მიგრაციაქართველები უცხოეთში

2022 წლის საგრანტო პროგრამების კონკურსში გამარჯვებული ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა (ვიდეო)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2022 წლის საგრანტო პროგრამების კონკურსში გამარჯვებული დიასპორელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას სამინისტრო თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა კონკურსში გამარჯვებულ დიასპორელებს მადლობა გადაუხადა საგრანტო პროგრამების კონკურსზე წარმოდგენილი საინტერესო იდეებისა და ინიციატივებისთვის და აღნიშნა, რომ დიასპორის მხარდასაჭერად გამიზნული საგრანტო პროგრამები სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ქართულ დიასპორაში.

მისივე თქმით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომოების, საკვირაო სკოლებისა და ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წელს სამინისტრომ სამი მნიშვნელოვანი საგრანტო პროგრამა განახორციელა: „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ და საგრანტო პროგრამა – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

საგარეო საქმეთა მინისტრის განაცხადებით, კორონავირუსის პანდემიისა და პოსტკრიზისულ პერიოდში, საგრანტო პროგრამების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ემიგრანტთა წინაშე პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრა, ხოლო შემდგომ ეტაპზე აქცენტი საგრანტო პროგრამების მიზნების საქართველოს ევროპული მომავლის ჭრილში ქართული დიასპორის როლის ახლებურად გააზრებაზე გადავიდა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს 2022 წლის საგრანტო პროგრამებში ჩართულ ყველა თანამემამულეს დაინტერესებისა და მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც შეინარჩუნებს მჭიდრო კავშირს დიასპორასთან და, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტების განხორციელების გზით, ხელს შეუწყობს მის აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის საგრანტო პროექტის „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ემიგრანტებმა 76 პროექტი წარადგინეს (23 ქვეყნიდან), რომელთაგან, კომისიის გადაწყვეტილებით, 17 გამარჯვებული გამოვლინდა (12 ქვეყნიდან). ნომინაციაში „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ – წარმოდგენილ იქნა 26 განაცხადი (14 ქვეყნიდან). კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 10 გამარჯვებული (9 ქვეყნიდან). რაც შეეხება საგრანტო პროექტს „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“,   პროგრამის ფარგლებში შემოსული 52 განაცხადიდან, სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, 16 გამარჯვებული გამოვლინდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close