რამდენიმე სისხლიანი წვეულების შემდეგ Airbnb ღონისძიებებისათვის სახლების გაქირავებას სამუდამოდ კრძალავს
Airbnb-მ წვეულებებისა და ღონისძიებების მოწყობის მიზნით, სახლების გაქირავება სამუდამოდ აკრძალა. შეზღუდვა პირველად პანდემიის დროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მოტივით ამოქმედდა.
Airbnb-ის განცხადებით, 2020 წლის აგვისტოში ამოქმედებულმა ამ წესმა უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა, ვიდრე მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობაა.
„წვეულებებისა და ღონისძიებების მოწყობის მიზნით სახლების გაქირავების აკრძალვა მასპინძლებისა და მათი მეზობლების უსაფრთხოებით არის განპირობებული. ახალი და გრძელვადიანი პოლიტიკა ამოქმედდა საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის განცხადებითვე, მას შემდეგ, რაც შეზღუდვა ძალაში შევიდა, წვეულებებთან დაკავშირებული საჩივრების რიცხვი 44%-ით შემცირდა.
Airbnb-მა მომავალში შესაძლოა, გამონაკლისი დაუშვას „განსაკუთრებული და ტრადიციული სტუმარმასპინძლობის ღონისძიებებისთვის “.
პანდემიის გავრცელების გამო, ამჟამად სახლებში 16 ადამიანზე მეტის განთავსება აკრძალულია. პლატფორმა ამ ლიმიტის გაუქმებასაც გეგმავს.
„შესაძლებელია დიდ სახლებში, კომფორტულად და უსაფრთხოდ 16-ზე მეტი ადამიანიც მოთავსდეს. ვიმედოვნებთ, რომ ამ ზღვარის გაუქმების შემდეგ ბინის მეპატრონეები პასუხისმგებლობით გამოიყენებენ თავიანთ სახლებში არსებული სივრცეს და დაიცვენ აკრძალვას წვეულებების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია განმარტავს, რომ ასეთ ობიექტებს შორისაა ევროპაში არსებული ციხესიმაგრეები და კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარე დიდი ვილები.
გასულ წელს Airbnb-მ წესების დარღვევის გამო პლატფორმაზე წვდომა 6600-ზე მეტ სტუმარს შეუჩერა.
წყარო: formula.ge
ამავე თემაზე: ჰელოუინის სისხლიანი წვეულების შემდეგ AIRBNB წვეულების მოსაწყობად სახლების გაქირავებას წყვეტს.
კომენტარები