მსოფლიოსაზოგადოება

თურქეთში 20 თებერვალს კიდევ 2 მიწისძვრა მოხდა, არის ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

თურქეთის სამხრეთით, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მდებარე ჰათაის პროვინციაში 20 თებერვალს ორი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ თურქეთის საგანგებო სიტუაციების შედეგების აღმოფხვრის სამმართველო (AFAD) იტყობინება.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, 213 დაშავებული კი საავადმყოფოში მოათავსეს. მისი თქმით, სამი შენობის ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

პირველი, 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:04 საათზე მოხდა, მეორე, 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა  – 20:07 საათზე.

ეპიცენტრები, შესაბამისად, დეფნესა და სამანდაგის რაიონებში იყო.

პირველი მიწისძვრის კერის სიღრმე 16,7 კმ-ით შეფასდა, მეორის – 7 კმ-ით.

მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ პროვინციებში, აგრეთვე, სირიაში, ლიბანში, იორდანიაში, ერაყში, პალესტინასა და ისრაელში.

სირიაში მიწისძვრების ბიძგები იგრძნეს იდლიბის, ალეპოს, აფრინის, ჰამის, ააზაზის, ჯერაბლუსის, ელ ბაბის და თელ აბიადის მცხოვრებლებმა. შეშინებული ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, ზოგიერთი შენობა ჩამოინგრა.

ლიბანში მიწისძვრა იგრძნობოდა მთელ ქვეყანაში, მათ შორის, დედაქალაქ ბეირუთში. პანიკაში ჩავარდნილი ხალხი ქუჩაში გამოეფინა.

AFAD-მა მოქალაქეები გააფრთხილა, სანაპირო ზოლზე არ გასულიყვნენ ზღვის დონის 50 სანტიმეტრით აწევის საფრთხის გამო.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ მოსახლეობას მოუწოდა, დაზიანებულ შენობებს არ მიუახლოვდნენ.

მისი თქმით,  6,4 მაგნიტუდის მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი დეფნეს რეგიონში იყო, დაახლოებით 20 ბიძგი მოჰყვა.

ამასთან, AFAD-მა მოგვიანებით გააუქმა ზღვის დონის აწევის შესახებ გაფრთხილება, რომელიც ჰათაის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 კვირის წინ, 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა თურქეთსა და სირიაში 46.1 ათასს გადააჭარბა, მათგან თურქეთში, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 41 020 ადამიანი, სირიაში – 5800-ზე მეტი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close