ჯანმრთელობარჩევები

თუ ცხვირი „გაიჭედა“ – საუკეთესო საშუალება სურდოს წინააღმდეგ

გაციება და სურდო დიდ დისკომფორტს იწვევს და სიცოცხლის ხალისს გვიკარგავს. ეს პრობლემა აქტუალურია არა მარტო ზამთარში, არამედ გარდამავალ სეზონებზე – შემოდგომაზე და გაზაფხულზეც, რადგან ამინდი ძალზე ცვალებადია. გაციება მალე გადის, მაგრამ სურდო ერთ კვირას მაინც რჩება და სუნთქვა გვიჭირს. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს, რომ მდგომარეობა გავიუმჯობესოთ და მალე დავაღწიოთ თავი ამ პრობლემას?

ცხვირის ნესტოებში მარილიანი წყლის შესხურება – საუკეთესო საშუალება სასუნთქი ორგანოების დასაცავად

ცხვირის ლორწოვან გარსს დღეში ათასობით ლიტრი ჰაერის გაფილტვრა უწევს, სანამ ეს ჰაერი ჩვენს ფილტვებში მოხვდება, ამდენად, ის გარემოსთან სასუნთქი სისტემის ურთიერთობისას უპირველესი ბარიერია ვირუსების, ბაქტერიების, ალერგენებისა და სხვა დამაბინძურებლებისათვის.

ცხვირის ლორწოვანი გარსი მუდმივ აგრესიას განიცდის და თავად შეიძლება გახდეს ლოკალური ანთებითი რეაქციის მსხვერპლი, რომელიც ძლიერ სურდოში, ცემინებასა და ლორწოს ჭარბ გამოყოფაში გამოიხატება. ეს კი სუნთქვის გაძნელებას იწვევს, რადგან ცხვირი „იჭედება“. ლორწოვანი გარსი გვიცავს, მაგრამ თავადაც უნდა იყოს დაცული. ამისათვის კი გამორეცხვა კარგ შედეგს იძლევა, რადგანაც ათავისუფლებს მას ჭარბი ლორწოს, მტვრისა და პათოგენური ბაქტერიებისგან, რომლებიც გარსის ზედაპირზეა დაგროვილი.

როგორ გამოვირეცხოთ ცხვირი?

ჩვილებში ეს პროცედურა ხელოვნური კვების ან ძუძუს წოვების წინ უნდა ჩატარდეს. ამისთვის ბავშვი ზურგზე უნდა დააწვინოთ, თავი გვერდზე დაადებინეთ (არავითარ შემთხვევაში – უკან, რადგან შესაძლოა ყელის სპაზმი განვითარდეს). ბავშვს სითხე უნდა შეუშხაპუნოთ ზემოთ მოქცეულ ნესტოში ისე, რომ მეორიდან გადმოვიდეს. რაც ნესტოებში დარჩება, ის ბავშვის ცხვირის სპეციალური გამოსამშრალებლით უნდა გამოსრუტოთ.

მოზრდილებსა და იმ ბავშვებს, რომლებსაც ცხვირის მოხოცვა შეუძლიათ, გამორეცხვა საშუალებას აძლევთ, გათავისუფლდნენ უფრო ღრმად ჩამჯდარი ლორწოსგან. ნესტოებში სითხე სააბაზანოს ნიჟარასთან შეისხურეთ. თავი გვერდზე გადახარეთ; ქვემოთ მოქცეული ნესტო უნდა დაიცოთ, ზემოთა ნესტოში კი სითხე შეისხუროთ. ის მაშინვე წამოვა მეორე ნესტოდან. შემდეგ პირიქით გააკეთეთ, მერე კი ცხვირი მოიხოცეთ. ეს პროცედურა მანამდე ჩაიტარეთ, სანამ ცხვირ-ხახისთვის განკუთვნილ რომელიმე მედიკამენტს გამოიყენებდეთ.

ცხვირის ლორწოვანი გარსი რომ დაიცვათ, სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ, დაბინძურებულ თუ ძლიერი ალერგიული რისკის მქონე გარემოს მოერიდეთ; ასევე, მოერიდეთ სიცივისა და სითბოს მკვეთრ მონაცვლეობასაც. ოთახს ზედმეტად ნუ გაათბობთ. იდეალური ტემპერატურა 19-20 გრადუსია. დღის განმავლობაში ბინა ხშირ-ხშირად გაანიავეთ, ეცადეთ, ოთახებში ჰაერი არ გამოშრეს, მით უმეტეს, თუ ელექტროგამათბობელს იყენებთ. ამასთან, რეგულარულად მიიღეთ თბილი სითხე.

ცხვირის გამოსარეცხად კარგია: მარილიანი (ე. წ. იზოტონური) ხსნარი, დამზადებული ზღვის წყლის ბაზაზე, რომელშიც მარილის პროცენტული შემცველობა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ორგანიზმის შემადგენელ სითხეში. მიკროელემენტებით მდიდარი ამგვარი ხსნარი ცხვირის ლორწოვან გარსს ანოტივებს, რეცხავს და ჩამჯდარი ლორწოს ფენას აშორებს. ასეთი ხსნარის გამოყენება საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიურადაც შეიძლება.

ჰიპერტონიული ხსნარები საჭმლის სოდის მაღალი კონცენტრაციით, რომელიც ხელს უწყობენ ცხვირის „გახსნას“. ასეთი ხსნარით გამორეცხვა კარგია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხვირი გაჭედილია.

ანტისეპტიკური და ლორწოს გამათხელებელი საშუალებების შემცველი ხსნარები გამოიყენება ინფიცირების საშიშროებისას, როდესაც მწვავე რესპირატორული დაავადების დაწყების პირველი ნიშნები გაჩნდება. მინერალური მარილებით (მაგ., სპილენძის შემცველი) მდიდარი ხსნარები კი ინფიცირების, რეციდივებისა თუ ალერგიული შემთხვევების ალბათობას ამცირებს.

კირა კარიაული

გთავაზობთ მარტივ მეთოდს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, სწრაფად „გახსნათ“ გაჭედილი ცხვირი წამლების გარეშე:

ჯერ თავი ოდნავ უკან გადასწიეთ, ცხვირზე ხელი მოიჭირეთ და სუნთქვა შეიკავეთ იმდენ ხანს, რამდენსაც შეძლებთ, შემდეგ კი, როდესაც ღრმად ჩაისუნთქავთ, თქვენი ცხვირის ღრუ გათავისუფლდება, გაჭედვა მოიხსნება.

ეს მეთოდი ისე მოქმედებს, თითქოს თქვენი ტვინი, რომელიც იღებს ინფორმაციას, რომ ჟანგბადი არ გყოფნით, გადარჩენის რეჟიმზე ირთვება და ცხვირის ღრუ თავისუფლდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
Close