fbpx
მედიცინასაზოგადოებასაქართველო

„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 – რამდენად საშიშია?

ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა - 1058 ინფიცირებული გამოვლინდა

„ომიკრონის“ შტამის ქვეტიპი BA.5 შესაძლოა მალე კოროვირუსული ინფექციის შემთხვევების ახალი ტალღის მიზეზი გახდეს. რამდენად საშიშია შექმნილი სიტუაცია? ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა. 

კორონავირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ „ომიკრონის“ ქვეტიპი BA.5 შეიძლება, სულ ცოტა, შეშფოთების მიზეზად იქცეს. გერმანიის რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის თანახმად, BA.5 და „ომიკრონის“ სხვა ქვეტიპები სწრაფად გავრცელებას გააგრძელებენ, რადგან ისინი უფრო ადვილად გადაეცემა, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი. ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა უკვე მიმდინარე ზაფხულს დაიწყება.

„ამ ეტაპზე  BA.4 და BA.5 ქვეტიპებით ინფიცირების ყველაზე სწრაფი ზრდა ფიქსირდება“, – განაცხადეს რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა 9 ივნისს. ისინი ასკვნიან, რომ „ომიკრონის“ ეს ორი ახალი ქვეტიპი მალე შეიძლება დაავადებულთა უმრავლესობაზე იყოს პასუხისმგებელი. ახალი ინფექციების 10% უკვე BA.5-ით არის გამოწვეული, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ივნისის დასაწყისში დაფიქსირებული ანალოგიური მაჩვენებელი.

BA.5 პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა

მაისის დასაწყისში, BA.5 ქვეტიპმა შეშფოთება გამოიწვია სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ ეს ტალღა, წინასთან შედარებით, უფრო მცირე იყო და ახლა უკვე კლებაც დაიწყო, თუმცა პორტუგალიაში დაფიქსირებული ახალი კორონავირუსული ინფექციების 80%-ზე მეტი BA.5-ის ქვეტიპით არის გამოწვეული. სპეციალისტების განმარტებით, აქამდე უცნობი ეს ქვევარიანტი უფრო გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედები. მანეიტრალიზებელი ანტისხეულები მას ვერ აფიქსირებენ და, შესაბამისად, ის უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა დაავადების მიმდინარეობა უფრო მსუბუქია, ვიდრე, მაგალითად, „დელტას“ შემთხვევაში.

იცავს თუ არა ბუსტერდოზა „ომიკრონის“ ამ ქვეტიპისგან?

კორონავირუსის ვაქცინის დაცვითი ფუნქცია დროთა განმავლობაში სუსტდება, რადგან ორგანიზმში ანტისხეულების დონე იკლებს. იგივე ეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს. „ომიკრონის“ ახალი  ქვეტიპისგან ოპტიმალური დაცვა ზემოხსენებულ არცერთ კატეგორიას არ აქვს და შესაძლოა ეს ადამიანები ხელახლა დაინფიცირდნენ. BA.5 უკვე გავრცელდა რამდენიმე ქვეყანაში – მაგალითად, პორტუგალიაში, სადაც ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ძალიან მოკლე დროში მკვეთრად გაიზარდა.

ამის მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა. ექსპერტების აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ მილიონობით ადამიანი უკვე აცრილია და ისინი გარკვეული რაოდენობის ანტისხეულებს ინარჩუნებენ, თუნდაც დაცვის ხარისხი სტაბილურად მაღალი არ იყოს. სპეციალისტების შეფასებით, ზოგადი იმუნიტეტი ახლა უფრო მაღალია, ვიდრე პანდემიის დასაწყისში. რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს რისკჯგუფებს, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებს, კიდევ ერთი ბუსტერდოზა გაიკეთონ, რათა ანტისხეულების დონე განაახლონ.

შემუშავებული ვაქცინები ფოკუსირებულია სპაიკცილის იმ ვარიანტზე, რომელიც აქტიური იყო პანდემიის დასაწყისში, თუმცა მას შემდეგ ვირუსი შეიცვალა: აცრის შემდეგ ნაკლები ანტისხეული წარმოიქმნება და მათი გვერდის ავლა ვირუსისთვის უფრო ადვილი გახდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი ვარიანტები, მათ შორის BA.5, ნაკლებად საშიშია. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეტიპს ზედა სასუნთქ გზებზე ძალიან სწრაფი და ძლიერი ზემოქმედების უნარი აქვს, სამაგიეროდ, ფილტვის უჯრედები უფრო იშვიათად ზიანდება და, შესაბამისად, ნაკლები ადამიანი იღუპება. ახალი კორონავირუსის პირვანდელი ვერსიები ფილტვებს გაცილებით ძლიერად აზიანებდა, რაც მეტ ლეტალურ შედეგს იწვევდა.

„ომიკრონით“ ინფიცირების გრძელვადიანი შედეგები უცნობია

„ომიკრონით“ ინფიცირებასა და პირველი სიმპტომების გამოვლენას შორის შუალედი (დაახლოებით სამი დღე) უფრო ხანმოკლეა, ვიდრე „დელტა“ შტამის შემთხვევაში. „ომიკრონისგან“ ამჟამინდელი ვაქცინების მიერ დაცვა ოპტიმალური არ არის, მაგრამ დაავადების მძიმე მიმდინარეობა თავიდან იქნება აცილებული. ამისთვის კი, სავარაუდოდ, საბაზო იმუნიზაცია საკმარისია. ბუსტერდოზა მეტი რაოდენობის ანტისხეულების ხელახლა გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც ზოგად იმუნიტეტს აძლიერებს.

მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონის“ სხვადასხვა ქვეტიპით ინფიცირების შემთხვევაში, „დელტასთან“ შედარებით, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, იშვიათად შეიძლება მძიმე სიმპტომებიც გამოვლინდეს. რაც მთავარია, ჯერჯერობით უცნობია, „ომიკრონით“ ან მისი ქვეტიპებით ინფიცირებამ რა სახის გრძელვადიან შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

imedinews.ge

p. s. ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ისევ გაიზარდა. მათ შორის არის ისრაელიც, სადაც კორონავირუსის ეპიდემიის მეშვიდე ტალღის დაწყებას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა  ნახმან აშმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. გასული კვირის ბოლოს ისრაელში 7000-ზე მეტი ახალი დღიური შემთხვევა აღირიცხა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში აპრილის შუა რიცხვების შემდეგ არ ყოფილა.

მისივე ინფორმაციით, გაზრდილია გართულებების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც. ამჟამად ისრაელში კორონავირუსის ვარიანტი „ომიკრონ BA.5“ დომინირებს. შემთხვევების რაოდენობის ზრდის მიუხედავად მთავრობა კოვიდშეზღუდვების აღდგენას ჯერჯერობით არ აპირებს.

რაც შეეხება საქართველოს: კოვიდინფიცირებულთა რიცხვი საქართველოშიც იმატებს. როგორც ცნობილია, უკვე რამდენიმე თვეა, კორონავირუსის სტატისტიკა ყოველკვირეულად, სამშაბათობით ქვეყნდება. გასულ სამშაბათს, 28 ივნისს გამოქვეყნებული კოვიდსტატისტიკა მოწმობს, რომ ბოლო ერთ კვირაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია (გასული ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1058 შემთხვევა აღირიცხა), გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელიც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში  COVID19-ის ბოლო შტამის, „ომიკრონის“ BA.2 ქვევარიანტი დომინირებს, თუმცა ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დადასტურებული შემთხვევების ნახევარი „ომიკრონის“ ახალი ქვევარიანტით, BA.5-ით არის გამოწვეული. მისივე თქმით, ეს ქვევარიანტი უკვე კარგა ხანია, ცირკულირებს და, დიდი ალბათობით, შემთხვევების ზრდაც მის გავრცელებას უკავშირდება.  სოციალურ ქსელშიც ბევრი წერს, რომ აქამდე გადაურჩა კოვიდს და ახლა დაინფიცირდა.

ზრდის ტენდენციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძეც, თუმცა ამბობს, რომ მძიმე შემთხვევები ნაკლებადაა.

საქართველოში პანდემია, პრაქტიკულად, დასრულებულად არის გამოცხადებული და გაუქმებულია ყველა კოვიდშეზღუდვა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულების ჩათვლით, რომელიც 20 ივნისიდან მოიხსნა.

სპეციალისტები ისევ რეკომენდაციას უწევენ აცრას, რომელიც კოვიდისგან დაცვის ყველაზე ქმედით საშუალებად რჩება, თუმცა საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელიც მკვეთრადაა შემცირებული – კვირის განმავლობაში 2000-მდე აცრა კეთდება.

რა იქნება მომავალში და ისევ მოგვიწევს თუ არა გარკვეული შეზღუდვების დაბრუნება, ჯერჯერობით უცნობია… ალბათ შეზღუდვების დაბრუნება მოსალოდნელიც არ არის, თუ მძიმე შემთხვევების რაოდენობა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად არ გაიზარდა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close