პოლიტიკასაქართველო

პროტესტის მე-9 დღე – აქციები გრძელდება, საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის შენობაში 28 ნოემბერს გამოცხადებული უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და 6 დეკემბრიდან უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა. ამის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა.

„პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად მოქმედებდა. 28 ნოემბერს გამოცხადებული უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და 6 დეკემბრიდან, მის გაუქმებამდე მოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის; კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეცხრე ღამეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართება. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულმა განცხადებამ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა 2028 წლამდე  დღის წესრიგიდან იღებს ევროკავშირში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და, აგრეთვე, 2028 წლამდე უარს აცხადებს ევროკავშირისგან საბიუჯეტო გრანტების მიღებაზე. ოპოზიციურმა პარტიებმა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს განცხადება კონსტიტუციის დარღვევად და საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევად მიიღეს.

პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები ყოველდღიურად განმარტავენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი არ შეცვლილა და მიღებული გადაწყვეტილებით ევროკავშირში გაწევრების და მოლაპარაკებების გახსნის თემის შანტაჟად გამოყენების ფაქტორი მოხსნეს, რათა ქვეყანამ უფრო მშვიდად და წარმატებულად შეასრულოს აღებული ვალდებულებები 2030 წლისთვის, როდესაც ევროკავშირის მორიგი აღმოსავლეთით გაფართოება იგეგმება. ისინი ირწმუნებიან, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი 2030 წელს და მათ ლოზუნგად ისევ რჩება „ღირსებით ევროპისკენ“, ხოლო თუ ევროკავშირი გახსნის მოლაპარაკებებს, მთავრობა დღესვე მოაწერს ხელს, მაგრამ  ეს არგუმენტები ათიათასობით აღშფოთებული ადამიანისთვის არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებში, მათ შორის, თითქმის ყველა დიდ ქალაქში, აღარ არის დამაჯერებელი. რადიკალური ოპოზიცია კი აცხადებს, რომ „ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა და პირდაპირ უთხრა ქართველ ხალხს, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში უნდა დაბრუნდეს.

აღსანიშნავია, რომ პროტესტის პირველი ექვსი ღამის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად წყლის ჭავლსა და დიდი რაოდენობით ცრემლსადენ აირს იყენებდა, ბოლო ორი ღამის განმავლობაში კი მრავალათასიანი მშვიდობიანი აქცია პოლიციას არ დაუშლია, დემონსტრანტები გამთენიისკენ თავად დაიშალნენ, რომ საღამოს ისევ შეკრებილიყვნენ. პროტესტი დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას გრძელდება.

ხელისუფლების განცხადებით, აქცია მშვიდობიან რეჟიმში გადავიდა, რადგან მათ განახორციელეს სპეციალური ღონისძიებები, ამოიღეს რადიკალური ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან აგრესიული ქმედებებისთვის განკუთვნილი პიროტექნიკა და სხვა საშუალებები, დააკავეს ძალადობის წამქეზებლები და რადგან აქცია 5 და 6 დეკემბერს ღამით მშვიდობიანად მიმდინარეობდა, სამართალდამცველებს აღარ მოუწიათ მისი ძალის გამოყენებით დაშლა.

სახალხო დამცველის შეფასებით, აქციების დაშლისას და მომიტინგეთა დაკავებებისას ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას სამართალდამცველთა მხრიდან.

„ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის აქტები, ვნახეთ მოქალაქეების მიმართ უპრეცედენტო თავდასხმა და ძალადობა, რომელსაც არანაირი გამართლება არა აქვს. ამ ფაქტებთან დაკავშირებით იმავე დღეს გავაკეთე საკმაოდ მკაცრი განცხადებები, სადაც მოვუწოდე ხელისუფლებას და განსაკუთრებით პოლიციას, თავი შეიკავონ ძალადობისგან, ხოლო დამნაშავეების მიმართ გატარდეს შესაბამისი ზომები.

მოვუწოდებ სამართალდამცავებს, იმოქმედონ კანონით დადგენილი ნორმების თანახმად და გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ ლეგიტიმური ძალა. ამასთან, ვთხოვ აქციის მონაწილეებს, მაქსიმალურად ეცადონ არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

მისივე ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატი უწყვეტად განაგრძობს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული პირების მონახულებას.

„ამ დროისთვის [5 დეკემბერი – რედ.] უკვე 260 პირი ვნახეთ. სამწუხაროა, რომ მათგან 188 მოქალაქე პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. … არაერთხელ განვმარტე და აქაც გავიმეორებ – შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცავები იყენებენ მოქალაქეების დაკავებისას.

საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე, მათი მითითების მიღმა აღნიშნული მეთოდები ცხადად ჩანს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში.

გუშინ [4 დეკემბერი – რედ.], ასევე, ყველამ ვიხილეთ მეტროს ამოსასვლელში აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტები.

მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელების დროს მკაცრად იმოქმედონ დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე არ მოახდინოს მოქალაქეთა მასიური შემოწმებები“.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ მთავრობის მაღალჩინოსნები კი მადლობას უხდიან შსს-ს თითოეულ თანამშრომელს და უწყების ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს, რომ „ქვეყანას აარიდეს სახელმწიფო გადატრიალება“, „მაიდანი“, „ძალიან დიდი უბედურება“, რომლის მოწყობას, მათი თქმით,  „გარედან დაფინანსებული“ „რადიკალური ოპოზიციური პარტიების“ და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მართული „აგრესიული ჯგუფები“ ცდილობდნენ.

ოპოზიციური პარტიების, საქართველოს პრეზიდენტისა და საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით კი, „არალეგიტიმურმა“ ხელისუფლებამ საქართველოში ტერორი და თვითნებური დაპატიმრებები დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პროტესტი საქართველოში, ტერორი ხდება. თვითნებური დაპატიმრებები დაიწყო. საზოგადო მოღვაწეებს, ხელოვანებს, მუსიკოსებს, მომღერლებს, პოლიტიკოსებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებში მონაწილეობდნენ. ბრალდებული ტერორიზმში, პოტენციური სასჯელი – 9 წელი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

6 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებზე რვა დღის განმავლობაში დაკავებულია 338 ადამიანი, რომელთაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. მათგან ხუთი 6 დეკემბრის ღამეს დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ მედია ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე.

დაკავებულებს სამართალდამცავები ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ უწყებაში შესული 319  განცხადება ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე.

ბოლო ორ დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის წესით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, აფეთქების მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 26 ადამიანი დააკავა, მათგან 3 – 6 დეკემბერს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 26 დაკავებულიდან 8-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათგან სამ დაკავებულს ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით, ხუთს კი – ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით.

სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა შორისაა 28 წლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც 5 დეკემბერს საკუთარ ბინაში დააკავეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით. ეს დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ანდრო ჭიჭინაძის დაკავების გამო „იმედი“ დატოვა ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას ითხოვს ფეისბუკის „სთორიში“ ტელეკომპანია „იმედის“ ტელეწამყვანი, მსახიობი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძეც.

ანდრო ჭიჭინაძეს და სხვა დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, აგრეთვე, საპროპტესტო აქციის მონაწილეები.

დღეს, გვიან საღამოს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში პროკურატურამ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის  225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ჭიჭინაძეს სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაკავებული მსახიობის ადვოკატის თქმით, ანდრო ჭიჭინაძე ბრალს არ აღიარებს.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს ნიკა გვარამიას კი, რომელიც, პრაქტიკულად, „პირდაპირ ეთერში“ 4 დეკემბერს დააკავეს მისივე ორგანიზაციის ოფისთან, ოფისის ჩხრეკის დროს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღეს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, აგრეთვე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს.

ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს „ქართული ოცნების“ დეპუტატზე, ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით. მეორე დღეს, 5 დეკემბერს საქართველოს პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა), რომელიც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ოპოზიცია და ალეკო ელისაშვილის თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ეს არის დაშინების მცდელობა და მასთან დაკავშირებული ინციდენტი იყო „ოცნების“ დადგმული პროვოკაცია. პოლიტიკოსის ადვოკატის თქმით კი, დაკავებისას ელისაშვილზე განხორციელდა ძალადობა, რის შედეგადაც მას დაზიანებები აღენიშნება სახისა და ზურგის არეში.

დღეს კიდევ ერთი ფაქტი მოხდა, რომელმაც საზოგადოების მღელვარება გამოიწვია – უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR) საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ასოციაციის წევრობა შეუჩერა, რამაც შესაძლოა პრობლემა შეუქმნას ქართული დიპლომის აღიარებას უცხოეთში.

მოძრაობის „ქართული განათლება საფრთხეშია“ ორგანიზებით აქცია გაიმართა განათლების სამინისტროსთან, რომელშიც პროფესორ-მასწავლებლები, მშობლები და განათლების სექტორში მომუშავე ადამიანების ნაწილი მონაწილეობდა. ისინი სამინისტროს ხელმძღვანელობის გადადგომას, განათლებაში რეპრესიების შეჩერებას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემამ უკვე დაკარგა ხარისხის მართვის ორი ევროპული ორგანიზაციის, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტავს, რომ არაოფიციალური მონაცემებით, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR) გადაწყვეტილება რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე მიიღო, თუმცა ყველა ის ძირითადი ხარვეზი უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია, ამიტომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მოამზადა ნანა ძნელაძემ

რას წერს „ბიბისი“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close