ისტორიაში პირველად, „აბესალომ და ეთერი“ იტალიურ ენაზე აჟღერდა – კიდევ ერთი ქართული ოპერის იტალიური პრემიერა (ვიდეო/ფოტო)
ისტორიაში პირველად ევროპაში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ იტალიურ ენაზე აჟღერდა – მისი პრემიერა ქალაქ კატანიაში 15 სექტემბერს გაიმართა.
ქართველ მომღერლებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობდა ბელინის თეატრის გუნდი (ქორმაისტერი – ლუიჯი პეტროციელო) და ორკესტრი. ცეკვები კი შეასრულა ფლორენციაში არსებულმა ქართული ცეკვების ანსამბლმა „ნანილამ“.
დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი. მსახიობებთან მუშაობდა დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძე. სცენოგრაფია ეკუთვნის ლუმგული მურუსიძეს, კოსტიუმების მხატვარია ესტერ მარტინი.
პრემიერამდე თბილისის ოპერის თეატრმა რეპეტიციის კადრები გაავრცელა.
„თბილისის ოპერის თეატრის მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული მუსიკის ისტორიაში. მასიმო ბელინის სახელობის თეატრის სცენაზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისის“ ტრიუმფალური წარმატებიდან ერთი წლის შემდეგ წარმოდგენილი კიდევ ერთი ქართული ოპერის აჟღერება კი უფრო მეტად გაამყარებს შემოქმედებით კავშირს საქართველოსა და იტალიას შორის“, – წერს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
მანანა ბანძელაძე
დაკავშირებულ თემაზე: ლაურა ქუთათელაძე: „მადლობა უფალს, რომ საშუალება მოგვცა, ემიგრაციაში ისევ ერთად ვაკეთოთ საყვარელი საქმე“
კომენტარები