ვიდეოსპორტი

მამარდაშვილმა პენალტი მოიგერია – საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ ითამაშა (ვიდეო)

ერთა ლიგის მორიგ, მე-4 შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულმა გუნდმა საქართველოს ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი ბელფასტის „უინძორ პარკზე“ გაიმართა და ფრედ დასრულდა – 0:0

საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ სასტარტო შემადგენლობა შეცვალა და მოედანზე პირველივე წუთიდან გამოვიდნენ საბა საზონოვი, ზურიკო დავითაშვილი, გიზი მამაგეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და ბუდუ ზივზივაძე.

მასპინძლებმა მატჩი ძალიან აქტიურად დაიწყეს და პირველმა ტაიმმა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების უპირატესობით ჩაიარა. ქართველების ყველაზე მწვავე შეტევა ზურიკო დავითაშვილის სახიფათო დარტყმით დასრულდა, თუმცა სტუმართა მეკარემ ბურთი მოიგერია. ჩრდილოეთ ირლანდიელებიც მწვავედ უტევდნენ, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი კარს საიმედოდ იცავდა და რამდენიმე სახიფათო მომენტი გაანეიტრალა.

შესვენების შემდეგ „ჯვაროსნები“ აშკარად გააქტიურდნენ და მომენტებიც შექმნეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს. საქართველოს ნაკრები ორჯერ აშკარა გოლს გადაურჩა. 83-ე წუთზე კი გიორგი მამარდაშვილმა ისააკ პრაისის მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია.

4 ტურის შემდეგ ერთა ლიგის B2 ჯგუფში 8 ქულით კვლავ ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს, მეორე ადგილზეა უნგრეთი 7 ქულით, რომელმაც უკრაინა დაამარცხა გასვლით შეხვედრაში – 2:1. მესამე პოზიციაზეა უკრაინა 4 ქულით, საქართველოს ნაკრები კი 2 წაგებისა და ორი ფრის შემდეგ, 2 ქულით ბოლო ადგილზეა. საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვს. დარჩენილ ორ მატჩში – უკრაინასთან (გასვლაზე) და უნგრეთთან (შინ) – გამარჯვების შემთხვევაში გუნდი 8 ქულას დააგროვებს, თუმცა მეორე ადგილის დასაკავებლად კონკურენტებმა დარჩენილ შეხვედრებში საკმარისი ქულები ვერ უნდა დააგროვონ.

ნუცა ყაველაშვილი

ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები:

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close