საზოგადოებასაქართველო

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი დგება

„ღმერთმა დალოცოს მკვიდრნი საქართველოისა და უცხოეთში მყოფნი ჩვენი თანამემამულენი. ღმერთმა დალოცოს მთელი მსოფლიო!“ - ილია მეორე

„14 სექტემბერს დგება საეკლესიო ახალი წელი, დასაბამიდან 7 627-ე წელი, შევთხოვ ყოვლად მოწყალე უფალს, დაიცვას ყოველი კუთხე ჩვენი ქვეყნისა, სრვისაგან, ძვრისა და სხვა სტიქიური უბედურებისაგან“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაში.

„მოგვმადლოს მშვიდობა, კეთილდღეობა, გული გონიერი და წრფელი განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა. დაგვეხმაროს, რათა შევძლოთ განვეშოროთ ავ სიტყვას, განზრახვასა და საქმეთ, რათა უფლის მიერ ჩვენთვის ნაჩუქარი უდიდესი განძი, სიცოცხლე, – ღვთის სადიდებლად გამოვიყენოთ.

ღმერთმა დალოცოს და განამტკიცოს ტვირთმძიმე და განსაცდელში მყოფი ყოველი ადამიანი, ყოველი ქვეყანა. ღმერთმა დალოცოს მკვიდრნი საქართველოისა და უცხოეთში მყოფნი ჩვენი თანამემამულენი. ღმერთმა დალოცოს მთელი მსოფლიო!“

ტერმინი „ახალი წელი“ რომს უკავშირდება. საღვთისმსახურო წიგნი „ჟამნი“ მოგვითხრობს, თუ რატომ განაწესა ინდიქტიონი ანუ ახალი წელი რომის კეისარმა. გადმოცემის თანახმად, როდესაც რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო, სექტემბრის თვის პირველი დღე ინდიქტიონის დასაწყისად დაადგინა და თხუთმეტი წლით განსაზღვრა, მერე კი ეს დრო სამ ნაწილად გაყო. თითოეული ხუთწლეულის პირველ სექტემბერს დაპყრობილ ქვეყნებსა და ხალხებს ხარკი უნდა ეძლიათ. სექტემბრის პირველ დღეს ხარკის გადახდით ხალხი მომდევნო ხუთი წლის თავისუფლებას ზეიმობდა. ამგვარად, ინდიქტიონი სადღესასწაულო დღედ იქცა.

ასეთი წელთაღრიცხვა იესო ქრისტეს დროსაც იყო ცნობილი. ქრისტიანულმა ეკლესიამ, რადგან რომაული კალენდარი შეითვისა, ახალ წლად, ანუ ინდიქტიონად პირველი სექტემბერი მიიღო. ამასთანავე, წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე… ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული“. 312 წლის 14 სექტემბერს კი, კონსტანტინე დიდის მიერ მაქსენციუსის დამარცხების შემდეგ ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ. ამ მოვლენათა აღსანიშნავად უძველესი დროიდან ბერძნულ ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1-ლი სექტემბრიდან იწყება.

საეკლესიო ახალი წელი დღესაც ძველი სტილით პირველ სექტემბერს, ახალი სტილით კი 14 სექტემბერს აღინიშნება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close