მიგრაციამსოფლიოსაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

მიგრაციის მოწესრიგების მიზნით ესპანეთს იმიგრანტებისთვის ახალი წესები შემოაქვს – რა იცვლება?

ესპანეთის ახალი კანონმდებლობა ქვეყანაში იმიგრანტი მუშახელის მიღებას ამარტივებს

ესპანეთის მთავრობამ მიიღო ახალი კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში იმიგრანტი მუშახელის მიღებას ამარტივებს. ექსპერტების აზრით, ეს არ ეწინააღმდეგება მიგრაციის შეზღუდვის საერთოევროპულ ტენდენციას.

„უცხოელი მოქალაქეების მიღების წესები“ – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც ესპანეთის მინისტრთა კაბინეტმა სოციალისტ პედრო სანჩესის ხელმძღვანელობით 19 ნოემბერს დაამტკიცა და რომელიც ესპანეთში უცხოელთა მიგრაციის გამარტივებას ითვალისწინებს. ახალი რეგულაცია ეხება შესასვლელი ვიზების გაცემის, ბინადრობის მოწმობის აღების, სწავლის, დასაქმებისა და ოჯახის გაერთიანების შესაძლებლობის პირობებს. „რეგულაცია“ ძალაში შევა 2025 წლის 20 მაისს, რადგან ინტეგრაციის, სოციალური დაზღვევისა და მიგრაციის მინისტრ ელმა საისის თქმით, „მთავრობას სჭირდება დრო საჭირო სტრუქტურების შესაქმნელად, რათა მიგრაციის ახალი პოლიტიკა განხორციელდეს“.

მათთვის, ვინც ესპანეთში სამუშაოს ეძებს

„დოიჩე ველეს“/DW-ს ინფორმაციით, რომელსაც გამოცემა ავრცელებს ახალ „რეგლამენტზე“ დაყრდნობით, უცხოელ მოქალაქეებს საზღვარგარეთ ესპანეთის საკონსულოებში შეუძლიათ მიიღონ ე. წ. „ვიზა სამუშაოს მოსაძებნად“, რომელიც 12-თვიანია ანუ ერთი წლის მანძილზეა ძალაში. როგორც აქამდე იყო, უცხოელი ქვეყანაში ცხოვრების უფლებას მიიღებს, თუ სამუშაოს იშოვის ანუ დამსაქმებელი მას დაიქირავებს. სიახლე ისაა, რომ ანალოგიურ უფლებას მიიღებს იმიგრანტი იმ შემთხვევაშიც, თუ თვითდასაქმებულია. ხოლო ერთწლიანი ვიზის ვადის გასვლის შემდეგ 4-წლიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ მოუწევს სამშობლოში დაბრუნება, რადგან ვიზის გაგრძელება ესპანეთში თავისი ადგილმდებარეობის მიხედვითაც შეუძლია.

ახალი კანონმდებლობა ეხება იმ მიგრანტებსაც, რომლებიც ქვეყანაში სასწავლებლად იმყოფებიან – უმაღლესი სასწავლებლებისა თუ ნებისმიერი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს. უპირველეს ყოვლისა, ისინი შეძლებენ, სწავლა დასაქმებას შეუთავსონ – უფლება ექნებათ კვირაში 30 საათამდე იმუშაონ. ხოლო სწავლის დამთავრების შემდეგ, ადრინდელისგან განსხვავებით, ვალდებულები არ იქნებიან,  დატოვონ ქვეყნის ტერიტორია: ისინი მიიღებენ დასაქმების და ესპანეთში მუდმივად საცხოვრებლად (permanent residency) დარჩენის უფლებას.

ესპანეთში უკვე მცხოვრებ უცხოელთა ლეგალიზაცია

მთავრობა, ასევე, აპირებს უახლოესი სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში არალეგალურად, შესაბამისი ბინადრობის ნებართვის გარეშე მყოფი უცხოელების ლეგალიზებას, წელიწადში 300 000-ის, ანუ მთლიანად 900 000-მდე იმიგრანტის. ამისთვის ორი პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო: იმიგრანტს უნდა ჰქონდეს დამსაქმებელთან შრომითი ხელშეკრულება და ქვეყანაში, სულ ცოტა, ორი წელი უნდა იმყოფებოდეს. კანონიერი ცხოვრებისთვის დოკუმენტები განუახლდებათ იმ პირებსაც, რომლებსაც ადრე ჰქონდათ ლეგალურად ცხოვრების უფლება, მაგრამ დაკარგეს, მაგალითად, დამსაქმებელთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო.

აგრეთვე, იხსნება ახალი შესაძლებლობები მიგრანტების გაერთიანებისთვის ოჯახებთან, რომლებიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. ისინი უფლებას მიიღებენ, ესპანეთში მუდმივად საცხოვრებლად მიიწვიონ თავიანთი 26 წლამდე ასაკის შვილები. ნებადართული იქნება ცოლთან ან ქმართან გაერთიანება, მაშინაც კი, თუ ქორწინება არ არის რეგისტრირებული, მაგრამ არსებობს სამშობლოში მათი თანაცხოვრების მტკიცებულება. იქნება მშობლებთან გაერთიანების შესაძლებლობაც.

სიახლე ესპანეთში თავშესაფრის მაძიებელთათვის

ახალი რეგულაციის დებულებები, ასევე, ვრცელდება უცხოელებზე, რომლებიც ესპანეთში თავშესაფარს ითხოვენ პოლიტიკური ან სხვა მიზეზების გამო. პირებს, რომლებმაც თავშესაფრის მოთხოვნაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარი მიიღეს რაიმე მიზეზით, აღარ მოეთხოვებათ ესპანეთის დატოვება. ქვეყანაში ყოფნის ექვსი თვის შემდეგ მათ შეეძლებათ მოითხოვონ ბინადრობის ნებართვა, როგორც დასაქმებულებმა, ისე თვითდასაქმებულებმა.

დაუყოვნებლივ ლეგალიზებას ექვემდებარებიან უცხოელები, რომლებიც არალეგალურად იმყოფებოდნენ ესპანეთში და მათ გადაჭარბებულ შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ, ამ განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებას, ცემას ან დამცირებას თავიანთი დამსაქმებლის მხრიდან. ლეგალიზაციის პროცესების დაჩქარების მიზნით, რომლებიც ესპანეთის დაწესებულებებში საქმის განხილვას უკავშირდება, შეიქმნება შესაბამისი ადმინისტრაციული სტრუქტურები როგორც სახელმწიფო დონეზე, ისე რეგიონებში.

არალეგალური მიგრანტების ექსპლუატაციის და მაფიის საქმიანობის შეჩერება

DW-სთან საუბრისას ირენე გონსალესმა, მიგრანტთა მხარდამჭერი ასოციაციების არასამთავრობო ფედერაციის – ACOGE-ს წარმომადგენელმა, ახალ სამთავრობო დოკუმენტს უწოდა „მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადამიანის უფლებების გაფართოებისკენ“ ესპანეთში. მისი თქმით, „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ბოლოს და ბოლოს მიიღო უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების პროცესის გამარტივებისა და დაჩქარების თაობაზე, რაც დღეს ემიგრანტების მხრიდან დიდ დროს, ძალისხმევასა და ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს.

ვფიქრობ, ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები, – განმარტავს  გონსალესი, – გააჩერებს არალეგალური ემიგრანტების გადაჭარბებულ ექსპლუატაციასაც ზოგიერთი დამსაქმებლის მიერ, რომლებიც მათი უძლური პოზიციით სარგებლობენ, ასევე, საიმედოდ უზრუნველყოფს მათი, როგორც მშრომელთა უფლებებს, ბოლოს მოუღებს სხვადასხვა მაფიოზური სტრუქტურის საქმიანობას, რომლებიც ჯიბეს ისქელებენ არალეგალური მიგრანტების ტრანსპორტირებით, მათი განთავსებითა და დასაქმებით“.

მოამზადა ნანა ძნელაძემ

დაკავშირებულ თემაზე: საქართველოსა და ესპანეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

ესპანეთის მთავრობა ხურავს „ოქროს ვიზის“ პროგრამას, რომელსაც უცხოელები ბინადრობის ნებართვის მისაღებად იყენებდნენ

ესპანეთის მთავრობა ხურავს „ოქროს ვიზის“ პროგრამას, რომელსაც უცხოელები ბინადრობის ნებართვის მისაღებად იყენებდნენ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close