საქართველოში 16 მლრდ კუბური მეტრი გაზის საბადოს არსებობა დადასტურდა
საქართველოში 16 მლრდ კუბური მეტრი მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა. ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა განაცხადა.
ბუნებრივი აირის არსებობა კომპანია „შლუმბერჟეს“ (Schlumberger) მიერ თბილისის მახლობლად გაბურღულ ჭაბურღილში დადასტურდა. მსოფლიო ლიდერი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია „შლუმბერჟე“ საქართველოში ბუნებრივი გაზის ძიების სამუშაოებს 2018 წლიდან აწარმოებს.
ამჟამად ლიცენზიის ოპერატორია ბრიტანული კომპანია „ბლოკ ენერჯი“, რომელიც, ტატიშვილის თქმით, გაზის მოპოვებას მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დამდეგს დაიწყებს. გაზის მოსაპოვებლად ახალ ჭაბურღილში ჰორიზონტალური ბურღვების ჩატარებაა საჭირო.
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის, გიორგი ტატიშვილის განცხადებით, სალიცენზიო ბლოკის სრულად ათვისების პირობებში ქვეყანა ბუნებრივ აირზე 8 წლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას შეძლებს.
„ბლოკ ენერჯი“ ჩვენი ერთ-ერთი პერსპექტიული პროექტია, „შლუმბერჟეს“ გაბურღულ ჭაში, იმ მიმდებარე არეალში 16 მილიარდი კუბური მეტრის მარაგია დადასტურებული. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, ეს საქართველოს 8 წლის მოხმარების ტოლია მთლიანად.
„ბლოკ ენერჯი“ უბრუნდება ამ პროექტს უკვე დადასტურებული გეგმით, სავარაუდოდ, ეს დაიწყება ამ წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში. აქ ჩასატარებელია ჰორიზონტალური ბურღვები, რათა უფრო მეტი ქანი მოიცვას და უფრო მეტი კომერციული გაზი მოიპოვოს. ამის პარალელურად, „ბლოკ ენერჯი” ძველ ჭაბურღილებშიც აკეთებს ჰორიზონტალურ ბურღვებს, რამაც გაზის ამოღების 80%-ით ზრდა გამოიწვია. „ბლოკ ენერჯის“ აქვს 30 მილიონი კუბური მეტრის ამოღება, რაც არის, მაგალითად, თელავის ან საგარეჯოს მოხმარების ტოლი. მას შემდეგ, რაც ამ ჭაბურღილს აითვისებს, ეს ციფრები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იქნება,” – განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები