არტისტი

ლევან უჩანეიშვილის საოცარი წერილი „საყოველთაო ბებიას“ – სესილია თაყაიშვილს

წლების წინათ სესილია თაყაიშვილზე ნარკვევის მომზადება გადავწყვიტე და ცხადია იმ პერიოდის ქართულ პრესას გადავხედე, როდესაც ლეგენდარული მსახიობი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. სწორედ მაშინ გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელში“, სადაც გაზეთის არსებობის ბოლო წლებში თავადაც ვმუშაობდი, საინტერესო მასალები „აღმოვაჩინე“. მათ შორის, მსახიობ ლევან უჩანეიშვილის წერილი „სესილია ბებია“.

სესილია თაყაიშვილი ვაკეში ცხოვრობდა, სადაც მისი მეზობლები იყვნენ განუმეორებელი მსახიობი ეროსი მანჯგალაძე და დიდი ქართველი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი, აგრეთვე: მედეა ჯაფარიძე, რეზო თაბუკაშვილი, ლიანა ასათიანი, გუგული თორაძე, ანდრია ბალანჩივაძე, ვასო ყუშიტაშვილი… სწორედ ამ საოცარი ადამიანების თვალწინ, მათ გარემოში, იმავე ეზოში იზრდებოდა ქართული თეატრისა და კინოს მომავალი ვარსკვლავი, მსახიობი ლევან უჩანეიშვილი.

პატარა ლევანს თურმე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სესილია თაყაიშვილი და ლევანიც ბევრ რამეს სწავლობდა მისგან, ამაყობდა, რომ „სესილია ბებიას“ მეზობელი იყო.

17 სექტემბერი სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა, იგი 1906 წელს დაიბადა, 1984 წლის 21 მაისს გარდაიცალა. ამჟამად აშშ-ი მოღვაწე ქართველი მსახიობი ლევან უჩანეიშვილი საჯაროდ სწორედ ამ  საოცარი წერილით („ახალგაზრდა კომუნისტი“ #63, 1984 წელი, 26 მაისი) გამოემშვიდობა „საყოველთაო ბებიას“, როგორც სესილია თაყაიშვილს დღემდე უწოდებენ.

სესილია ბებია

ჩაკვდა ეზო, ჩვენი ეზო. სიზმარივით ლამაზი და სიცოცხლით სავსე ეზო.

რა, ბატონი ეროსი არ კმაროდა?!

მას შემდეგ თქვენ დაგვრჩით… ჩვენი ეზოს, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ხალხის ბებია….

დედა რომ დედაა, ის არ მტუქსავდა იმდენს, რამდენსაც თქვენ, „ყველასთან თავმდაბალი იყავი, ნუ ათქმევინებ, ჯერ არაფერი გაუკეთებია და ცხვირს მაღლა სწევსო“. დიახ, თავმდაბლობა იყო თქვენი ცხოვრების პრინციპი და მეც ამას მასწავლიდით.

თქვენი ოთახი მიყვარდა… ის ოთახი, სადაც პირველად მომისმინეთ და მითხარით: „ხელების ქნევა და ყვირილი არ ნიშნავს ლექსის კითხვას“. ის ოთახი, სადაც პირველად წაგვიკითხეთ შანდორ პეტეფის „მიყვარხარ“…

საცემრად გამომიდექით  ვითომ, დამიჭირეთ და …მაკოცეთ. თქვენი სურათი მაჩუქეთ წარწერით.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა მაშინ.

ის პატარა ოთახი მიყვარდა, სადაც გვიან ღამემდე ჩემი შეკითხვებით არ გასვენებდით. …„ კაი, დავიღალე, მეძინება და წაეთრიე ახლა სახლშიო“, – ამას ისე ტკბილად მეტყოდით, რომ თქვენგან წამოსულს რაღაც განსაკუთრებული, დიდი რამ მინდოდა გამეკეთებინა.

რამდენს გასცემდით, თქვენი სიცოცხლის რა დიდ ნაწილს და მეც ბედნიერად ვთვლიდი თავს. მეც მეამაყებოდა, რომ თქვენი, „სესილია  ბებიას“ მეზობელი ვიყავი. ამით თითქოს რაღაც მემატებოდა, თითქოს რაღაცით ვმაღლდებოდი.

ერთი წლის წინ საავადმყოფოში ჩემი ინტერვიუ მოგიტანეთ. ბავშვივით გიხაროდათ, სანამ თქვენს გვარს მოჰკრავდით თვალს. მერე ხმამაღლა წაიკითხეთ:

„ – თქვენი საყვარელი მსახიობი?

– სესილია თაყაიშვილი“.

ხელმეორედ გადაიკითხეთ. „ჩემს მეტი ვერავინ ნახე გაზეთში გასაწერიო?“ – მეჩხუბეთ და დაუმატეთ: „უჩემოდ აწი არაფერი დაწეროო“.

ახლაც რომ თქვენზე ვწერ, თქვენი თხოვნის მიუხედავად?

მაპატიეთ, სესილია ბებია.

მაპატიეთ, რამეთუ  ვეღარ გაჩვენებთ ამ გაზეთს, ვეღარ წაგაკითხებთ და ვეღარ „გაგალანძღინებთ“ თავს.

ერთი ოცნება კი მქონდა, თქვენთან  ერთად  მეთამაშა…

ჩაკვდა ჩვენი ეზო, სესილია ბებია, და ახლა რაღაც სიზმარივით მაგონდება ყველაფერი…

თქვენ, ბატონი ეროსი და…

ნახვამდის, სესილია ბებია!

თქვენი „ზურიკელა“

ლევან უჩანეიშვილი

მოამზადა თამარ ოთიაშვილმა

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close