კრიმინალისაბერძნეთი

ხანძრით შენიღბული მკვლელობა ათენში: გამოძიებამ ექსმინისტრის 87 წლის ქვრივის მკვლელობის ბრალდებით მისი ვაჟი დააკავა

ათენში საბერძნეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს 2022 წლის სენსაციურ საქმეზე: 87 წლის ელენა პაპადოპულუ, რომელიც საკუთარ ბინაში ვითომდა ხანძრით გარდაცვლილი იპოვეს, სავარაუდოდ, მოკლულია და ეს არ იყო უბედური შემთხვევა. სამართალდამცველებმა მისივე ვაჟი დააკავეს მკვლელობის ბრალდებით.

რა შეიცვალა გამოძიებაში?

ელენა პაპადოპულუ, ცნობილი ბერძნული პოლიტიკური პარტიის, PASOK-ის ყოფილი მინისტრისა და პლასტიკური ქირურგის ქვრივი, 2022 წლის იანვარში ათენის ცენტრალურ უბანში – კოლონაკიში მდებარე ბინაში მთლიანად დამწვარი იპოვეს. თავდაპირველად გამოძიება ვარაუდობდა, რომ ქალი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, თუმცა ექსპერტთა დასკვნებმა სწრაფად შეცვალა სცენარი: ხანძარი ბინაში, როგორც აღმოჩნდა, მკვლელობის დამალვის მიზნით იყო გაჩენილი.

ექსპერტიზა და ტოქსიკოლოგიური მტკიცებულებები

გამოძიებამ აჩვენა, რომ:

  • ბინაში და ცხედარზე გამოყენებული იყო დიდი რაოდენობით აალებადი სითხე, რაც მიუთითებს განზრახ მკვლელობაზე.
  • ტოქსიკოლოგიური ანალიზით დადგინდა, რომ ქალის სისხლში იყო დამამშვიდებელი სუბსტანცია, ხოლო კარბონ მონოქსიდის (მხუთავი გაზი – CO) დონე იყო ძალიან დაბალი, 5% – რაც აბათილებს ვერსიას, რომ ქალი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა.
  • ბინაში არ იყო ძალადობრივი შეღწევის არანაირი კვალი.

ამ ყველა ნიშანზე დაყრდნობით გამოძიება ვარაუდობს, რომ ვაჟმა დედას დიდი რაოდნობით საძილე საშუალება მისცა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა, შემდეგ კი ცეცხლი გააჩინა დანაშაულის კვალის დასაფარავად.

ფინანსური მოტივი და ბრალეულობის ნიშნები

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა – დაახლოებით 400 000 ევროზე მეტი ვალი. სავარაუდოდ, ამიტომ იგი კოლონაკის ბინის გაყიდვას აპირებდა, რაზეც უკვე იყო გაკეთებული განცხადება, თუმცა დედა ამას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა.

საბოლოოდ პოლიციამ პასოკის წევრის, ყოფილი მინისტრის და ცნობილი პლასტიკური ქირურგის ვაჟი დედის მკვლელობის ბრალდებით დააკავა. გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ხოლო მტკიცებულებები სასამართლოს გადაეცემა საბოლოო შეფასებისთვის.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close