დღეს ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში გამოვა ჯგუფი CIRCUS MIRCUS
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი დღეს, 12 მაისს გაიმართება იტალიის ქალაქ ტურინში, „პლაზა ოლიმპიკოს“ სცენაზე.
ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Circus Mircus-ი მეხუთე ნომრად წარდგება სიმღერით Lock Me In. მეორე ნახევარფინალის პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს პირველი არხის ეთერში 23:00 საათიდან დაიწყება.
სიმღერა ინგლისურენოვანია და მასზე თავად ჯგუფმა იმუშავა. ევროვიზიის წლევანდელი პროექტი ორიგინალური კონცეფციითაა შექმნილი და ჯგუფის წევრების ვინაობა უცნობია. მათი ფსევდონიმებია: დამოკლეს სტავრიადისი, ჰავორც გევორქიანი, იგორ ფორლიხტენშტეინი და იაგო ვიეტნამი.
შეგახსენებთ, რომ პირველი ნახევარფინალი 10 მაისს გაიმართა და 10 ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა: შვეიცარია, სომხეთი, ისლანდია, ლიეტუვა, პორტუგალია, ნორვეგია, საბერძნეთი, უკრაინა, მოლდოვა და ნიდერლანდები.
იტალიამ „ევროვიზია 2022-ის“ მასპინძლობის უფლება ჯგუფ „მანესკინის“ (Måneskin) წყალობით მიიღო, რომელმაც შარშან ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გამართულ კონკურსზე გაიმარჯვა სიმღერით Zitti e Buoni.
კომენტარები