ვიდეოშეუცნობელი

უფოლოგმა მექსიკის კონგრესს „ორი უცხოპლანეტელის“ გვამი წარუდგინა (ვიდეო)

მექსიკელმა უფოლოგმა ხაიმე მაუსანმა ქვეყნის პარლამენტში ორი ჰუმანოიდის მუმია წარადგინა, რომლებიც, მისი თქმით, უცხოპლანეტელების არსებობას ადასტურებენ. ამის შესახებ გამოცემა „ელპაისი“ იტყობინება.

სპეციალისტის თქმით, ეს ჰუმანოიდები 2016 წელს პერუს ქალაქ ნასკაში აღმოაჩინეს გათხრების დროს. როგორც ჩანს, ეს არსებები ჰუმანოიდების ნაშთებია, დაახლოებით 170 სანტიმეტრი სიმაღლით, უზარმაზარი თავებით, მაგრამ კბილების გარეშე, სამი თითით კიდურებზე და მსუბუქი და ძლიერი ძვლებით. უფოლოგმა დაამატა, რომ მათ თითის ანაბეჭდებს სწორი ჰორიზონტალური ხაზები აქვს და არა – მომრგვალებული, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის თითის ანაბეჭდებს.

„ესენი არამიწიერი წარმოშობის არსებები არიან, რომლებიც ჩვენი ევოლუციის ნაწილს არ წარმოადგენენ“, – აღნიშნა უფოლოგმა.

მაუსანის თქმით, მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის მიერ ნახშირბადის ბუნებრივი იზოტოპით, რადიოკარბონით ჩატარებული ანალიზი მოწმობს, რომ ამ ჰუმანოიდების ასაკი დაახლოებით 1 ათასი წელია. გარდა ამისა, ნაშთების გამოკვლევამ აჩვენა, რომ არსებების დნმ 30%-ით განსხვავდება ადამიანის ბიომასალებისაგან.

უფოლოგმა მექსიკის კონგრესში ჩვენება ფიცის ქვეშ მისცა.

„უცხოპლანეტელები არიან თუ არა, არ ვიცით, მაგრამ ისინი გონიერი არსებები იყვნენ და ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ“, – დაასკვნა მან.

მექსიკის პარლამენტში გამართულ მოსმენაში მონაწილეობდა, აგრეთვე, მრავალი ექსპერტი, მათ შორის, აშშ-ის უსაფრთხო აერონავტიკის აღმასრულებელი დირექტორი და აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილი მფრინავი რაიან გრეივზი.

მანამდე, 27 ივლისს, აშშ-ის კონგრესში უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ პირველი მოსმენები გაიმართა. დაზვერვის საზოგადოების ყოფილმა წარმომადგენელმა დევიდ გრაშმა, რომელიც 2023 წლამდე ხელმძღვანელობდა პენტაგონის სააგენტოს აუხსნელი ანომალიური ფენომენების ანალიზს, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტს „არაადამიანური” არსებების აღმოჩენის შესახებ განუცხადა. კონგრესში მოსმენა მოჰყვა გრაშის მიერ ივნისში გაკეთებულ განცხადებებს, თითქოს აშშ-ის მთავრობა უცხოპლანეტელთა კოსმოსურ ხომალდებს ინახავს.

წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომის წინა დღეს გაიმართა საპარლამენტო დებატები (პირველი ისტორიაში), რომელიც არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტებს მიეძღვნა. მოწმის სახით მოწვეული იყო ამერიკული არმიის სამი მაღალი რანგის ოფიცერი.

პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ პენტაგონმა შექმნა სპეციალური განყოფილება, სახელწოდებით All-Domain Anomaly Resolution Office, რათა ახსნა მოუძებნოს უცნაურ ფენომენებს, რომლებსაც მეცნიერული ახსნა არ აქვს.

2023 წლის მაისის ბოლოს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰარი ნოლანმა განაცხადა, რომ უცხოპლანეტელები დედამიწას ეწვივნენ და ისევ აქ არიან. მან თქვა, რომ ესწრებოდა კონგრესის მოსმენებს არამიწიერი სიცოცხლის შესახებ და იცოდა, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც „ჩამოგდებული თვითმფრინავების ხელახალ პროექტირებაში იყვნენ ჩართულები“.

პერუს სამხრეთ ნაწილში, ნასკას ფერდობზე უზარმაზარი გეომეტრიული და ფიგურული გეოგლიფების ჯგუფია. გამოსახულებათა შორის არის პირდაპირი ხაზები, სამკუთხედები, სპირალები, ჩიტი, მაიმუნი, ობობა და ყვავილები. რამდენადაც თითოეული გამოსახულების დიამეტრი ათეულობით მეტრია (ნასკას ერთ-ერთი ნახატის, კოლიბრის ფრთების სიგანე 90 მეტრზე მეტია), დედამიწიდან მათი დანახვა (აღქმა) შეუძლებელია. ეს ქმნილებები XX საუკუნის დასაწყისში მფრინავებმა აღმოაჩინეს, როდესაც პერუზე პირველი გადაფრენები დაიწყო. ნახევარუდაბნოს ჰავის წყალობით, ფიგურები უძველესი დროიდან კარგად არის შემონახული. ისინი 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურშია შეტანილი.

ერთ-ერთი ვერსიით, ამ გიგანტურ ხაზებზე ძველი ინდიელი ათლეტები დარბოდნენ, ანუ ნასკაში რაღაც ოლიმპიადის მსგავსი იმართებოდა.

თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაში ხშირად ვხვდებით ვარაუდს, რომ ნასკას ნახაზები უცხოპლანეტელების მიერაა შექმნილი და ისინი მათ ხომალდების ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებად იყენებდნენ. ამ ვარაუდის საწინააღმდეგოდ, აუხსნელი რჩება ის ფაქტი, რომ თუკი უცხოპლანეტელებს ვარსკვლავთა შორის სივრცეებში სინათლის წლების გამოფრენა ძალუძთ, მაშინ რაღაში სჭირდებათ დახაზული ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკები?

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close