პოლიტიკასაქართველო

ამ კვირაში გადაწყდება, გადააყენებენ თუ არა პოსტიდან საქართველოს პრეზიდენტს – იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე უახლოეს დღეებში გავა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის თანახმად,  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. დასკვნა სასამართლოს პლენუმმა, მოსამართლეთა სრულმა შემადგენლობამ დღეს, 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

„სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის ერთი ნორმით დაწესებული დანაწესის დარღვევა ვერ გამართლდებოდა კონსტიტუციის მეორე ნორმის დაცვის საბაბით, მათ შორის, კეთილი განზრახვის მოტივაციის მოშველიებით… საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პრეზიდენტის ფიციც, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დადო, ავალდებულებდა მას საქართველოს კონსტიტუციის დაცვას.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ პრეზიდენტს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მთავრობის თანხმობის საჭიროება, რაც არაერთი გარემოებით მტკიცდებოდა და, ამასთანავე, ემყარებოდა გონივრულ პრეზუმფციას, რომ იგი გარკვეული იყო/უნდა ყოფილიყო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში”, – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გავრცელებულ განცხადებაში.

მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ პირველ სექტემბერს განაცხადა. ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით.

პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენების საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში უნდა დადგეს. პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის ანუ 100 დეპუტატის თანხმობა. მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით 84 ხმა აქვს გარანტირებული („ქართული ოცნება“ – 75, „ხალხის ძალა“ – 9 დეპუტატი).

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში მიმდინარე კვირაში განიხილება. მან იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე ოპოზიციონერს მაინც აღმოაჩნდება „საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება“, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს. როგორც უკვე ვთქვით, „ოცნებას“ პრეზიდენტის გადაყენებისთვის თავისი გარანტირებული 84 ხმის გარდა კიდევოპოზოციის 16 ხმა სჭირდება.

„სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ ის მყისიერად გადადგებოდა თანამდებობიდან…

ის დღეიდან მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად. საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს, ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. კოჭლ იხვად, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“” არის ადევნებული”, – განაცხადა საკუთარი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close