სისხლიანი გარჩევა ექიმებს შორის – შსს-მ 80 წლის ექიმის დაკავების კადრები გაავრცელა (ვიდეო)
5 აგვისტოს კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა ექიმი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაზარალებული დაწესებულების ხელმძღვანელი, დერმატოლოგ-ვენეროლოგი გიორგი გალდავაა.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელმა, 1942 წელს დაბადებულმა, 80 წლის ექიმმა თეიმურაზ ბეჟანიძემ კოლეგას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა მხრისა და მუცლის არეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მისსავე კაბინეტში.
უცნობია მიზეზი, რამ გამოიწვია დაპირისპირება და რატომ ესროლა გიორგი გალდავას მხცოვანმა თანამშრომელმა.
კლინიკის დირექტორს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ნიკოლიშვილმა განაცხადა, ოპერაციის შემდეგ პაციენტი რეანიმაციაში გადაიყვანეს.
მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. მას დაზიანება მხრის ძვალზე და მუცლის არეში აქვს. ექიმის ცნობით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტი კონტაქტური იყო.
„დაზიანებულია მარჯვენა მხრის ძვალი. ასევე, კიდევ ერთი შემავალი ჭრილობა იყო, არის ღვიძლის შემხები დაზიანება. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული ჩარევები. განხორციელდა, ასევე, ტრავმატოლოგის მიერ ქირურგიული ჩარევა. ამოღებულია ლითონის უცხო სხეული. ოპერაცია სრულყოფილად ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური“, – განაცხადა ექიმმა დაჭრილის მდგომარეობის კომენტირებისას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 6 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ექიმის დაკავების შესახებ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1942 წელს დაბადებული თ. ბ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი – 1972 წელს დაბადებული გ. გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, – აღნიშნავენ უწყებაში.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ნიკოლიშვილმა დღეს მედიას უთხრა, რომ დაჭრილი გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და, სავარაუდოდ, მას დღეს რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანენ.
შსს-მ 6 აგვისტოს ექიმის დაკავების კადრებიც გაავრცელა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები