მსოფლიოკულტურა

„ლუვრის“ დირექტორის სკანდალური წერილის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ლუვრის ახალი რენესანსი“ დააანონსა

13 დეკემბერს „ლუვრის“ დირექტორმა ლორენს დე კარმა (Laurence des Cars) საფრანგეთის კულტურის მინისტრს რაშიდა დატის მუზეუმის შენობების ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კონფიდენციალური წერილი გაუგზავნა. შემთხვევით თუ მიზანმიმართულად ინფორმაცია საჯარო გახდა და სკანდალი გამოიწვია.

წერილიდან ირკვევა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია.

წვიმების დროს მუზეუმში ისეთი ნესტი გროვდება, რომ თანამშრომლებს ზოგიერთი, განსაკუთრებულად ძვირადღირებული ნამუშევრის ჩამოხსნა და საცავებში გატანაც კი უხდებათ. შენობის მოძველების გამო, ასევე, რთულია საგამოფენო სივრცეში საჭირო ტემპერატურის შენარჩუნება, რაც ნამუშევრების დაზიანების რისკს ზრდის.

გარდა ამისა, დირექტორი იმაზეც ჩივის, რომ „ლუვრი“ დამთვალიერებლებს ვეღარ აუდის, არც საჭირო რაოდენობის საპირფარეშო აქვთ და არც ლიფტები, ასევე, ადგილ-ადგილ რეკონსტრუქციაა ჩასატარებელი და სრულად გამოსაცვლელია ნამუშევრების წარწერები.

წერილში მუზეუმის დირექტორი არა მხოლოდ სასწრაფო რემონტს, არამედ გიგანტური შენობის მნიშვნელოვან რეორგანიზაციასაც ითხოვს. მისი წინასწარი შეფასებით, დანახარჯი უზარმაზარი იქნება: მხოლოდ პირველი ეტაპისთვის, მთლიანობაში, სასახლის მოვლა-პატრონობის, რესტავრაციისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის, 100 მილიონი ევროა საჭირო, ხოლო სენ-ჟერმენის ეკლესიის მოპირდაპირე კოლონადის ქვეშ ახალი შესასვლელის ასაგებად და დროებითი გამოფენებისთვის ახალი დარბაზების ასაშენებლად – კიდევ 400 მილიონი ევრო.

დე კარის დასკვნით, ლუვრს სჭირდება კაპიტალური რემონტი, რაც, სავარაუდოდ, ძვირი და ტექნიკურად რთული იქნება.

„ლუვრის“ დირექტორის „ხმამ“ ელისეს სასახლემდე მიაღწია. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ სამშაბათს, 28 იანვარს მუზეუმში მივიდოდა და პირობა შეასრულა.

პრობლემის გაცნობის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა  „ლუვრის ახალი რენესანსი“ დააანონსა. მან განაცხადა, რომ „ლუვრის“ განახლებას დაახლოებით ათი წელი და 700-იდან 800 მილიონ ევრომდე დასჭირდება.

მისი თქმით, ახალი უზარმაზარი შესასვლელის აშენების გარდა, მუზეუმში იგეგმება დამოუკიდებელი სივრცის შექმნაც, სადაც მხოლოდ ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“ განთავსდება. მუზეუმის ამ ნაწილს ცალკე შესასვლელი ექნება.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, მომავალი წლიდან ვიზიტორებისთვის, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეთა გარდა, მუზეუმში შესვლის საფასური გაიზრდება.

აქამდე „ლუვრის“ მუზეუმი წელიწადში 9 მილიონ დამთვალიერებელს მასპინძლობდა, ხოლო განახლების შემდეგ, ემანუელ მაკრონის განცხადებით, წელიწადში 12 მილიონი ვიზიტორის მიღებას შეძლებს.

მანანა ბანძელაძე

დაკავშირებულ თემაზე: თანამშრომელთა გაფიცვის გამო ლუვრის მუზეუმი დაიკეტა

თანამშრომლების გაფიცვის გამო ლუვრის მუზეუმი დაიკეტა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close