოს. ისინი უკეთეს სამუშაო პირობებს და გარემოსდაცვითი რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვენ. ფერმერების თქმით, დაწესებული რეგულაციები მათ საშუალებას არ აძლევს, კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნის მწარმოებლებს.
ფრანგი ფერმერები აცხადებენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ფერმერებზე არ ზრუნავს და სთხოვენ, პასუხი გასცეს მათ. ფერმერების ნაწილს დროშები და ბანერები ჰქონდა დამაგრებული ტრაქტორებზე, რომლებზეც ეწერა „გაბრაზებული ფერმერები“, „ძალიან ბევრი გადასახადია, ძალიან ბევრი წესია, საარსებოდ შემოსავალი არ გვაქვს“.
france24.-ის ცნობით, მთავრობამ 15 000 პოლიციელის და ჟანდარმის მობილიზების ბრძანება გასცა.
„არ დავუშვებთ სამთავრობო შენობების, სახაზინო შენობების ან სასურსათო მაღაზიების დაზიანებას. ცხადია, ეს მიუღებელია“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა.
მისი ვე ცნობით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბრძანებით, საფრანგეთის უსაფრთხოების ძალებმა უნდა უზრუნველყონ შარლ დე გოლის და ორლის აეროპორტების სტაბილური და მშვიდი ფუნქციონირება.
როგორც „როიტერსის“ წერს, მაკრონი შექმნილი ვითარების განხილვას ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გეგმავს.
ამასთან, საპროტესტო აქციები გაიმართა ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ბელგიაში, გერმანიასა და პოლონეთში. ბელგიელმა ფერმერებმა გადაკეტეს მაგისტრალები ბელგიის სამხრეთ ნაწილში და ტრაქტორები ბრიუსელში ევროპარლამენტთან გააჩერეს. ფერმერები ევროკავშირს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებდნენ.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები