მსოფლიოპოლიტიკაეკონომიკა

ოქროს ფასმა 5000 დოლარს გადააჭარბა – ისტორიული რეკორდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე

2026 წლის იანვრის ბოლოს ოქროს ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და პირველად გადააჭარბა 5 000 დოლარს ტრუას უნციაზე (Troy weight  – 31,1034768 გრამი). ლონდონის ვაჭრობის დროს ძვირფასი ლითონის ღირებულება პიკურ ნიშნულზე 5 093 დოლარი იყო, რაც ერთი სავაჭრო სესიის დროს დაახლოებით 2%-იან ზრდას ნიშნავს.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ოქრო უკვე 15-18%-ით არის გაძვირებული, რაც მკაფიოდ მიუთითებს სტაბილურად ზრდად ტენდენციაზე. პარალელურად, საფონდო ბაზრები მეტ-ნაკლებად სტაბილურ დინამიკას აჩვენებს – მაგალითად, გერმანული ინდექსი DAX დაახლოებით 1%-ით გაიზარდა მხოლოდ, ხოლო გლობალური ინდექსი MSCI World, პრაქტიკულად, უცვლელი დარჩა.

რა ფაქტორები განაპირობებს ოქროს ფასის ასეთ ზრდას?

გეოპოლიტიკური დაძაბულობა

ფინანსური ანალიტიკოსების შეფასებით, ოქროს მკვეთრი გაძვირება პირდაპირ კავშირშია გლობალურ გაურკვევლობასა და მზარდ რისკებთან.

ინვესტორები სულ უფრო აქტიურად მიმართავენ ოქროს, როგორც „უსაფრთხო თავშესაფარს“. ამას ხელს უწყობს მიმდინარე კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში, ასევე სავაჭრო დაპირისპირების გამწვავება აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებს შორის. ასეთ პირობებში კაპიტალი ხშირად გადადის ფიზიკურ აქტივებში, რომლებიც კრიზისის დროს ღირებულებას უკეთ ინარჩუნებს.

დოლარის რყევა და ფედერალური სარეზერვო სისტემის გარშემო არსებული ეჭვები

დამატებით ზეწოლას ბაზრებზე ქმნის აშშ დოლარის სისუსტე და ინვესტორთა შიში ფედერალური სარეზერვო სისტემის დამოუკიდებლობის გამო – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა საჯაროდ გააკრიტიკა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი. ბაზრები ყურადღებით აკვირდებიან მონეტარული პოლიტიკის მომავალ მიმართულებას და შესაძლო განაკვეთის ცვლილებებს.

ცენტრალური ბანკების აქტიურობა და ETF-ები

ბოლო პერიოდში მრავალი ქვეყნის ცენტრალური ბანკი ინტენსიურად ზრდის ოქროს რეზერვებს, განსაკუთრებით განვითარებადი ეკონომიკები. პარალელურად მატულობს ინვესტიციები ETF-ებში – ფონდებში, რომლეებითაც ბირჟაზე ვაჭრობენ, როგორც ერთი აქციით – რაც დამატებით აძლიერებს მოთხოვნას და ზეწოლას ფასზე.

პროგნოზები: სადამდე შეიძლება გაიზარდოს ოქროს ფასი?

მსხვილმა საინვესტიციო ბანკებმა უკვე გადახედეს საკუთარ პროგნოზებს. მაგალითად, Goldman Sachs-მა ოქროს სამიზნე ფასი 2026 წლის ბოლომდე დაახლოებით 5 400 დოლარამდე გაზარდა ტრუას უნციაზე.

სხვა ანალიტიკოსებიც სულ უფრო ხშირად ურჩევენ კლიენტებს, შეინარჩუნონ ან გაზარდონ პოზიციები ოქროში და გამოიყენონ იგი პორტფელის დივერსიფიკაციისთვის გაურკვევლობის პირობებში.

ფინანსური ექსპერტების ნაწილი რეკომენდაციას იძლევა, რომ საინვესტიციო პორტფელის დაახლოებით 5-10% დაეთმოს ოქროს ან მასთან დაკავშირებულ ინსტრუმენტებს, როგორც ინფლაციისა და საბაზრო რყევებისგან დაცვის საშუალებას.

რას ნიშნავს ეს ინვესტორებისთვის?

2026 წლის დასაწყისში ოქროს ფასის $5 000-ზე მაღლა ასვლა ნათლად აჩვენებს, რომ გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური რისკები ინვესტორებს უსაფრთხო აქტივებისკენ უბიძგებს. ოქრო ტრადიციულად განიხილება, როგორც კრიზისის პერიოდის „მშვიდი ნავსაყუდელი“. მიმდინარე ვითარებაში კი ის აღარ არის მხოლოდ კლასიკური დამცავი აქტივი – მისი ფასის რეკორდული ზრდა ასახავს გლობალური ინვესტორული განწყობის მნიშვნელოვან ცვლილებებს და ფინანსური სისტემის გადაფასების პროცესს; ოქრო იქცა არა მხოლოდ სტაბილურობის სიმბოლოდ, არამედ მსოფლიო ფინანსური გარემოს დაძაბულობის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად.

ნიკო აბაშიშვილი

დაკავშირებულ თემაზე: რამდენი ოქროა დედამიწაზე და სად ინახება – ციფრები და ფაქტები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close