ტესტები

ტესტი: სწორად აირჩიეთ თუ არა ცხოვრების თანამგზავრი?

იმის გასარკვევად, როგორია თქვენი ურთიერთობა და სწორად აირჩიეთ თუ არა ცხოვრების თანამგზავრი, ქვემოთ მოცემულ 8 კითხვას უპასუხეთ. წინასწარ მოიმარჯვეთ ფურცელი და კალამი და პასუხები („ა“, „ბ“. „გ“ ან „დ“) ჩაიწერეთ.

1. როცა თქვენს ქმარს სხვა მამაკაცებს ადარებთ, ფიქრობთ:

ა) რომ ის ყველაზე მომხიბვლელი და ჭკვიანია;

ბ) სხვაზე ნაკლები არაფრით არის;

გ) ხან გგონიათ, რომ ის საუკეთესოა, ხან კი – საშინელება;

დ) ბევრად ნაკლებია სხვებთან შედარებით.

2. ვინ არის თქვენს ოჯახში ლიდერი?

ა) რა თქმა უნდა, ის!

ბ) ვხელმძღვანელობთ პრინციპით: მამაკაცი თავია, ქალი კი – კისერი;

გ) ხან ის არის მთავარი, ხან მე, საკითხს გააჩნია;

დ) რა თქმა უნდა, მე.

3. ერთობლივი შვებულების დროს ვინ წყვეტს, როგორ და სად ჯობს გამგზავრება?

ა) მე ვთავაზობ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ჩემი მეუღლე იღებს;

ბ) ერთად ვწყვეტთ ყველაფერს;

გ) ბევრს ვკამათობთ და იშვიათად მივდივართ კომპრომისზე;

დ) მე ვწყვეტ, ის კი ჩემს გადაწყვეტილებას ემორჩილება.

4. როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

ა) უფრო ხშირად დაქალებთან ერთად, ჩემი მეუღლე ძალიან დატვირთულია;

ბ) ვცდილობთ, ყოველი თავისუფალი წუთი ერთად გავატაროთ;

გ) ხანდახან ერთად ვატარებთ, მაგრამ უმეტესად ერთმანეთისგან დასვენება გვირჩევნია;

დ) თუ სხვა პერსპექტივა არ მესახება, ქმართან ერთად მივდივარ გასართობად.

5. წარმოიდგინეთ სიტუაცია: სანამ თქვენს ქმარს გაიცნობდით, სხვას ხვდებოდით. ახლა შემთხვევით ყოფილი შეყვარებული გადაგეყარათ. აღწერეთ თქვენი ემოცია:

ა) ვგიჟდები ჩემს ქმარზე და სხვა არავინ მაინტერესებს!

ბ) მასთან დღემდე ძალიან მეგობრული და თბილი ურთიერთობა მაქვს;

გ) ჩემს გრძნობებში ვერ გავრკვეულვარ: თითქოს აღარაფერში მჭირდება, არადა გული მწყდება, რომ დავშორდით;

დ) გული ისე ამიჩქარდა, როგორც მაშინ, პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს.

6. გიყვებათ თქვენი მეუღლე თავის ყოფილ ქალებზე?

ა) დიახ და მე ეს არ მსიამოვნებს;

ბ) არა. რა მნიშვნელობა აქვს, რა გვქონდა წარსულში?!

გ) ხანდახან ერთად ვიხსენებთ ჩვენს ყოფილ შეყვარებულებს;

დ) ერთი გაბედოს!

7. რა პრეტენზია აქვს ყველაზე ხშირად თქვენ მიმართ მეუღლეს?

ა) რომ ძალიან უსუსური ვარ;

ბ) პრეტენზიები არ მახსენდება, ძირითადად მაქებს;

გ) რომ ძალიან პრეტენზიული ვარ;

დ) რომ უხეში ადამიანი ვარ.

8. ფიქრობთ, რომ თქვენი ქორწინება შეცდომაა და უმჯობესია, თუ დაშორდებით?

ა) არასოდეს!

ბ) არა;

გ) ხანდახან ასეთი ფიქრიც გამიელვებს ხოლმე;

დ) ამაზე ხშირად ვფიქრობ.

ახლა კი შეაფასეთ შედეგები:

თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს „ა“:

თქვენ არა მარტო ერთგული ცოლი ხართ, არამედ მეუღლის გულმხურვალე თაყვანისმცემელიც. უსიტყვოდ ემორჩილებით მის ყველა გადაწყვეტილებას და ყველაფერში ენდობით მას. მაგრამ იმიტომ ხომ არ აირჩიეთ ის, რომ გირჩევნიათ ვინმეს ჩრდილქვეშ იყოთ, ვიდრე თავად ბრწყინავდეთ?

აზრი, რომ შესაძლოა თქვენი მეუღლე სულაც არ შეგეფერებათ, არასოდეს მოგდით თავში. შესაძლოა გეშინიათ, მოვლენები რეალურად შეაფასოთ. რა გაეწყობა, ეს თქვენი არჩევანია. თუმცა თქვენი გადაწყვეტილება სწორი იმ შემთხვევაში იქნება, თუ მეუღლე სათანადოდ დააფასებს, რასაც მისთვის აკეთებთ.

თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს „ბ“:

თქვენი კავშირი ჰარმონიულია, რადგან ორივე თანაბარი უფლებებით სარგებლობთ ოჯახში. როგორც ჩანს, თქვენთვის მთავარია, გვერდში გყავდეთ თანამოაზრე, რომ პრობლემები ოჯახში სწრაფად, უკონფლიქტოდ და ხარისხიანად გვარდებოდეს, ამიტომაც აირჩიეთ ეს მამაკაცი.

ერთი მხრივ, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ კრიზისებისა და კონფლიქტების გარეშე ოჯახში ურთიერთობა გაყინულია და არ ვითარდება. ამიტომ კამათის ნუ გეშინიათ. იმის გამო, რომ ერთხელ არ დაეთანხმეთ, ქმარი არ მიგიტოვებიათ. პირიქით, თავადაც თამამად დაიცავს საკუთარ აზრს, რაც დაგეხმარებათ, კომპრომისზე წასვლის მაგივრად, უფრო ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე მიხვიდეთ და ურთიერთობაც გაამრავალფეროვნოთ.

თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს „გ“:

ბოლომდე ვერ გარკვეულხართ საკუთარ ურთიერთობებში. ალბათ უფრო სარწმუნო იქნება ვიფიქროთ, რომ ეძებდით და იპოვეთ მამაკაცი, რომელიც თქვენზე უფროსი (ყველანაირი გაგებით) და დამოუკიდებელი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც არ ხართ მზად, მთლიანად დაემორჩილოთ მას და ეს ხდება ოჯახში გაუთავებელი უსიამოვნებების მიზეზი. თითოეული თქვენგანი თავისკენ ექაჩება საბანს და დათმობას არც აპირებს. რატომ არ ცდილობთ ერთმანეთთან დაახლოებას, როცა ასე ბევრი გაქვთ საერთო?! ბევრ პრობლემას მოაგვარებთ, თუ დათმობას ისწავლით. დასაწყისისთვის იხელმძღვანელეთ პრინციპით: „მე – შენ, შენ – მე“.

თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს „დ“:

ცოლი კი არა, ნამდვილი „ბოსი“ ხართ და ქმრის ყველა ინიციატივას ჩანასახშივე ახშობთ. შესაძლოა სწორედ ეს გაკავშირებთ მასთან. მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით წუწუნებთ მეგობრებთან, რომ ქმარი კი არა, ჩვარი გყავთ, ქვეცნობიერად ყოველთვის გინდოდათ, გვერდში თქვენზე სუსტი მამაკაცი გყოლოდათ.

ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია იცოდეთ, რომ კაცი, რომელიც ყველაფერში გეთანხმებათ – საჩუქარია თქვენნაირი ადამიანისთვის. თქვენზე ძლიერ მამაკაცთან, უბრალოდ, ვერ იცხოვრებდით.

და თანაც, იქნებ მეუღლე იმიტომ კი არ ასრულებს თქვენს ყველა კაპრიზს, რომ სუსტია, არამედ იმიტომ, რომ ძალიან უყვარხართ. ეს კი საკმარისზე მეტი მიზეზია იმისთვის, რომ უფრო ალერსიანი და თბილი გახდეთ მის მიმართ.

თამთა გურული

ასევე, დაგაინტერესებთ: რაზე მეტყველებს თქვენი სიყვარულის ხაზი?

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close