დღის თემასაზოგადოებასაქართველო

დიდმარხვის დაწყების წინ ილია მეორის მიმართვა ვრცელდება – რას გვირჩევს პატრიარქი

დიდმარხვის დაწყების წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვა გავრცელდა, რომელშიც პატრიარქი მართლმადიდებელ თანამემამულეებს მოგვიწოდებს, დავივიწყოთ ურთიერთწყენა, შევურიგდეთ მოშუღართ, ნუ ვუპასუხებთ ავისმთქმელთ, გავაძლიეროთ ლოცვა…

„დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა… ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი – გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და, ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი დროის მონაკვეთი, რომელსაც ვნების შვიდეულიც ემატება.

ამ მარხვის დაცვა აუცილებელია ყველასთვის, ვინც თავს მართლმორწმუნედ მიიჩნევს (არ ვგულისხმობ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონეთ), რათა, ძალისამებრ ჩვენისა, ღირსეულად შევხვდეთ მაცხოვრის აღდგომის დიდებულ დღეს.

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, მუდმივად თქვით იესოს და ღვთისმშობლის ლოცვა („მოწყალებისა კარი განგვიღე“), ასევე, 50-ე ფსალმუნი; ყოველკვირეულად აღსარებითა და ზიარებით განმტკიცდით და სიყვარულით, სიმშვიდითა და სიკეთით შეიმოსეთ.

ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი, შეგინდოთ შეცოდებანი თქვენნი და მოგცეთ ძალა, ღვთის ერთგულ ძეებად და ასულებად იწოდებოდეთ. ჩემო სულიერო შვილებო, გთხოვთ, შემინდოთ მეც შეცოდებანნი ჩემი და უძლურება. მუდამ თქვენთვის მლოცველი ილია მეორე“, – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

***

იესოს ლოცვა: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“.

დიდმარხვაში იესოს ლოცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერი სიფხიზლისა და თავმდაბლობისთვის. ის ეხმარება მორწმუნეს გონების გაფანტულობის დაძლევაში, გულის განწმენდასა და ღმერთთან უწყვეტ კავშირში. იესოს ლოცვის გამუდმებული გამეორება, წმ. ეფრემ ასურის ლოცვასთან ერთად, მარხვის პერიოდის სულიერი ცხოვრების საფუძველია.

ღვთისმშობლის ლოცვა: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ“

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close