საბერძნეთი: სასტიკი ჩხუბი უცხოელ და ბერძენ პატიმრებს შორის ციხეში – ორი პატიმარი კრიტიკულ მდგომარეობაშია
სასტიკი ჩხუბი მოხდა გუშინ, 19 იანვარს საღამოს (18:00 საათის შემდეგ) დომოკოსის ციხის A1 ფრთაში ბერძენ და პაკისტანელ პატიმრებს შორის. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს lamiareport.gr-ზე დაყრდნობით.
ჩხუბში ადამიანთა დიდი ჯგუფი ჩაერია, გამოჩნდა ხელნაკეთი დანები, რის შედეგადაც მძიმედ დაიჭრა ორი პატიმარი – 47 წლის ბერძენი და 32 წლის ირანელი, რომელიც ბერძნების ჯგუფში იყო.
დაშავებულები დაცვის თანხლებით, ΕΚΑΒ-ის სასწრაფო დახმარების მანქანით ლარისის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
ლამიის საავადმყოფოში კი მოთავსებულია კიდევ ერთი პატიმარი – 40 წლის ბერძენი, რომელსაც მჭრელი საგნით აქვს მიყენებული დაზიანებები.
LamiaReport-ის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პაკისტანელთა სწორედ ამ ჯგუფმა ცოტა ხნის წინათ ძალადობრივი და სისხლიანი ინციდენტები მოაწყო, ამის გამო ისინი A1 ფრთიდან მოაშორეს. გაურკვეველია და ეჭვს ბადებს, რატომ და როგორ დაბრუნდა პაკისტანელ მსჯავრდადებულთა ჯგუფი ციხის ამ ნაწილში.
ნინო ხოშტარია
კომენტარები