მიგრაციამსოფლიოეკონომიკა

ესპანეთის მთავრობა ხურავს „ოქროს ვიზის“ პროგრამას, რომელსაც უცხოელები ბინადრობის ნებართვის მისაღებად იყენებდნენ

ესპანეთის ხელისუფლება გააუქმებს „ოქროს ვიზის“ პროგრამას, რომელიც აქამდე მოქმედებდა ესპანეთში და 3-წლიან ბინადრობის ნებართვას ანიჭებდა უცხოელებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, რომლებიც ესპანეთში უძრავ ქონებაში მინიმუმ ნახევარი მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებდნენ იპოთეკის გარეშე.

პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ხაზგასმით ამბობს, რომ საჭირო ზომებს მიიღებს, რათა საცხოვრებლის შეძენა იყოს უფლება და არა სპეკულაციური ბიზნესი.

„ჩვენ ვაპირებთ, მივიღოთ აუცილებელი ზომები, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ საცხოვრებლის შეძენა არის უფლება და არა სპეკულაციური ბიზნესი“, – განუცხადა ორშაბათს, 8 აპრილს ესპანეთის პრემიერმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, ამჟამად ყოველი 100 „ოქროს ვიზიდან“ 94 – უძრავი ქონების ინვესტიციებს უკავშირდება ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა: მადრიდი, ბარსელონა, მალაგა, ალიკანტე და ვალენსია – აგრეთვე, ბალეარის კუნძულებზე. ამ ყველაფრის შედეგად კი ახალგაზრდებს საცხოვრებელ ფართებზე ხელი არ მიუწვდებათ. სანჩესის თქმით, „ზოგიერთ რაიონში, სადაც საბინაო ბაზარზე მძიმე ზეწოლა არსებობს, თითქმის შეუძლებელია ღირსეული საცხოვრებლის პოვნა მათთვის, ვინც იქ მუშაობს, ცხოვრობს და გადასახადებს იხდის“.

ესპანური მედიის ცნობით, „ოქროს ვიზები“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა აშშ-ისა და ჩინეთის მოქალაქეებს შორის.

ამავე პროგრამის ფარგლებში რუსეთის მოქალაქეებმა ბოლო 10 წელიწადში ესპანეთში 1159 ერთეული უძრავი ქონება შეიძინეს.

ესპანეთის მთავრობის მონაცემებით, „ოქროს ვიზის“ პროგრამის ამოქმედებიდან – 2013 წლიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით 5000-მდე ასეთი ნებართვა გაიცა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close