ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

„დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, არასოდეს მივატოვებდი ჩემს ქვეყანას… გავუძლებდი ყველა გასაჭირს…“ – თინა ხარიტონაშვილი

„მინდა ბოლომდე მივიტანო ასაკში ზურგზე მოკიდებული მძიმე ჯვარი“

„აქ სამხრეთია, იტალიის ზღვისპირეთი, მზე უხვად აფრქვევს თბილ სხივებს, მაგრამ მე მაინც მცივა… ჰო, მცივა, მცივა იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი მზე, ეს სხვისი მზეა, სხვისი ცა და სხვისი მიწაა. ჩემი მზე ჩემს სამშობლოში, საქართველოშია, რომელიც 8 წლის წინ დავტოვე…“ – ეს  მცირე ამონარიდია ჩანახატიდან, რომელიც ემიგრანტ ქალბატონს, თინა ხარიტონაშვილს ეკუთვნის. ჩანახატებთან ერთად იგი ლექსებშიც აქსოვს თავის გულისთქმას და, როგორც ამბობს, „ცდილობს, ამით გადაირჩინოს თავი“.

თინა ხარიტონაშვილი პროფესიით პედაგოგია, წლების განმავლობაში მასწავლებლად და თან ინსპექტორ-მეთოდისტად მუშაობდა მშობლიურ რაიონში, გურჯაანში, მაგრამ პრობლემების გამო ვერც იგი ასცდა ემიგრაციის რთულ გზას. ქალბატონი თინა უკვე 8 წელია იტალიაში, ქ. სალერნოში იმყოფება, სადაც ბავშვებზე ზრუნვა მოხუცებზე ზრუნვით შეცვალა: ისინი ხომ „დიდი“ ბავშვები არიანო, ამბობს. საქართველოში აქტიურად იყო ჩართული არაერთ საზოგადოებრივ საქმიანობაში და ახლაც საქართველოს ქალთა საბჭოს წევრია იტალია-სალერნოს წარმომადგენლობაში… მაგრამ „დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, არასოდეს მივატოვებდი ჩემს ქვეყანას, ჩემს უსაყვარლეს, მონატრებულ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს… გავუძლებდი ყველა გასაჭირს…“ – გულწრფელად ამბობს ინტერვიუში. სხვათა შორის, ამას ემიგრანტებიდან ძალიან ცოტა აღიარებს, თუმცა სინამდვილეში ბევრს ეეჭვება, რომ ემიგრანტობა „ღირდა იმად“, რაც გამოვიდა. უპირველესად საკუთარ თავს აჯერებენ, რომ ღირდა. ქალბატონ თინას კი ამ სიმართლისთვის თვალის გასწორების არ ეშინია და ინტერვიუში სხვა საკითხებზეც გულახდილად გვესაუბრება.

ქალბატონო  თინა, სოციალურ ქსელში თქვენი ლექსები და  ჩანახატები აღმოვაჩინე წერა ემიგრაციაში ხომ  არ დაიწყეთ, რითაც, შეიძლება ითქვას, რომ  მშობლიური ქვეყნის, ახლობლების, მეგობრების  მონატრების  სურვილს  იკლავთ?

საქართველოშიც ვწერდი, მაგრამ აქ, ემიგრაციაში, უფრო აქტიურად ვწერ… ისე გამიმძაფრდა ნოსტალგია ჩემი სამშობლოს, ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების მიმართ, რომ ყველა ეს განცდა ქაღალდზე გადმომაქვს. ვცდილობ, ამით გადავირჩინო თავი.

მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორ დამკვიდრდით უცხოეთში, რა გზა გაიარეთ, ამჟამად სად ხართ და დღეს რას ფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, როცა მშობლიური ქვეყანა დატოვეთ?

კახეთში დავიბადე, გურჯაანის ერთ ლამაზ, ისტორიულ სოფელ ვეჯინში, რეპრესირებულ, ინტერნაციონალურ ოჯახში. მამა სამამულო ომის მონაწილე იყო, ტყვედ ჩავარდა ქერჩთან ბრძოლისას და შემდეგ ამას მოჰყვა 8 წლით გადასახლება ციმბირში. დედა ბელარუსი იყო… არცთუ ისე სახარბიელო ბავშვობა მქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სკოლა წარჩინებით დავამთავრე და სწავლა პედაგოგიურ ინსტიტუტში გავაგრძელე- ფრიადოსნის სტიპენდიით ვინახავდი ქალაქში თავს…

ინსტიტუტის წარმატებით დამთავრების შემდეგ ინსპექტორ-მეთოდისტად დავიწყე მუშაობა ჩემივე რაიონის განათლების განყოფილებაში, სადაც 22 წელი დავყავი. პარალელურად,  რუსული ენის მასწავლებლად ვმუშაობდი რაიონის რამდენიმე სკოლაში; აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში. სიკეთის კეთება, გაჭირვებულთა დახმარება, დაუცველის დაცვა და, საერთოდ, ქველმოქმედება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სულ მაგონდება ქართული ხალხური ანდაზა – „წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო“, ჰოდა, მეც ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ, ვინმეს გასავლელ ხიდად ვიქცე შეძლებისდაგვარად. ამას არასოდეს ვაკეთებ პომპეზურობისთვის, უბრალოდ, მსიამოვნებს ასეთი სიცოცხლე:

„მიყვარს სიცოცხლე, მონავარდე უკიდეგანოდ,

სიცოცხლე, რომელიც სიყვარულს ატარებს,

სიცოცხლე, რომელიც უკვალოდ არ ქრება,

დაჰქრის და გზადაგზა ნაკვალევს ტოვებს“…

2014 წლის სექტემბერში ოჯახური მდგომარეობის გამო მივატოვე ყველა და ყველაფერი და დავადექი ემიგრაციის დიდ გზას, რომელმაც იტალიის სამხრეთით, ზღვისპირა ლამაზ ქალაქ სალერნოში მომიყვანა. დღემდე აქ ვცხოვრობ.

ემიგრაცია ჩემთვის სულ სხვა განზომილებაში მოხვედრა იყო. ურთულესი იყო თავის დამკვიდრება „უენო“ (ენის არმცოდნე – რედ.), უსაბუთო, სულ სხვა ტრადიციების მატარებელი ადამიანისთვის, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და მეც შევძელი:

„არა, არ მინდა დარდმა მაჯობოს,

გულში დაიდოს ბინა ხანგრძლივად,

არ მინდა ბოღმამ სული დაიპყროს,

რადგან იმედი კვლავაცა ფეთქავს“.

გულწრფელად გეტყვით: დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, არასოდეს მივატოვებდი ჩემს ქვეყანას, ჩემს უსაყვარლეს, მონატრებულ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს… გავუძლებდი ყველა გასაჭირს…

ახლა გამოსავალი ალათ ერთია – სამშობლოში დაბრუნება…

არ ვიცი – როდის, მაგრამ მინდა მალე დავბრუნდე. 8 წელია მონატრების სენი მკლავს, 8 წელია არ გავმთბარვარ ჩემი მზით, ეს მზე არ არის ჩემი, ეს სხვისი მზეა, ჩემი მზე საქართველოშია… და როდესაც ამოვწურავ ჩემს პრობლემებს, რომელიც საკუთარ თავზე ავიღე, ალბათ ეს დროც დადგება… თან ასაკიც აღმართზე წამომეწია, მაგრამ ნათქვამია: ,,ბებრისა რქანიც ეწევიანო“ და მეც ვეწევი იმ მძიმე ტვირთს, რომელსაც ემიგრანტობა ჰქვია.

თქვენი პროფესია თუ გეხმარებათ რაიმეში ამ მძიმე  გზაზე?

როგორც გითხარით, პროფესიით პედაგოგი ვარ. სკოლა ჩემთვის მეორე ოჯახი იყო. ბოლო 14 წელი ქ. გურჯაანის N2 საჯარო სკოლაში ვმუშაობდი. ბავშვების გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნდა სიცოცხლე, ისინი ჩემთვის სულის განუყოფელი ნაწილები იყვნენ. მიყვარდნენ უზომოდ და მათგანაც იმავეს ვიღებდი…

ახლა კი ბავშვებზე ზრუნვა მოხუცებზე ზრუნვით შევცვალე, ისინი ხომ „დიდი“ ბავშვები არიან. ასე რომ, ჩემი პროფესიული გამოცდილება ნამდვილად დადებითად აისახა ჩემს დღევანდელ სამსახურზე.

მშობლიური ქვეყნიდან  შორს მყოფი ყველაზე მეტად რაზე დარდობთ და მარტოდ დაჩენილი ყველაზე ხშირად რა შეკითხვას  უსვამთ საკუთარ თავს?

ყველაზე ხშირად ვდარდობ და ვფიქრობ ჩემს ოჯახზე, ჩემს სამშობლოზე, რომელიც ჩემნაირად მილიონზე მეტმა ქართველმა მიატოვა და ასე მგონია, ღვთის ანაბარა დარჩა.

ვფიქრობ და მენატრება ჩემი 8 წლის უნახავი შვილი, რძალი, რომელიც საკუთარი ქალიშვილივით მიყვარს, ჩემი ერთადერთი შვილიშვილი, 12 წლის გიორგი მანიჟაშვილი, რომელიც ჩემ გარეშე იზრდება…

აქედან გამომდინარე, ჩემს თავს ვუსვამ კითხვას: ღირდა ის მცირედი მატერიალური ღირებულება დიდი სულიერი ღირებულების დაკარგვის ფასად?

და როგორ ფიქრობთ, ღირდა?

პასუხი ყოველთვის მზად მაქვს: არ ღირდა…

გამომდინარე თქვენი პასუხიდან, საინტერესოა, რას შეადარებდით თქვენს დღევანდელ ყოფას?

ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას შევადარებდი შემოდგომით განმარტოებით მდგარ ფოთოლჩამოცვენილ ხეს, რომელსაც ფესვები ღრმად აქვს გადგმული და არ ეშინია, იმედი აქვს, რომ მალე გაზაფხული მოვა და მისი ტოტები კვლავ შეიმოსება მწვანე ფოთლებით.

მეც ვფიქრობ, როგორც ოპტიმისტი ადამიანი, რომელიც არასოდეს ნებდება ცხოვრებას, დროს ეჯიბრება, რომ მოასწროს ყველაფერი და იმედი მაქვს, რომ ჩემთვისაც მოვა გაზაფხული და მწვანედ თუ არა, თეთრ-ყვითელი ფერებით მაინც შეიმოსება ჩემი სულიერი სამყარო.

როგორც ვიცი, საქართველოს ქალთა საბჭოს წევრი ბრძანდებით იტალია-სალერნოს წარმომადგენლობაში…

დიახ, ვცდილობ აქტიურად ვიყო ჩართული ამ ორგანიზაციის (ხელმძღვანელი – ქეთევან გაბრუაშვილი) საქმიანობაში.

საქართველო როგორ ჩანს შორიდან და რა არის ყველაზე დიდი პრობლემა ამჟამად ემიგრანტის პოზიციიდან, რაზეც მუდმივად გიწევთ ყურადღების გამახვილება? რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა?

ჩემი გადმოსახედიდან დღევანდელი საქართველო შვილებისგან მიტოვებულ მშობელს წააგავს, რომელიც თვალცრემლიანი გასცქერის შვილების გზას და იმედს არ კარგავს, რომ დაბრუნდებიან მისი შვილები, კვლავაც ახმაურდება  ქართული კერია.

ამჟამად  ემიგრანტების ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მოუმზადებლები ხვდებიან იმ მძიმე  „ჯვარს“, რასაც ემიგრანტობა ჰქვია. მათ უნდა იცოდნენ და სულიერად, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მომზადებულები ჩავიდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში, იმ ქვეყნის ადათ-წესებს უნდა მოერგონ. უნდა იცოდნენ, რომ უცხო ქვეყანაში დამკვიდრება არის ძნელი, მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ბრძოლის უნარს…

პირადი გამოცდილებიდან იტალიელებზე რას გვეტყვით, ძირითადი განსხვავება რა არის ჩვენს ორ კულტურას,  ჩვენს ხალხებს  შორის და რა – საერთო?

იტალია ჩვენთან შედარებით ძალიან დიდი ქვეყანაა. რანგირებულია, როგორც მსოფლიოს 24-ე ყველაზე განვითარებული ქვეყანა და ცხოვრების ხარისხის ინდექსით შედის მსოფლიო ქვეყნების ათეულში. აქვს დიდი კულტურული მემკვიდრეობა და, სხვათა შორის, ლამაზი მდებარეობითა და კლიმატით ძალიან ჰგავს საქართველოს. იტალიელები ხასიათითაც ჩამოჰგვანან ქართველებს და  ამიტომაც არის, რომ „ოჯახში შეყვანისას“ უპირატესობას ქართველებს ანიჭებენ. მოსწონთ ქართველებთან ურთიერთობა. ქრისტიანები ვართ ორივე, თუმცა იტალიელები კათოლიკეები არიან, მაგრამ მაინც ბევრი საერთო გვაქვს: ტრადიციულად, მშობლებისა და შვილების დამოკიდებულება, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, ზოგადად, ოჯახის ინსტიტუტის მსგავსებები…

ჩვენგან განსხვავებით დიდ პატივს სცემენ ჯანსაღ კვებას, უფრთხილდებიან ჯანმრთელობას. ერიდებიან ღრეობებს, ალკოჰოლურ სასმელებს. ცდილობენ, არ დაარღვიონ უფლებები ერთმანეთისადმი დამოკიდებულებებში. იცავენ კანონს.

ადგილობრივებმა თუ იციან საქართველოს შესახებ? რა მოსწონთ ქართველების, ქართული კულტურის?

ზოგადად ცნობენ საქართველოს, ქართულ კულტურას, სპორტს. მოსწონთ საქართველოს სილამაზე, ქართველების ხასიათი, ბევრი რამ ქართული სამზარეულოდან.

რას ვერ მიიღებთ და გაითავისებთ ვერასდროს, თუნდაც მუდმივად დარჩეთ საცხოვრებლად იმ ქვეყანაში, სადაც ამჟამად ხართ?

ვერასოდეს მივიღებ და ვერ გავითავისებ განსხვავებულ რელიგიას და ვერასოდეს, 100 წელიც რომ ვიცხოვრო, ვერ ვაღიარებ სხვა ქვეყანას ჩემს სამშობლოდ. სამშობლო მე ერთი მაქვს და მას   ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ჰქვია.

ჩემს სამშობლოში, საქართველოში დავტოვე ჩემი პირადი ცხოვრება: 8 წელია არ მინახავს ჩემი ოჯახი. მეუღლე – გიორგი მანიჟაშვილი პროფესიით ინჟინერია, მაგრამ ამჟამად უმუშევარი. გვყავს ერთადერთი შვილი – დიმა, პროფესიით ისიც ინჟინერია, რძალი – ნინო ფირაშვილი კი ფარმაცევტია. მყავს ერთადერთი შვილიშვილი, მეექვსე კლასის მოსწავლე გიორგი მანიჟაშვილი, რომელიც წარმატებით სწავლობს თბილისის 53-ე სკოლაში. ის ჩემთვის ყველაფერია, მე კი

„ერთი ქართველი ემიგრანტი ვარ,

გადმოხვეწილი უცხო მიწაზე,

კედელს გამოცლილ ქვასა წააგავს

ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანაზე“…

მონატრებული ოჯახი

მივყვები ამ ცხოვრებას, მინდა ბოლომდე მივიტანო ასაკში ზურგზე მოკიდებული მძიმე ჯვარი და ერთი ფიქრი მიტრიალებს თავში: უფალო, მომეცი ძალა, ბოლომდე მივიტანო ეს ჯვარი, ნუ მიმატოვებ შუა გზაზე… მერე კი, დამაბრუნე ჩემს ქვეყანაში.

აქვე გეტყვით, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრების მიზანია გავაკეთო პროექტი და შევქმნა „სათნოების სახლი“, გაჭირვებულ, მზრუნველობამოკლებულ მოხუცებს სიბერეში ვაჩუქო „ბედნიერება“… თუ ამას შევძლებ, ჩავთვლი, რომ ჩემი მისია ამ ქვეყანაზე შევასრულე…

ემიგრაციაში დაწერილი ლექსებისა და ჩანახატების წიგნად გამოცემასაც ხომ არ აპირებთ?

კი, მინდა რომ გამოვცე, მაგრამ  მოუცლელობის გამო ჯერჯერობით თავი ვერ მოვუყარე ყველაფერს ერთად.

რას ეტყოდით ქართველებს, თქვენს ახლობლებს, მეგობრებს?

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მინახავს საქართველოზე მდიდარი  და ღარიბი ქვეყნებიც, მაგრამ სიამაყით ვიტყოდი, რომ ქართველების ნაირი ერი, თავისი კულტურით, ტრადიციებით, სითბოთი, სიყვარულის გამოხატვით, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებით და სხვა თვისებებით არსად არაა. ამიტომ ყველა ქართველს ვეტყოდი: ჩვენნაირი ლამაზი ქვეყანა არ არსებობს სამყაროში. გავუფრთხილდეთ ჩვენს უსაყვარლეს საქართველოს, გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩავეხუტოთ, ხელი ჩავჭიდოთ მაგრად ერთმანეთს და არასოდეს მივატოვოთ ჩვენი, ღვთისმშობლის წილხვედრი, მადლიანი ქვეყანა, რომლის მსგავსს ვერასოდეს ვერსად ვიპოვით.

„საქართველო, მე დაგინთებ სანთელს,

როგორც ღმერთთან მოღაღადე ხატებს,

მუხლმოდრეკით შევავედრებ უფალს

ძლიერებას და მხნეობას შენსას“…

მაია რამიშვილთან ერთად

როგორ დაასრულებდით ფრაზას: ჩემთვის ემიგრანტობა…

…არის დაკარგული დრო, რომელსაც ვერასოდეს დავიბრუნებ.

ჩემთვის ემიგრანტი იმ მოხეტიალე მარტოხელა მგზავრს წააგავს, რომელიც ნოსტალგიითა და მწუხარებით სავსე ცხოვრებას ეწევა და არ იცის, სად და როდის დასცილდება მისი სული სხეულს და ფიქრობს: ეღირსება კი მიყრა მშობლიური მიწის?

ნებისმიერ ემიგრანტს, რაც არ უნდა კარგად გრძნობდეს თავს უცხო ქვეყანაში, საყვარელი ადამიანების წლობით უნახაობა ყოველთვის გულს უკლავს და დარდს მატებს, რაც ჯანმრთელობაზე აისახება… მაგრამ მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ, იმედს არ ვკარგავ:

,,ჩემო ქართველო ემიგრანტებო,  მე თქვენ მოგმართავთ იმედით სავსე,

ჩვენ ხომ გენში გვაქვს მებრძოლი სული  და თანაც გვფარავს უფალი ღმერთი,

უნდა მოვიგოთ ეს მძიმე ომი,  ბრძოლის ველიდან უვნებელი დავბრუნდეთ უნდა

და კვლავ დავჭექოთ საქართველოში ტრადიციული მრავალჟამიერი…“

დაბოლოს, თქვენი სურვილი…

ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი ბრძოლა საკუთარ თავთან ბრძოლაა და ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვება. გვეცხოვროს ისე, რომ არასოდეს გვეღალატოს საკუთარი თავისთვის და ჩვენი ძირძველი სამშობლოსთვის, რამეთუ უცხო მიწაზე ჩვენ ვართ სახე უფლისგან ნაბოძები პატარა, მაგრამ ულამაზესი და დიდი გულის საქართველოსი. პირნათელნი, ამაყნი და თავაწეულნი დავბრუნებულიყავით ყველანი იქ, სადაც ჩვენი წინაპრების ძვლები და საფლავები, ჩვენი ცრემლებამდე მონატრებული ოჯახები, ახლობლები და მეგობრები გველოდებიან.

„ღმერთს ჩვენთვის მოუცია გული, გონება და სინდისი“ – ეს წმინდა ბერი გაბრიელის სიტყვებია. ჰოდა, გონებას მოვუსმინოთ, გულს დავეკითხოთ, სინდისის ძარღვი არ გავიწყვიტოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

„მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ, იმედს არ ვკარგავ…“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close