მოგზაურობა

ზაფხულში ევროპაში 10 000-ზე მეტი რეისი გაუქმდება – რა არის მიზეზი?

ევროპაში 10 ათასზე მეტი ავიარეისი შესაძლოა გაუქმდეს. ამის შესახებ „ავიანიუსი“ წერს. მიზეზი აეროპორტების და ავიაკომპანიების თანამშრომელთა გაფიცვებია.

„…სხვადასხვა აეროპორტის თუ ავიაკომპანიის თანამშრომელთა გაფიცვებმა ევროპაში ქაოსი უფრო გააძლიერა. ზაფხულის განმავლობაში მოსალოდნელია მეტი ფრენის გაუქმებაც.

ტურისტებს საზაფხულო შვებულებების დროს შესაძლო შეფერხებებზე უკვე აფრთხილებენ, რადგან ძირითადი ავიაკომპანიების მიერ ფრენების გაუქმება ფრენების განრიგს არღვევს და ცვლის მგზავრების დღის წესრიგს. Ryanair-ის, easyJet-ის, British Airways-ის და სხვა ეკიპაჟები გაფიცულები არიან. ამან შესაძლოა ზაფხულში 10000-ზე მეტი ფრენის გაუქმება გამოიწვიოს“, – იუწყება „ავიანიუსი“.

ამავე წყაროს ინფორმაციით, Ryanair-ის თანამშრომლები ბელგიაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში 25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაფიცულები არიან.

ესპანეთშიც გაფიცვებია, საფრანგეთში 25 და 26 ივნისს ორდღიანი გაფიცვა გაიმართა. გაფიცვა იყო იტალიაშიც. დიდ ბრიტანეთში Ryanair-ის ეკიპაჟი არ გაიფიცა, მაგრამ მათი თქმით, ქვეყანაში ფრენების შეფერხება 30 000 მგზავრს შეეხება.

გაფიცვაში მონაწილეობენ სხვა ავიაკომპანიების პილოტები და ბორტგამცილებლებიც.

იტალიაში Malta Air-ის და CrewLink-ის ბორტგამცილებლებმა 25 ივნისს ასევე შეაჩერეს მუშაობა. ნორვეგიის, შვედეთისა და დანიის პილოტები, რომლებიც სკანდინავიურ ავიაკომპანია SAS-ში მუშაობენ, ოთხშაბათს, 29 ივნისს გაიფიცნენ.

ავიაკომპანიების თანამშრომლები დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ამასთან, „ავიანიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ივლისიდან საავიაციო საწვავის ფასის შემცირებაა მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ სწორედ საწვავის ფასი შეადგენს სამგზავრო ბილეთის ფასის უდიდეს წილს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close