კინო/ფილმებიარტისტი

რატომ იყენებდა ვახტანგ ნინუა სხვა გვარს – მსახიობის ცხოვრების უცნობი დეტალები

რატომ აწერდა ვახტანგ ნინუა თავის როლებს სხვა გვარს და რატომ არ უყურებდა საკუთარ ფილმებს? მსახიობი, რომლის გმირებიც დღემდე ცოცხლობს მაყურებლის მეხსიერებაში, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ქართული თეატრისა და კინოს განუყოფელი ნაწილი იყო. სცენაზეც და კადრს მიღმაც მას არაერთი უცნაური, სახალისო და ადამიანური ისტორია უკავშირდება, რის გამოც ვახტანგ ნინუას ცხოვრება დღესაც ისეთივე ცოცხალი და საინტერესოა, როგორც მისი პერსონაჟები ეკრანზე.

მსახიობის კარიერაში არსებობდა ერთი ნაკლებად ცნობილი დეტალი – იგი როლებს სხვა გვარს აწერდა. რა იდგა ამ გადაწყვეტილების უკან და რა ეპიზოდები დარჩა ვახტანგ ნინუას ცხოვრების მიღმა ფართო საზოგადოებისგან – სტატიაში იხილავთ.

ოჯახი

ნინუები წარმოშობით სამტრედიის რაიონიდან არიან, თუმცა მომავალი დიდი მსახიობის, ვახტანგ ნინუას მამა – დავით ნინუა ერთხანს ბაქოში ცხოვრობდა – იქ ჰქონდა საკუთარი ნავთობსარეწი და კონიაკის ქარხანა. დედა – მარიამ ჭყონია გურული ქალი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ადრე, 37 წლის ასაკში, ტიფით გარდაიცვალა. დავით ნინუასა და მარიამ ჭყონიას ლამაზი ოჯახი შეძლებულად ცხოვრობდა, თუმცა მათი ყველაზე დიდი სიმდიდრე შვილები – ვახტანგი და შოთა იყვნენ.

ვახტანგ ნინუა ბაქოში დაიბადა 1916 წლის 19 სექტემბერს. ცოტა ხნის შემდეგ დავით ნინუა ბაქოდან ბათუმში წამოვიდა და ერთხანს იქ ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, მერე კი თბილისში გადმოსახლდნენ. ვახტანგმა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა, რომლის დამთავრების შემდეგაც ცვლის უფროსად დაიწყო მუშაობა 31-ე ქარხანაში, სადაც ფრონტისთვის თვითმფინავებს უშვებდნენ. დასრულდა ომი და კინოსა და თეატრზე უზომოდ შეყვარებულმა ახალგაზრდამ კატეგორიულად განაცხადა – ამ სპეციალობით ვეღარ ვიმუშავებო. სწორედ ამ დროს კინოსტუდიასთან სამსახიობო სკოლა გაიხსნა და ვახტანგმაც ამ სკოლას მიაშურა. გვარში მსახიობი არავინ ჰყოლია, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი მისწრაფება, არტისტი გამხდარიყო, რომ ხელი ვერაფერმა შეუშალა.  

პირველი ფილმები                                             

ვახტანგ ნინუა კინოინდუსტრიაში 1946 წლიდან მუშაობდა, 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. თეატრისა და კინოს გარეშე ვერ ძლებდა, მაშინაც კი, როცა მსახიობები ისვენებდნენ (ორშაბათს), ყოველთვის მიდიოდა თეატრში და იქაურობით ტკბებოდა. კინოში ჯერ კიდევ ომის პერიოდში გადაიღეს. მისი პირველი ფილმები იყო: „დაგვიანებული სასიძო“, „სამშობლო“, „კოლხეთის ჩირაღდნები“, „ბედნიერი შეხვედრა“, „გაზაფხული საკენში“, „მწვერვალთა დამპყრობნი“ და ა. შ. ვახტანგ ნინუა სულ ორმოცდაათზე მეტ ფილმშია გადაღებული, რომელთაგან მაყურებელს განსაკუთრებით უყვარს მისი გმირები ფილმებიდან „უდიპლომო სასიძო“ (ნიკოლოზი), „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (თავადი ავთანდილი), „ბურთი და მოედანი“ (გერონტი), „გლადიატორი“ (მომთვინიერებელი)…

იგი ნებისმიერ როლს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და ყოველდღიურად მუშაობდა, ძირითადად, სარკესთან ვარჯიშობდა. დილით რეპეტიციაზე მიდიოდა, შინ ორი საათისთვის ბრუნდებოდა, ისადილებდა, ცოტას დაისვენებდა და მერე სულ მუშაობდა. მოგეხსენებათ, როლზე მუშაობა ერთიანი, განუწყვეტელი პროცესია. ამ პროცესის ერთი ნაწილი რეპლიკაა, რომელიც ვიღაცამ უნდა მიაწოდოს მსახიობს. ამ რეპლიკას ყოველთვის ვახტანგ ნინუას უმცროსი ქალიშვილი – მანანა ამბობდა. „ვიჯექი მამასთან ერთად და უცებ მეტყოდა: მამა, მოდი, გავიაროთ როლიო. ამის გამო მე მისი თითქმის ყველა როლი ზეპირად ვიცოდი. თვითონ არასოდეს უნახავს თავისი ფილმები – არ უყურებდა. „უდიპლომო სასიძო“ რომ გადაიღეს, ამბობდა, რაღაც „ხალტურაა“, მაგრამ რა ვქნა, რაღაც ორ კაპიკს ავიღებ და რას დავეძებო?! მსახიობის ოჯახი არასოდეს არის დალხინებული, მაგრამ მაშინ მართლა ძალიან გვიჭირდა – ავეჯი და ბევრი რაღაცა არ გვქონდა სახლში… სხვათა შორის, ამ ფილმმა თურმე ისე აღაფრთოვანა ხრუშჩოვი, რომ სიცილისგან სკამიდან გადმოვარდა და სასწრაფოდ პრემიები, 600-600 მანეთი მისცეს ყველა მსახიობს. მახსოვს, მამამ გახარებულმა მოიტანა ეს 600 მანეთი სახლში და დედამ მაშინვე თქვა: წავალ, ვახტანგ, მოსკოვში და რამეს ვიყიდიო. წავიდა და მართლა რაღა არ იყიდა: საძინებელი გარნიტური, მაგიდები, სკამები… დღეს რომ ვუყურებ, საოცრად მსიამოვნებს, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ძალიან ცუდი მოგონებები მაქვს ამ ფილმთან დაკავშირებით: სკოლაში დიდი ნაწნავებით დავდიოდი, ბავშვები სულ თმაზე მქაჩავდნენ და მაბრაზებდნენ – მამაშენი ღორს კოცნისო. ერთხელაც ტირილით მივედი სახლში და ვუსაყვედურე, ასე ფილმში რატომ ითამაშე-მეთქი? ნეტა შენო! – მითხრა – ეგ ღორი, სანამ მე ვაკოცებდი, ჯერ სპირტით გაწმინდეს, შემდეგ იოდი წაუსვეს და ისე გაასუფთავეს, რომ გადაღების მერე დავკალით და კარგად ვიქეიფეთ, რადგან ისედაც ვეღარ იცოცხლებდაო“, – მომიყვა ერთ-ერთი შეხვედრის დროს ქალბატონმა მანანა ნინუამ.

კადრი ფილმიდან „უდიპლომო სასიძო“

„უდიპლომო სასიძო“

„უდიპლომო სასიძოს“ (რეჟ. – ლევან ხოტივარი) გადაღებებსა და პირადად ვახტანგ ნინუაზე საინტერესო მოგონებები აქვს ფილმის მთავარი როლის (ბიჭიკო) შემსრულებელს, კოტე მგალობლიშვილს: „ვახტანგ ნინუა საოცარი კაცი იყო. სხვებისგან განსხვავებით, მას ყოველდღე არ ჰქონდა გადაღებები, ამიტომაც ერთი-ორი დღით ჩამოდიოდა და რჩებოდა ხოლმე. ერთხელაც ჩამოვიდა, მაგრამ სასტუმროში თავისუფალი ნომერი არ აღმოჩნდა და ჩემთან მოუწია „სტუმრობა“. როგორც ყოველთვის, იმ საღამოსაც კარგად ვიქეიფეთ და წავედით ნომერში დასაძინებლად. დავწექით, მაგრამ ვინ დაგაძინა?! ბატონ ვახტანგს ისეთი ხვრინვა სცოდნია, ვერ აგიწერთ, – ძილში პავაროტივით ასრულებდა „არიებს“. ხან ვუსტვინე, ხან ხმამაღლა ვუძახე,  ბატონო ვახტანგ-მეთქი, მაგრამ არაფერი გამოივიდა. რა მექნა? ავდექი და ეზოში ჩავედი. დამჯდარმა გავათენე ის ღამე. მეორე დილით რეჟისორს მარტო ნინუა დახვდა ოთახში. გადარეული დამეძებდა და ამის შემდეგ მთელი წელიწად-ნახევარი გვერდიდან არ მიცილებდა – შენ რომ რამე დაგემართოს, დავიღუპე, მთელი შრომა წყალში ჩამეყრებაო: იმ ფილმის გადაღება მილიონ-ნახევარი მანეთი დაჯდა…“

ფილმის წარმატება ვახტანგ ნინუას სამსახიობო ოსტატობის დიდი დამსახურებაცაა.

კადრი ფილმიდან „უდიპლომო სასიძო“

ბედნიერი შეხვედრა

გაცილებით ადრე, კინოკარიერის დაწყებისას, ვერ გეტყვით, რა თანხა დაჯდა „ბედნიერი შეხვედრის“ (რეჟ. – ნიკოლოზ სანიშვილი) გადაღება, მაგრამ ვახტანგ ნინუასთვის მართლაც რომ ბედნიერი გამოდგა – მომავალი მეუღლე სწორედ ამ ფილმის გადაღებისას გაიცნო. ეს იყო ქობულეთში, სადაც ნატო ინაშვილი მეგობრებთან ერთად ისვენებდა, ვახტანგი კი გადაღებებზე იმყოფებოდა. დამწყებ მსახიობს დედა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და მკლავზე სამგლოვიარო ნიშანს ატარებდა. გაცნობიდან ცოტა ხნის შემდეგ დაქორწინდნენ, თუმცა საპატარძლოს დედა თავიდან სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა – მაღალი, გამხდარი, გრძელცხვირა ახალგაზრდა სიძედ არ მოსწონდა, მაგრამ შემდეგ ისე შეუყვარდა, თურმე მის მზეს ფიცულობდა.

ნატო ინაშვილი პროფესიით ეკონომისტი იყო. უფრო სწორად, უნივერსიტეტის დამთავრება ვერ მოუხერხებია, რადგან მესამე კურსიდან გაურიცხავთ, როგორც მოღალატის შვილი. მამამისი 1937 წელს გადაუსახლებიათ და ისე დაუხვრეტიათ, რომ ახლობლებმა მისი საფლავიც კი არ იცოდნენ. ნატო და ვახტანგი წლების განმავლობაში სიყვარულით, ტკბილად ცხოვრობდნენ და ორ არაჩვეულებრივ ქალიშვილს ზრდიდნენ. პირველი შვილი – მარიკა, 1943 წელს დაიბადა, მისთვის ბებიის პატივსაცემად დაურქმევიათ ეს სახელი. ბიჭი უნდოდათ და დარწმუნებულებიც კი ყოფილან, რომ მეორე აუცილებლად ბიჭი შეეძინებოდათ, მაგრამ ისევ ქალიშვილი გაუჩნდათ – მანანა. სახელი დედამ დაარქვა და შემდგომში ქალიშვილს ეუბნებოდა, ეს სახელი იმიტომ დაგარქვი, რომ მამაშენმა „მანანა“, ბიჭი რომ არ გაჩნდაო. წყვილი ერთმანეთს 30-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. ვაჟი – ოთარი, ვახტანგ ნინუას მეორე ქორწინებისას (მეუღლე – მეგი კვერენჩხილაძე) შეეძინა.

„ნატა, დააცხვე მჭადები!“

ვახტანგ ნინუა რომ არაჩვეულებრივი მსახიობი იყო ამაზე მის მიერ შესრულებული როლები მეტყველებს. მართალია, ხშირად ეპიზოდური როლების შესრულება უწევდა, მაგრამ ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ მთავარ გმირებსაც კი ჩრდილავდა. საოცრად დიდი იუმორის პატრონი იყო და უსაზღვრო სიყვარული შეეძლო. მასთან არასოდეს მოგწყინდებოდათ – დიდთან დიდი იყო, პატარასთან – პატარა. როგორც თანამედროვენი იხსენებენ, ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთივე ყოფილა, როგორც ფილმებში  – გულუბრყვილო და ძალიან მოსიყვარულე. არანორმალურად უყვარდა ოჯახი, მეგობრები, თეატრი… მის ოჯახში აულაგებელი სუფრა იყო.

 „ჩვენთან თითქმის ყოველდღე მოდიოდნენ მამას მეგობრები: გოგი გელოვანი, ედიშერ მაღალაშვილი, აკაკი კვანტალიანი, კუკური ლაფერაძე, ალექსანდრე ომიაძე, ვასო გოძიაშვილი, ტარიელ საყვარელიძე… კარგად მახსოვს, ბატონი ნოდარ ჩხეიძე, თემურ ჩხეიძის მამა, მგლისა და კრავის იგავ-არაკს როგორ მასწავლიდა გაკვეთილისთვის. გოგი გელოვანი ასანთისგან რაღაცებს გვიკეთებდა და გვეთამაშებოდა… შეიძლება ითქვას, რომ მათ ხელში გავიზარდე… საღამოს, სპექტაკლის შემდეგ ზარი გაისმოდა, ნატა, დააცხვე მჭადები, ჩვენ მოვდივართო… მაშინ ვორონცოვზე ვცხოვრობდით, სადაც ძალიან კარგი თონის პური ცხვებოდა. გამოივლიდნენ, იყიდდნენ პურს, ძეხვს და მოვიდოდნენ ჩვენთან. შინ ყოველთვის გვქონდა მჟავე და მჭადი. დასხდებოდნენ და ამ ყველაფერზე შეეძლოთ დილამდე ექეიფათ – სასწაულ დროს ატარებდნენ. მახსოვს, ერთ საღამოს ღვინო შემოაკლდათ – მხოლოდ ერთი ბოთლიღა ჰქონდათ. სად იყო მაშინ სუპერმარკეტები – გამოატანინეს დედას სათითე და იმ სათითითვე სვეს ეს ერთი ბოთლი ღვინო. მთელი ღამე ისე იქეიფეს, მე მსგავსი არაფერი მინახავს. მღეროდნენ, ლექსებს კითხულობდნენ, გიტარაზე უკრავდნენ… იუმორს ხომ ნუღარ იკითხავთ!

ძალიან უყვარდა მეგობრები და თეატრი, იქნებ უფრო მეტადაც, ვიდრე ოჯახი. თავდაუზოგავი პიროვნება იყო. თუკი ვინმესთვის რაიმე დახმარების გაწევა შეეძლო, არავის დაზარდებოდა. არ მახსოვს, სახლში ხელცარიელი მოსულიყო, ჩვენთვის რამე არ მოეტანა – თეატრიდან გამოსული, აუცილებლად შეივლიდა ხოლმე იქვე, კანფეტების მაღაზიაში. ერთხელ ჰყვებოდა: შევდივარ მაღაზიაში და ვხედავ, ერთი ქალი გულამოსკვნილი ტირის, დამინახა თუ არა, მომიახლოვდა და დამიჩოქა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდიო… ამ ქალს სულით ავადმყოფი შვილი ჰყავდა, საავადმყოფოში ეწვა და თურმე წამლებს არ აძლევდნენ. მამას ისე შეეცოდა ეს ქალი, მეორე დღეს საავადმყოფოში წაჰყვა, მთავარ ექიმთან მივიდა და უთხრა, რომ ბავშვი მისი ძმისშვილი იყო. ააწრიალა ყველა, მინისტრის ჩათვლით, და როგორც ვიცი, ბოლოს ეს ბავშვი განიკურნა. ქალი სიხარულით აღარ იყო… ვორონცოვზე, ჩვენს ეზოში თითქმის ყველა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა: სომხები, ებრაელები, რუსები… რა უნდა ეთხოვათ მამასთვის, რომ მას რაიმეზე უარი ეთქვა. ავადმყოფი – საწოლში იწვა და მაინც არ ისვენებდა – ტელეფონით აგვარებდა საქმეებს“, – მიამბო მანანა ნინუამ.

***

ვახტანგ ნინუა მარჯანიშვილის თეატრში ორმოცი წელი მუშაობდა. ამ ხნის მანძილზე მისი გმირები არცერთ სპექტაკლში, არცერთ ფილმში არ კვდებოდნენ. „ჩემი ეიფელის კოშკი“ – ეს იყო მისი ბოლო სპექტაკლი, სადაც მისი გმირი იღუპებოდა. ამ დროს თავადაც მძიმედ იყო ავად. მაინც თამაშობდა. ათი პრემიერა ითამაშა, მერე ქალიშვილებმა სთხოვეს დირექტორის მოადგილეს, რომ სპექტაკლები გადაედო, რადგან ძალიან იღლებოდა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. შვილებს ძალიან გაუნაწყენდა: თქვენ ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ჩემი სპექტაკლები მოხსენითო… საავადმყოფოში იწვა და მაინც მიზანსცენაზე ლაპარაკობდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე თურმე რაღაც მომენტში თვალებს სივრცეს გაუშტერებდა ხოლმე და ჟორა შავგულიძესა და შაშო გომელაურს ელაპარაკებოდა: „ჟორა, ბიჭო, ახლა შენ და შაშომ ისე არ ქნათ, რომ მე როლი არ მომცეთ!“ აგონიაში მყოფიც კი საქმეზე ფიქრობდა. სხვათა შორის, მუშაობისადმი მისი ასეთი დამოკიდებულების გამო მარჯანიშვილის თეატრის დირექტორ-განმკარგულებელმა ნესტორ წილაიამ ერთხელ ოინიც კი მოუწყო: ერთ მშვენიერ დღეს ნინუების ოჯახში ვიღაცამ დარეკა და მსახიობის მეუღლეს უზბეკური აქცენტით დაელაპარაკა: „ტაჯიკ-ფილმიდან“ ვრეკავ, ბატონი ვახტანგის ფილმში გადაღება მინდა და კიდევ დაგიკავშირდებითო. მივიდა ნინუა სახლში და მეუღლემ, ცხადია, ყველაფერი უამბო. ვახტანგს გაუხარდა, ფულს გავაკეთებ, აბა, ისე „ტაჯიკფილმში“ რა მინდაო. ამავე დროს, თურმე იმავე წინადადებით დარეკეს ედიშერ მაღალაშვილთან, ტარიელ საყვარელიძესთან… თან ერთი პირობით – რომ ამის შესახებ არავის გააგებინებდნენ. ყველა თავისთვის ინახავდა ამ საიდუმლოს. თან უკვირდათ, ჩვენ როცა შინ ვართ, რატომ მაშინ არ რეკავს ის კაციო… და თან მოუთმენლად ელოდნენ „ტაჯიკფილმში“ მიპატიჟებას. ერთ დღესაც თურმე რეპეტიციიდან გამოსულ ვახტანგ ნინუასა და ედიშერ მაღალაშვილს ნესტორის კაბინეტიდან ლაპარაკის ხმა შემოესმათ – ნესტორს კაბინეტის კარი ოდნავ ღია დარჩენოდა და ამის გამო კარგად ისმოდა, როგორ ელაპარაკებოდა ერთ-ერთი მათგანის ცოლს. წარმოიდგინეთ, რა ამბავი დატრიალდებოდა იქ. საპასუხოდ დიდი ბოქლომი იყიდეს, დრო იხელთეს და, როცა ნესტორი კაბინეტიდან გამოსული დაიგულეს, მის ლაბადას ბოქლომი გაუყარეს, ჩაკეტეს და ნესტორს ამ ბოქლომიანი ლაბადით მოუწია სახლში წასვლა…

მსგავსი კურიოზები ხშირად ხდებოდა გადაღებებზე. ერთხელ თურმე ტარიელ საყვარელიძემ, იაშა ტრიპოლსკიმ და გოგი გელოვანმა ვახტანგს ლოგინში დაჭყლეტილი ნიორი ჩაუყარეს. შემდგომ თავად ვახტანგ ნინუა ჰყვებოდა, სახლში ისეთი მთვრალი მივედი, არ მახსოვს, როგორ დავწექიო. დილით ყველანი კოღოს ნაკბენებისგან დასიებულები ამდგარან ნინუას გარდა. სამაგიეროდ ნივრის სუნით ყოფილა გაჟღენთილი. სასწრაფოდ მიუღია შხაპი, შემდეგ წასულა, პუდრი უყიდია და ყველასთვის ჩაუყრია საწოლში. სახლში დაბრუნებულს თურმე მეგობრები აღფრთოვანებულები შეხვდნენ: ვიღაც ქალი იყო ჩვენთან, ნახე, რა სურნელიაო… საღამოს ჩაწვნენ საწოლში და დილით პუდრში ამოსვრილები რომ ადგნენ, მაშინ მიხვდნენ ყველაფერს…

მსახიობის თილისმა

მსახიობის საოცნებო როლზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თილისმასავით კი ჰქონია გვარი „ხუსკივაძე“. თურმე ყველა როლს ამ გვარს აწერდა, კარგად მაქვს დაცდილიო. ვინ არის ეს ხუსკივაძეო, რომ ეკითხებოდნენ, კინოსტუდიაში მუშაობს გამნათებლადო, – პასუხობდა.

***

ვახტანგ ნინუა 1982 წლის 30 დეკემბერს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

თამარ ოთიაშვილი

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close