საბერძნეთი: სკოლიდან სახლში მიმავალი 10 წლის ბიჭის მოტაცებას ცდილობდნენ – მამამისი მშობლებს აფრთხილებს
ათი წლის ბიჭი, რომელიც პტოლემაიდაში (იგივე პტოლემაისი, ქალაქი ჩრდ. საბერძნეთში) სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, ფსიქოლოგიურად მძიმედ დაზარალდა. მამამისი მშობლებს აფრთხილებს და სიფხიზლისკენ მოუწოდებს.
იგი თავისი შვილის გატაცების მცდელობის შესახებ ჰყვება. e-ptolemeos.gr წერს, რომ მამის თქმით, მისი შვილი კონდილის ქუჩით დაწყებითი სკოლიდან ბრუნდებოდა ორ მეგობართან ერთად. ბიჭი მათ დაემშვიდობა და მარტომ განაგრძო გზა სახლისკენ. უცებ მის უკან, ძალიან ახლოს წითელი მანქანა გაჩერდა, მძღოლმა ფანჯარა ჩამოსწია და დაჟინებით ცდილობდა ბავშვის დაყოლიებას, რათა მანქანაში ჩაესვა, რომ ვითომდა სახლში წაეყვანა. შეშინებულმა ბიჭმა ხმამაღლა დაიწყო ყვირილი “κλέφτης” („ქურდი“ – ბერძ.) და საპირისპირო მიმართულებით გაიქცა, აღმართ ქუჩაზე, მძღოლს კი, როგორც ჩანს, შეეშინდა, რომ ამ ყვირილით ყურადღებას მიიქცევდა, სწრაფად დაძრა მანქანა და იქაურობას გაეცალა.
ბავშვმა მშობლებს უთხრა, რომ მამაკაცი, რომელიც მას მანქანაში ჩაჯდომას სთავაზობდა, უცხო იყო, ბერძნულად ლაპარაკობდა, ჭაღარა თმა ჰქონდა და, სავარაუდოდ, 45-50 წლის იქნებოდა. მშობლებმა მაშინვე აცნობეს სკოლას, სკოლამ კი, მამის თქმით, პოლიცია ჩააყენა საქმის კურსში.
ბავშვის მამამ აღნიშნა, რომ მას სურს გააფრთხილოს მშობლები და ბავშვები, რათა ყურადღებით იყვნენ, რადგან მისი შვილი ახლა ძალიან შეშინებულია და გამოჯანმრთელებას დრო დასჭირდება.
საგანგაშო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მშობლები შეშფოთებას გამოხატავენ მომხდართან დაკავშირებით.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები