მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიnews

ჰამბურგის ცენტრში მგელმა ქალს სახეზე უკბინა – პოლიციამ „დამნაშავე“ შეიპყრო

ორშაბათს, 30 მარტს, საღამოს, ჰამბურგის ცენტრში გერმანიის პოლიციამ მგელი შეიპყრო მას შემდეგ, რაც მან ქალს უკბინა. ეს 1998 წლის შემდეგ მგლის ადამიანზე თავდასხმის პირველი შემთხვევაა გერმანიაში. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

პოლიციის ცნობით, მგელმა ქალს ალტონის რაიონში, გროსე ბერგშტრასეს სავაჭრო ქუჩაზე, Ikea-ს მაღაზიის სიახლოვეს უკბინა. როგორც ჩანს, ქალი ცდილობდა გზააბნეული ცხოველი სავაჭრო ცენტრიდან გაეყვანა მას შემდეგ, რაც მგელი არაერთხელ შეეჯახა მინის ვიტრინას. ამ მცდელობის დროს მგელმა მას სახეზე უკბინა.

ექიმებმა ქალს პირველადი დახმარება გაუწიეს, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საჭირო გახდა ჭრილობაზე ნაკერის დადება. დაზარალებულმა ქალმა საავადმყოფო უკვე დატოვა.

„მგელი ძალიან შეშინებული იყო“

ინციდენტს მუსიკოს-შემსრულებელი ლიონელ ფონ ლოურენს-ოელენი შეესწრო, რომელიც სავაჭრო ცენტრში თავის ორი წლის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა. „დავინახე ქალი, რომელიც დაეცა. შემდეგ სისხლი დავინახე და გავიფიქრე: „ეს დიდი ძაღლია. მოიცადეთ, საყელო არ აქვს: ეს მგელია“, – უთხრა მან NDR-ს. – საცოდავი ცხოველი ძალიან შეშინებული იყო, შემდეგ ვიტრინას მივარდა და, როგორც იქნა, მოახერხა გარეთ გასვლა“.

ხელისუფლების ცნობით, ეს გერმანიაში ადამიანზე მგლის თავდასხმის პირველი შემთხვევაა 1998 წლის შემდეგ. გერმანიის ველური ბუნების ფონდის სპეციალისტმა, მგლების ექსპერტმა კლაუს გაკლანდერმა აღნიშნა, რომ დასახლებულ პუნქტებში და ქალაქებშიც კი მგლების შესვლის ალბათობა გაიზარდა ამჟამად ველურ ბუნებაში ამ ცხოველების დიდი რაოდენობის გამო.

ქალის დაკბენის ინციდენტის შემდეგ მგელი სანკტ-პაულიზე, ფელდშტრასეზე და საგამოფენო დარბაზებთან ახლოს შენიშნეს. პოლიციამ ის საბოლოოდ მდინარე ალსტერის ტბაში ცურვისას იპოვა. სამართალდამცველებმა მგელი წყლიდან მარყუჟით ამოიყვანეს.

ყოფილი რესტორნის, Alex-ის სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე ცხოველი წინააღმდეგობას განაგრძობდა და ფარებით შეიარაღებული პოლიციელები მას ერთ საათზე მეტხანს აკავებდნენ.

შემდეგ მგელი ალტონის რაიონული ოფისის სანადირო დეპარტამენტის უფროსმა გადაიბარა ვეტერინართან ერთად. მათი თქმით, ცხოველი ჯანმრთელია, მაგრამ გაღიზიანებული იყო და დამშვიდება სჭირდებოდა. ექსპერტებმა მგელი იმავე საღამოს სპეციალური მანქანით კლოვენშტაინის ველური ბუნების კომპლექსში გადაიყვანეს.

იგეგმება მისი ველურ ბუნებაში გაშვება, თუმცა ზუსტი დრო და ადგილი ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 8 მაისს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა მგლის „მკაცრად დაცული“ სტატუსიდან „დაცულზე“ ჩამოქვეითებას, რაც გაამარტივებს მათ მოკვლას იმ ადგილებში, სადაც მგლის პოპულაციები პრობლემური გახდა.

ეს გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის პირადი ინიციატივა იყო, რომლის შინაური პონი, დოლი, 2022 წელს მგელმა მოკლა. ინიციატივას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის მონადირეთა და ფერმერთა ასოციაციებმა შინაური პირუტყვის დაცვის აუცილებლობის არგუმენტით.

ნანა ძნელაძე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close