ქართველი მსახიობი თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს (ვიდეო)
ცნობილი თურქული სერიალის მესამე სეზონში „სხვისი შვილი“ (Emanet) მთავარ პერსონაჟს ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი განასახიერებს. ნანა პარტნიორობას გაუწევს პოპულარულ თურქ მსახიობს ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანს.
სერიალი წლებია სხვადასხვა ქვეყანაში დიდი რეიტინგით სარგებლობს. საქართველოში ის ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადის.
ნანა სტამბოლიშვილზე არც ისე ბევრი ინფორმაცია მოიპოვება.
32 წლის მსახიობი მოდელი და მოცეკვავეცაა, ასევე, აქვს საკუთარი ტანსაცმლის ხაზი – „ნანა ქართველი“.
ნანას ჰყავს მეუღლე – ლაშა მგელაძე და ერთი შვილი. წყვილი ბათუმში ცხოვრობს. ცნობილია, რომ მათ ერთმანეთი კაბადოკიაში გაიცნეს 15 წლის წინათ.
ახალი თურქული სერიალის პირველ თიზერი თავად ნანამ Facebook-ზე გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლებს მხრადაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„უკვე ოფიციალურად შემიძლია დაგიდასტუროთ ეს ინფორმაცია… უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ვინც მგულშემატკივრობთ… თქვენი გვერდით დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია… პირველ რიგში, ჩემი ქართველები მაძლევთ სტიმულს და ძალას… ვეცდები, ღირსეულად გავართვა თავი და წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და ქართველები ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება. უამრავი წერილი შემომდის… გაზიარებაზე მონიშვნა, კომენტარი… დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ ყველას წაკითხვას და პასუხის გაცემას… მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები მიყვებიან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე გაგახარეთ. უფალი ჩვენკენ“, – წერს მსახიობი.
სერიალის სიუჟეტი ასე ვითარდება: პატარა ბიჭუნა, რომელიც დედ-მამას დაკარგავს, დაპირისპირების მიზეზი ხდება. ბიჭის ბიძა ცდილობს ძმისშვილი თავად აღზარდოს, მაგრამ ამის საშუალებას ბავშვის დეიდა არ აძლევს. საბოლოოდ წყვილს ერთმანეთი შეუყვარდება, მაგრამ წინ უამრავი დაბრკოლება შეხვდება.
პოპულარული სერილის მესამე სეზონში ნანა ცნობილ თურქ მსახიობს სილა თურქოღლუს ჩაანაცვლებს, რომელმაც მოულოდნელად დატოვა სერიალი.
ჰალილსა და სილას საუკეთესო წყვილად მიიჩნევდნენ, ისინი შეყვარებულებადაც გამოაცხადეს და წერდნენ, რომ დაქორწინებას აპირებდნენ, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
ახლა ნანა სტამბოლიშვილს მოუწევს მაყურებლის გულის მოგება.
მოამზადა მანანა ბანძელაძემ
კომენტარები