მსოფლიოამინდისაზოგადოება

ზამთრის შტორმი აშშ-ში: სულ ცოტა, 15 გარდაცვლილი, მილიონი ადამიანი დენის გარეშე და საგანგებო მდგომარეობა 24 შტატში

სასტიკი სიცივე ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება; „ფრთხილად იყავით და არ გაიყინოთ“, - მიმართავს მოსახლეობას ტრამპი

აშშ-ში მასშტაბური ზამთრის შტორმი მძვინვარებს, რომელმაც უკვე, სულ ცოტა, 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო პიკის პერიოდში მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. მსხვერპლთაგან ზოგი ჰიპოთერმიით გარდაიცვალა, ზოგი კი – თოვლის ხვეტისას. შტორმთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა სხვადასხვა შტატში, მათ შორის, ტეხასში, ტენესიში, ლუიზიანაში, კანზასში, პენსილვანიასა და სამხრეთ კაროლინაში. ყინულიანმა ქარიშხლებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია სამხრეთის შტატებში – განსაკუთრებით ტეხასში, ლუიზიანაში, მისისიპისა და ტენესიში.

აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (NWS) ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაიკეტა სკოლები და გზები, გაუქმდა ათასობით ავიარეისი; ძლიერმა თოვამ ფართო ტერიტორია მოიცვა – მდინარე ოჰაიოს ხეობიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებამდე.

საიტ Poweroutage.us-ის მონაცემებით, რომელიც აშშ-ში ელექტროენერგიის გათიშვებს აკვირდება, კვირას, დღის მეორე ნახევრისთვის ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენილი იყო 800 ათასზე მეტი ოჯახი. პარალელურად, FlightAware-ის ცნობით, გაუქმდა 11 ათასზე მეტი ავიარეისი.

სინოპტიკოსების შეფასებით, შტორმი შესაძლოა დაახლოებით 200 მილიონ ამერიკელს შეეხოს, რაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტია. სატრანსპორტო უწყებებმა, მათ შორის, რამდენიმე დიდი ქალაქის აეროპორტის ადმინისტრაციებმა, უკვე გააფრთხილეს მოსახლეობა მოსალოდნელი კოლაფსის შესახებ.

მთელ ქვეყანაში სურსათის მაღაზიების თაროები სწრაფად ცარიელდება – ბევრ რეგიონში მცხოვრებლები ემზადებიან იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა საკუთარ სახლებში გარე სამყაროსგან მოწყვეტილები აღმოჩნდნენ.

ეროვნული მეტეოსამსახურის მეტეოროლოგმა ელისონ სანტორელიმ CBS News-ს განუცხადა, რომ „თოვლი და ყინული ძალიან ნელა დნება და უახლოეს პერიოდში არ გაქრება, რაც სერიოზულად გაართულებს აღდგენით სამუშაოებს“.

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ქეთი ჰოკულმა მოსახლეობას მოუწოდა, სახლში დარჩნენ და გზებზე გადაადგილებას მოერიდონ. „ეს უდავოდ ბოლო წლების ყველაზე ცივი ამინდია და ყველაზე ძლიერი ზამთრის შტორმი – რაღაც არქტიკული ალყის მსგავსმა მოვლენამ მოიცვა ჩვენი შტატი და მრავალი სხვა რეგიონი“, – განაცხადა მან.

კენტუკის გუბერნატორმა ენდი ბეშირმა აღნიშნა, რომ შტატში მოსალოდნელზე მეტი ყინულია და ნაკლები თოვლი, რაც ადგილობრივი პირობებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა. მეტეოროლოგები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ერთ-ერთი მთავარი საფრთხე სწორედ ყინულია: ის აზიანებს ხეებს, წყვეტს ელექტროგადამცემ ხაზებს და ავტომაგისტრალებს სასიკვდილოდ სახიფათოს ხდის.

დაზარალებულ რეგიონებში, განსაკუთრებით ტეხასის ჩრდილოეთ ნაწილში, ადგილობრივები ამბობენ, რომ ქუჩები ნამდვილ საციგაო მოედნებად იქცა. ვირჯინიასა და კენტუკიში ხელისუფლება უკვე ასზე მეტ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადასტურებს.

ძლიერმა თოვამ კანადაც მოიცვა – ასობით ავიარეისი გაუქმდა.

საგანგებო მდგომარეობა ათეულობით შტატში

აშშ-ის 50 შტატიდან 24-ში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ორშაბათს გაკვეთილები გაუქმდა, ხოლო სენატმა 26 იანვრისთვის დაგეგმილი საღამოს კენჭისყრაც გადადო. სკოლები სამშაბათსაც დაკეტილი იქნება რამდენიმე ოლქში, მათ შორის, დალასში, მემფისსა და ნეშვილში, პრინს-ჯორჯის ოლქის სკოლები კი ხუთშაბათამდე არ გაიხსნება. სხვა ოლქების სახელმწიფო სკოლებში გაკვეთილები დისტანციურად ჩატარდება.

ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას ქალაქის მერმა მურიელ ბოუზერმა თქვა, რომ კოლუმბიის ოლქში ბოლო ათწლეულის ყველაზე ძლიერი თოვაა.

ჩრდილოეთი შტატები, როგორიცაა დაკოტა და მინესოტა, ზამთრის ყინვებს მიჩვეულია, თუმცა ასეთი ექსტრემალური სიცივე უჩვეულოა ისეთი შტატებისთვის, როგორიცაა: ტეხასი, ლუიზიანა და ტენესი – აქ ტემპერატურა სეზონურ ნორმაზე 15-20 გრადუსით დაბლა დაეცა. ამ შტატებში მოსალოდნელია დაახლოებით 2,54 სანტიმეტრის (ერთი დუიმი) სისქის ყინულის ფენის წარმოქმნაც ყინულის წვიმის გამო.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვა ორშაბათ ღამემდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მოსალოდნელია ხანგრძლივი ძლიერი ყინვები, ყინულიანი წვიმა და ქარიანი ამინდი, რაც საგანგებო სამსახურების მუშაობას მნიშვნელოვნად გაართულებს.

ინფრასტრუქტურის ყველაზე მნიშვნელოვანი დაზიანება სამხრეთის ნაწილში მოხდა, სადაც ყინულმა გზები მოლიპული გახადა, ხეების ტოტები მოტეხა და ელექტროგადამცემი ხაზები დატვირთა.

ყინულის ზემოქმედების გამო შესაძლოა მომდევნო დღეებშიც დაზიანდეს ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც ჯერჯერობით გადარჩა. ნახევარმა დუიმმა (1,27 სმ) ყინულმა – რაც ამ შტორმის დროს 12 შტატში დაფიქსირდა – ელექტროგადამცემ ხაზებს შესაძლოა 500 ფუნტამდე წონა მოუმატოს.

ძლიერმა ქარმა ასევე შეიძლება ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები მსხვრევის ზღვრამდე მიიყვანოს. ორშაბათს სამხრეთ-აღმოსავლეთის ზოგიერთ ნაწილში 25 მილი/სთ (დაახლ. 40,23 კმ/სთ) სიჩქარის ქარის ნაკადენს პროგნოზირებენ.

ორშაბათს, შუადღის მონაცემებით, ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 750 000 აბონენტი იყო, მათ შორის, ტენესის შტატში – 250 000, მისისიპის შტატში – 150 000-ზე მეტი და ლუიზიანაში – 120 000-ზე მეტი.

ჩრდილოეთ მისისიპიში და ნეშვილში, აგრეთვე, ტენესიში, წაქცეული ხეებისა და დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გამო აღდგენას ხანგრძლივი დრო დასჭირდება.

ჩრდილო-აღმოსავლეთ მისისიპის ელექტროენერგიის ასოციაციის (NEMEPA) აღმასრულებელმა დირექტორმა კიტ ჰეივორდმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ „ხეებისა და მცენარეთა დაზიანების მასშტაბი კატასტროფულია“. მისივე თქმით, ეს შტორმი უარესია, ვიდრე მისისიპის 1994 წლის ისტორიული ყინულის შტორმი, როდესაც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენას 23 დღე დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შესაძლოა 1994 წელთან შედარებით შეკეთება დაჩქარდეს, იგი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ აღდგენა სწრაფად ვერ მოხდება, მით უმეტეს, რომ უსაფრთხოების მიზნით ჯგუფებმა ღამით მუშაობა დროებით შეაჩერეს.

სპეციალისტების განმარტებით, მიმდინარე შტორმის მთავარი მიზეზი ე. წ. პოლარული ქარბუქია – დასავლეთის ძლიერი ქარების რკალი, რომელიც ყოველ ზამთარს არქტიკის თავზე ყალიბდება და უკიდურესად ცივი ჰაერის მასებს აკავებს. ეს ქარები რომ სუსტდება, ცივი მასები სამხრეთისკენ ინაცვლებს და აშშ-ის მიმართულებით ვრცელდება. როდესაც ცივი ჰაერი სამხრეთის შედარებით თბილ ჰაერს ეჯახება, ზემოთ ადის და შტორმულ ფრონტებს ქმნის.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილება შესაძლოა გავლენას ახდენდეს პოლარული ქარბუქის დინამიკაზე, სტრუქტურასა და მდგრადობაზე – ოკეანეების ზედაპირის ტემპერატურის ცვლილება და არქტიკასა და შუა განედებს შორის ტემპერატურული კონტრასტის შემცირება ატმოსფერულ ცირკულაციის პირობებს ცვლის, რაც შესაძლოა ცივი ჰაერის უფრო ხშირ ან უფრო მკვეთრ „გარღვევებს“ უკავშირდებოდეს.

ამ ეტაპზე შტორმი კანადის სანაპირო რეგიონებიდან ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება, თუმცა უკან კიდევ უფრო ცივ ჰაერს ტოვებს.

„სიენენის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის 200 მილიონზე მეტი ადამიანი საფრთხის წინაშეა, რადგან არსებული მეტეოროლოგიური პირობები რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. სიცივე დაბლობზე ახალ რეკორდულ დღიურ მინიმუმს ადგენს. სამხრეთ და აღმოსავლეთ შტატებში მინიმალური ტემპერატურის ახალი რეკორდებია მოსალოდნელი, რადგან სასტიკი სიცივე, სულ ცოტა, ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

„ფრთხილად იყავით და არ გაიყინოთ“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა. მისივე თქმით, ფედერალური ხელისუფლება შტორმის გზაზე მყოფ ყველა შტატთან კავშირშია და ვითარებას აკვირდება.

ნინო ხოშტარია

ასევე, დაგაინტერესებთ: თუ ცხვირი „გაიჭედა“ – საუკეთესო საშუალება სურდოს წინააღმდეგ

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close