მიგრაციასაქართველო

მიგრაციის სტატისტიკა – როგორია საქართველოს საზღვრის კვეთის ზუსტი მონაცემები?

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიგრაციის კუთხით არსებულ რეალურ მდგომარეობაზე დღეს ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი მედიასთან ისაუბრა.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა თქვა, რომ 2018-21 წლებში უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 29 ათასი შეადგინა, რაც კრიტიკულ მაჩვენებელს არ წარმოადგენს.

მისი განმარტებით, მსგავსი პროცესები დღეს უფრო მასშტაბურია ევროკავშირის წევრ ბალტიისპირა ქვეყნებში იმ მარტივი მიზეზით, რომ უვიზო გადაადგილების პირობებში მოქალაქეთა ნაწილი საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დროებით ხშირად ირჩევს ამ გზას.

სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებს რაც შეეხება, 2004-12 წლებში, 2013-21 წლებთან შედარებით საქართველო 4-ჯერ მეტი ემიგრანტი ჰყავდა. საქსტატის ხელმძღვანელის, გოგიტა თოდრაძის თქმით, გასული ორი ათწლეულის მანძილზე საქართველოში მიგრაციის დადებითი სალდო მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა (შეგახსენებთ, რომ 2020 წელს დაიწყო კორონავირუსის პანდემია, რის გამოც ბევრი ემიგრანტი დაბრუნდა საქართველოში, აგრეთვე, შეიზღუდა, გაუქმდა  ფრენები და სხვადასხვა ქვეყანაში შესვლა აიკრძალა, შესაბამისად, დადებითი მიგრაციული სალდო დიდწილად ამის შედეგია – რედ.).

მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით კრიტიკის მიუხედავად ოპოზიციაში არ ფლობენ კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რამდენი მოქალაქე მიდის საქართველოდან და რამდენი ბრუნდება. ოპოზიციის ნაწილი მიგრანტების საკითხს ახლა უკვე საგანგაშოდ აღარ მიიჩნევს.

მმართველ გუნდში ოპონენტების კრიტიკას უსაფუძვლოს, დაუსაბუთებელს უწოდებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დღეს ოპონენტები მიგრაციის თემით სპეკულირებაში დაადანაშაულეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების შესვლის  გამარტივებამ დროებითი შრომითი მიგრაცია წაახალისა, თუმცა არსებული სტატისტიკა კლების ტენდენციით ხასიათდება.

2021 წლის მონაცემებით, საქართველოდან 26 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. 2022 წლის მონაცემებს საქსტატი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close