კრიმინალისაქართველო

საგარეჯოში სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხუთი დაიჭრა – დაღუპული ახალგაზდების ვინაობა ცნობილია

თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ სპეცრაზმის მისვლის შემდეგ თავი მოიკლა

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საგარეჯოში სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი, დაჭრილია კიდევ ხუთი ადამიანი. დაღუპული ოთხი მოქალაქიდან 4-ვე ახალგაზრდა მამაკაცია.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

„გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი ხუთი ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთი გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საგარეჯოში ჩავიდა.

მინისტრმა საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შესახებ მოგვიანებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, დაღუპულია ხუთი ადამიანი, დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა კი მძიმეა.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა. ვუსამძიმრებ ოჯახებს. ხუთი ადამიანია გარდაცვლილი. სამწუხაროდ, ერთია ჩვენი თანამშრომელი. ხუთია დაჭრილი, ერთ-ერთი არის მძიმე, რომელსაც ოპერაცია უტარდება და ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან, რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს დაზიანებული და ვერ გვეუბნებიან ზუსტად, გადარჩება თუ ვერა. ღმერთმა ქნას, გადარჩეს“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, ვერავინ ხსნის, რა მოხდა.

„მოქალაქემ სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა. სახლში იმყოფებოდა მისი შვილი, სრულწლოვანი ბიჭი. სროლა დაიწყო აივნის ერთი მხრიდან, მერე მეორე მხრიდან. ამ ბავშვმა დატოვა შემდეგ სახლი, გამოვიდა. მერე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, მეორე მხრიდან გახსნა ცეცხლი და დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი. საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა. ეს ვიცით ჯერჯერობით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაურის ინფორმაციით, თავდასხმაში ბრალდებული პირი 2021 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

„ოპერატიულად რაც დაგვიდასტურეს, 2006 წლიდან მუშაობდა, 2021 წელს არის წამოსული. პირველადი ინფორმაციაა და დაზუსტებით ვერ გეტყვით. როგორც უკვე გვითხრეს, რომ 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური და წამოვიდა. ავღანეთშიც ნამყოფია, მისიაშიც, როგორც დაგვიდასტურეს და არავინ იცის, ჯერჯერობით ზუსტად“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, სპეცდანიშნულების რაზმს ბრალდებული გარდაცვლილი დახვდა.

გამნაღმველებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს და ტერიტორია უსაფრთხოა.

მინისტრის განცხადებით, მომხდარის შესახებ ვერაფერს ამბობს თავდამსხმელის შვილი.

„შვილი ვერაფერს გვეუბნება. რომ გამოვედი გვამები იყო, გამოვიქეცი მეო, ვერაფერს გვეუბნება“, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.

ტრაგიკული შემთხვევა კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პირველი ინფორმაცია სწორედ კლინიკის თანამშრომელმა გაავრცელა.

დაჭრილები საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს.

კლინიკის მთავარი ექიმის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებული პირების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ერთი დაშავებული, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

„ხუთი ავადმყოფის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილურად მძიმე. ერთ-ერთი შემოყვანილი შედარებით მძიმეა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერაციული მკურნალობა. სამ პაციენტს ჩაუტარდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება და ამ ეტაპზე სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან, ხოლო ერთს გაეწია შესაბამისი დახმარება და კატასტროფის ბრიგადის მიერ გადაყვანილია თბილისში. მას აღენიშნებოდა თვალის ზედაპირული ტრავმა. დაჭრილებს, ძირითადად, აღენიშნებათ ცეცხლსასროლით მიყენებული მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, მუცლის ღრუში შემავალი და ქვედა კიდურის ნაკვეთი ჭრილობები. ამ ეტაპისთვის ოთხი აგრძელებს მკურნალობას. ორის ოპერაციული მკურნალობა დასრულდა, ორი პაციენტის ოპერაციული მკურნალობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს“, – განაცხადა ექიმმა მამუკა ოთიაშვილმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის მიერ მოკლულია კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილი.

მედიის ინფორმაციით, ადგილობრივები ამბობენ, რომ ოთარ ღვინაშვილი მოქალაქეს გადაეფარა და მისი სიცოცხლე საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა.

ცნობილია სროლისას დაღუპული 4 ახალგაზრდის ვინაობა, ესენი არიან: დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი და ნოდარ რჩეულიშვილი.

თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ, 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close