fbpx
კრიმინალისაქართველო

სისხლიანი გარჩევა ექიმებს შორის – შსს-მ 80 წლის ექიმის დაკავების კადრები გაავრცელა (ვიდეო)

5 აგვისტოს კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა ექიმი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაზარალებული დაწესებულების ხელმძღვანელი, დერმატოლოგ-ვენეროლოგი გიორგი გალდავაა.

როგორც ცნობილია, თავდამსხმელმა, 1942 წელს დაბადებულმა, 80 წლის ექიმმა თეიმურაზ ბეჟანიძემ კოლეგას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა მხრისა და მუცლის არეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მისსავე კაბინეტში.

უცნობია მიზეზი, რამ გამოიწვია დაპირისპირება და რატომ ესროლა გიორგი გალდავას მხცოვანმა თანამშრომელმა.

კლინიკის დირექტორს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ნიკოლიშვილმა განაცხადა, ოპერაციის შემდეგ პაციენტი რეანიმაციაში გადაიყვანეს.

მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. მას დაზიანება მხრის ძვალზე და მუცლის არეში აქვს. ექიმის ცნობით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტი კონტაქტური იყო.

„და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია მარ­ჯვე­ნა მხრის ძვა­ლი. ასე­ვე, კი­დევ ერთი შემავალი ჭრი­ლო­ბა იყო, არის ღვიძლის შემხები დაზიანება. პაციენტს ჩაუტარდა შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩარევები. განხორციელდა, ასევე, ტრავმატოლოგის მიერ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. ამო­ღე­ბუ­ლია ლი­თო­ნის უცხო სხე­უ­ლი. ოპე­რა­ცია სრულ­ყო­ფი­ლად ჩა­ტარ­და. ამ­ჟა­მად პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რი“, – გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა დაჭ­რი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 6 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ექიმის დაკავების შესახებ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1942 წელს დაბადებული თ. ბ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი – 1972 წელს დაბადებული გ. გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, – აღნიშნავენ უწყებაში.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ნიკოლიშვილმა დღეს მედიას უთხრა, რომ დაჭრილი გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და, სავარაუდოდ, მას დღეს რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანენ.

შსს-მ 6 აგვისტოს ექიმის დაკავების კადრებიც გაავრცელა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close