ვიდეოქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

ლაურა ქუთათელაძე: „მადლობა უფალს, რომ საშუალება მოგვცა, ემიგრაციაში ისევ ერთად ვაკეთოთ საყვარელი საქმე“

ტრიო „ტერციას“ ქართული ჰანგები 12 წელია იტალიაშიც ჟღერს

უცხო ქვეყანაში სამუშაოდ რომ მიდიოდა, ქალბატონი ლაურა ქუთათელაძე ვერ წარმოიდგენდა, რომ იქაც მიეცემოდა საყვარელი საქმის კეთების საშუალება, იქაც ბავშვობის მეგობართან ერთად დადგებოდა სცენაზე და მეტიც, ტრიო „ტერცია“ იტალიაში გააგრძელებდა შემოქმედებით მოღვაწეობას. ფიქრობდა, რომ ერთ წელიწადში დაბრუნდებოდა სახლში, მშობლიურ ქვეყანაში, გეგმებს აწყობდა… „მახსოვს, გზაში ვიღაც ქალის საუბარი მოვისმინე და ვიფიქრე, ერთი წელი არ მეყოფა-მეთქი – ორ წლამდე გავზარდე ჩემი ემიგრანტობის ვადა და ახლაც იქ ვარ, არ გამნელებია უკან დაბრუნების სურვილი. გონებით სულ საქართველოში ვარ. შევხედავ – ხეა, მაგრამ არაა ჩემი! არც ეს ყვავილები, გვირილებია ჩემი… მოგონებებში ვხედავ ყველაფერს, მინდა, რომ ქუთაისში ვიყო, მინდა, თბილისში ვიყო…“ – მეუბნება ქალბატონი ლაურა და საოცარი ემოციით პასუხობს ნებისმიერ კითხვას.

წინასწარ მეტს არაფერს ვიტყვით გარდა იმისა, რომ ლაურა ქუთათელაძე უკვე 19 წელია იტალიაშია, ქ. ფლორენციაში და იქაც სიმღერად იღვრება.

ქალბატონო ლაურა,  სოციალური ქსელიდან შევიტყვე, რომ ტრიო „ტერცია“, რომელიც წლების განმავლობაში ქუთაისში მოღვაწეობდა, ახლა უკვე საზღვრებს გარეთ აგრძელებს საქმიანობას… მოგვიყევით, როგორ შეძელით, რომ უცხოეთშიც საყვარელ საქმეს აკეთებთ?

საზღვარგარეთ პირველად 2004 წელს წამოვედი. ეს იყო ძალიან მტკივნეული მომენტი ჩემს ცხოვრებაში: ყოველთვის ვამბობდი, რომ „სიმღერაა მთელი ჩემი ცხოვრება“  და ეს ყველაფერი უნდა დამეტოვებინა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენს ოჯახში შემოქმედებითი ატმოსფერო სუფევდა, მე და ჩემი ძმა (ჯამბული) პატარაობიდან დუეტში ვმღეროდით, სასკოლო ღონისძიებები იყო ეს თუ ნათესავების თავშეყრა. მერე მშობლებმა ქუთაისის კულტურის სახლში საბავშვო მუსიკალურ წრეზე მიგვიყვანეს და საბავშვო ანსამბლშიც ვმღეროდით. სხვათა შორის, მაშინ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, დათო კილაძე, რომელიც დასარტყამი ინსტრუმენტის შემსწავლელ წრეზე დადიოდა. იმ პერიოდში ჩვენს სკოლაში ცნობილმა ლოტბარმა სულიკო ვეფხვაძემ საბავშვო გუნდი დააარსა. მაშინ გავიცანი მარინა ახვლედიანი, ჩემი უახლოესი მეგობარი და მერე უკვე ბავშვის ნათლიაც. ბატონმა სულიკომ მე და მარინა გუნდის სოლისტებად აგვირჩია. მე მეშვიდე კლასში ვიყავი, მარინა – მერვეში. ეს ის დროა, თბილისში ანსამბლი „მზიური“ რომ შეიქმნა, პარალელურად ქუთაისში „აიეტი“ (ხელ. თამაზ კაკაბაძე) დაარსდა და ამ ანსამბლშიც ერთად ვმღეროდით მე და მარინა. და ასე ერთად მოვდივართ დღემდე. ანსამბლში ჩემი მეუღლეც (დათო კილაძე) უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტზე.

ბატონმა სულიკო ვეფხვაძემ მე  და მარინა  ქუთაისში კიროვის სახელობის სამკერვალო ფაბრიკაში არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლშიც მიგვიწვია სოლისტებად, სადაც იგი გუნდს დირიჟორობდა. დავიწყეთ გუნდთან თანამშრომლობა და ერთ დღესაც შემოგვთავაზეს, საქართველოზე ხომ არ იმღერებთ რამესო. ვფიქრობდით, რა ვიმღეროთო, მაგრამ ორ ხმაში ხომ არ ვიმღერებდით? ამ დროს ოთახში შემოდის ქრისტინე სუთიძე, ჩვენი მეგობარი, რომელიც მაშინ სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა და მარინამ უთხრა: ქრისტი, მოდი, მესამე ხმა მოგვეციო… მოკლედ, დავიწყეთ „ქარი გიმღერის ნანასა…“ და ტრიომ პირველად ეს სიმღერა შევასრულეთ კონცერტზე, რომელიც დაგეგმილი იყო. 1981 წელი იდგა, რამდენიმე თვის იყო მაშინ ჩემი პირველი შვილი, სოფო, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენთან ერთად იზრდებოდა და ახლა, იტალიაში, ჩვენ გვერდით დგას სცენაზე და კვლავ ტრიო „ტერციას“ სახელით ვაგრძელებთ მოღვაწეობას, ქრისტინე კი საქართველოდან გვადევნებს თვალყურს, სამშობლოში გველოდება…

ერთი სიტყვით, ჩვენი სიმღერა საქართველოზე ისე ძალიან მოეწონათ, რომ მერე უკვე ხშირად გვიწვევდნენ სხვადასხვა ღონისძიებაზე, ქუთაისისთვის ცნობილი ტრიო ვხდებით და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ აქვს. გვიწვევენ თბილისში ფილარმონიაში, ტელეგადაცემებში, ჩვენ თვითონაც გავხდით ტელეკომპანია „რიონის“ თანამშრომლები, 15 წლის იუბილეც გადაგვიხადეს… ეჰ, რა ვიცი, მართლაც დიდი და საინტერესო ისტორია აქვს  ტრიო „ტერციას“, მაგრამ ერთ დღესაც ეს ყველაფერი დავთმეთ ჩვენს ცხოვრებაში არსებული მდგომარეობის გამო და ემიგრაციაში წამოვედით. 2003 წელს მარინა წამოვიდა იტალიაში, 2004 წელს – მე და 2005-ში ჩემი შვილი, სოფო ჩამოვიდა. ერთი წლით მოვდიოდით ყველა, გვეგონა, მალე დავბრუნდებოდით, მაგრამ აგერ უკვე 19 წელია აქ ვარ, ჩვენი ტრიო კი 12  წელია იტალიაში აგრძელებს მოღვაწეობას. მადლობა უფალს, რომ საშუალება მოგვცა, ისევ ერთად ვაკეთოთ საყვარელი საქმე და ემიგრაციული ცხოვრება ცოტათი მაინც გავილამაზოთ.

რაც შეეხება კონკრეტულად თქვენს შეკითხვას, მოხდა ისე, რომ ქართველი ემიგრანტების თხოვნით, საქართველოს საპატრიარქომ 12 წლის წინ ფლორენციაში მამა ანდრია (ლაცაბიძე) მოავლინა და ემიგრანტებს საშუალება მოგვეცა, უცხო მიწაზე წირვა-ლოცვა მშობლიურ ენაზე მოგვესმინა. მამა ანდრიას კურთხევით, ჯერ მგალობელთა გუნდი, მერე კი წმინდა ნინოს მართლმადიდებლურ ტაძართან არსებული ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნანილა“ შეიქმნა, რომელიც ერთი დიდი ოჯახია. ანსამბლის ქორეოგრაფი რიტა სიმსივეა, რომელიც ასევე ქუთაისიდან არის, მუსიკალური ხელმძღვანელი კი – მაია სიმონიშვილი. მათი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რომ ანსამბლი „ნანილა“ ღირსეულად ახერხებს ჩვენი ქვეყნის წარმოჩენას როგორც იტალიაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

რიტა სიმსივესთან და მაია სიმონიშვილთან ერთად

და მათთან ერთად ტრიო „ტერცია“, ცხადია…

ჩვენ პირველად მგალობელთა გუნდში მივედით და დღემდე ვგალობთ სამივე. მერე ანსამბლში სოლო სიმღერებს ვმღეროდით. ერთ დღესაც სოფოს ვუთხარი, მოდი, პირველი ხმა იმღერე-მეთქი, მაშინ მე მეორეს ვიმღერებო, მარინამ თქვა, მე კი მომიწია მესამე ხმა მემღერა, ქუთაისში სულ მეორე ხმას ვმღეროდი. სოფიკომ ძალიან გაგვიმართლა, ბავშვობიდან შესისხლხორცებული აქვს ჩვენი პროგრამა, რომელსაც ახლა აქ, ემიგრაციაში ვიყენებთ.  ხშირად რეპეტიციებიც არ გვაქვს, ტელეფონზე დავრეკავთ, შევთანხმდებით და… აი, ასე ხელჩაკიდებულები მოვდივართ ანსამბლ „ნანილასთან“ ერთად უკვე 12 წელია.

ტრიოს „ტერცია“ ვინ დაარქვა და რატომ?

შექმნის დღიდან, სცენაზე გასვლისას, ჯერ გვაცხადებდნენ, როგორც გოგონათა ტრიოს, მერე გავხდით ქალთა  ტრიო, ერთხელაც თეატრში გვქონდა კონცერტი და გვითხრეს: გავიგეთ, გოგოები იყავით, გავიგეთ, ქალები ხართ და სახელი არ გინდათ დაირქვათო (იცინის)?.. კულისებში ვიყავით,  უცებ გამახსენდა, რომ თბილისში იყო ტრიო „ჰარმონია“ და  ვთქვი, თბილისში არის „ჰარმონია“, სამნი ვართ და მოდი, ჩვენ ,„ტერცია“ დავირქვათ-მეთქი, –  მუსიკაზე გავაკეთე აქცენტი.

ესე იგი, ტრიოს ნათლია თქვენ ხართ…

ასე გამოდის… იმ კონცერტზე გამოგვაცხადეს, როგორც ტრიო „ტერცია“ და  მას შემდეგ ამ სახელით მოვდივართ.

იტალიაში კონცერტები ხშირად გაქვთ?

ადრე უფრო ხშირად გვქონდა, ფესტივალებშიც ვმონაწილეობდით, მერე „კორონას“ გამო გვქონდა დიდი პაუზა, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვჩერდებოდით. რეპეტიციები თვეში ოთხჯერ ან ხუთჯერ გვაქვს, კვირა დღეს და ზოგჯერ მე თვითონაც მიკვირს, როგორ მოვედით დღემდე ასეთი რეპეტიციებით, აქ ხომ შენ თავს არ ეკუთვნი… ერთი დღე გვაქვს თავისუფალი და მაშინ ვიკრიბებით. კარგი ისტორიები აქვს ანსამბლ „ნანილას“, კონცერტები ხშირად საქველმოქმედო ხასიათისაა და, მამა ანდრიას წყალობით, შემოსავალი საქართველოში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს ხმარდება. ახლა  საიუბილეო კონცერტისთვის ვემზადებით – ნოემბერში გვექნება. რაღაც ფესტივალზეც არის საუბარი, ახლახან კი საფრანგეთში ვიყავით, პარიზში შედგა ნამდვილი ქართული ზეიმი, ერთობის, სიყვარულის ზეიმი. სამი ევროპული ქვეყნის ქართული სამრევლოების გაერთიანებამ საოცარი მუხტი შექმნა და გულგრილი არავინ დატოვა.

მესამე ქვეყანა რომელი იყო?

ბარსელონიდანაც (ბარსელონის სამრევლო, წინამძღვარი არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი) იყო ანსამბლი, აქედან „ნანილა“ წავედით და საფრანგეთში კი „თამარიონია“. არქიმანდრიტმა მამა ანტონმა დააფუძნა ეს ერთობის ზეიმი საფრანგეთში. ძალიან სასიამოვნო იყო ყველაფერი და თან მტკივნეულიც. მიხაროდა და თან ცრემლი მდიოდა ამდენ ახალგაზრდას, პატარებს რომ ვუყურებდი და ვუსმენდი.  ქართულ ილეთს უხსნი, ბავშვები კი ფრანგულად საუბრობენ, რადგან, სამწუხაროდ, მათი ენა ქართულზე მეტად იმ ქვეყნის ენაა, სადაც იბადებიან და იზრდებიან… თუ გონებიდან წუთით წაშლიდი, რომ პარიზში ხარ, გეგონებოდა, საქართველოში ტარდებოდა ფესტივალი. აქეთ „ჩაკრულო“, იქით პოპურები… სასიამოვნო მოსასმენი და საყურებელი იყო ყველაფერი. თავისთავად ვაკეთებთ იმ საქმეს, რასაც ჩვენი ჰქვია, მაგრამ ჩვენს ქვეყანას რამდენი ასეთი ადამიანი აკლია?! ძალიან კარგი ახალგაზრდები იყვნენ, პაწაწუნებიც საოცარი… ღონისძიება რომ დასრულდა, მამა ანტონმა გვითხრა, რომ ყველა მონაწილე ფორმებით ეიფელის კოშკისკენ წავსულიყავით და მერე კოშკთან ახლოს გაიმართა ცეკვები, სიმღერები… დაუვიწყარი დღეები გვქონდა.

როგორც გითხარით, ნოემბერში „ნანილს“ საიუბილეო საღამო გვაქვს და ჩვენმა „მამაომ“, მამა ანდრიამ (ფლორენციის წმ.ნინოს სამრევლო)  ყველა მოიწვია საღამოზე, მერე ბარსელონაშიც გავემგზავრებით… როგორც მამა ანტონმა თქვა, ემიგრანტებმა ჩვენი ხელოვნება უნდა დავანახოთ თუნდაც თითოეულ ქალაქს, სადაც ვართ…

თქვენი სიმღერის ნიჭი გენეტიკურია?

კი, გენეტიკურია, კარგად მღეროდნენ ჩემი მშობლები, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში ერთად დადიოდნენ ახალგაზრდობისას. დეიდას კი კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული და მახსოვს, კონცერტებზე დამატარებდა ხოლმე ოპერაში. პატარა ვიყავი და მისი მეგობრები რომ მხედავდნენ, მეკითხებოდნენ, რა გინდა გამოხვიდეო? მომღერალი! – ვპასუხობდი მაშინვე. არ შეიცვალო აზრიო, ომარ კელაპტრიშვილი მეუბნებოდა – როგორ მახსოვს!

ფაქტია, აზრი არ შეგიცვლიათ, პროფესია ბავშვობიდან აგირჩევიათ…

კიი (იცინის)… პროფესიით ვოკალისტი ვარ, ვოკალისტია მარიკაც. ჩვენ ერთად ჩავაბარეთ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ვოკალურ განყოფილებაზე და ერთად ვსწავლობდით. წლების შემდეგ მიგვიწვიეს ტელეკომპანია „რიონში“ სამივე, საბავშვო სტუდიის პედაგოგებად.

იმ პერიოდში ტელეკომპანია „რიონში“ ჩამოყალიბდა საბავშვო ანსამბლი „ენკი-ბენკი“. საბავშვო რედაქციის ხელმძღვანელი ბელა რაზმაძე ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეს ბავშვები ძალიან ბედნიერები ყოფილიყვნენ. ჩვენც შემოგვთავაზა, მიუზიკლი დაგვედგა – ძალიან ლამაზი მიუზიკლი გამოვიდა. ამ ანსამბლში ჩემი, მარინას და ქრისტინეს შვილებიც იყვნენ.

გავიდა დრო, ბავშვები წამოიზარდნენ და ჩვენც გაგვიჩნდა აზრი, რომ საკუთარი სტუდია შეგვექმნა. შევქმენით კიდეც, ცოტა ხანში კი ანსამბლიც ჩამოვაყალიბეთ, სახელწოდებით „ჩიპოლინო“. ბევრი პატარა გვყავდა, ძალიან კარგად მღეროდნენ და ხშირად გვიწვევდნენ კონკურსებზე ბათუმში, თბილისში, ფოთში… ქობულეთში საკუთარ კონცერტებს ვატარებდით. უჰ, ძალიან კარგი მოგონებები გვაქვს სურათების თუ ჩანაწერების სახით.

მერე, როცა ერთ დღესაც მარინა იტალიაში გულდაწყვეტილებმა გავაცილეთ, სანამ მეც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ჩემი შვილი – თამარი მიწევდა კონცერტმაისტერობას, სოფოც ხშირად მოდიოდა სტუდიაში. ცოტა ხანში უკვე მეც დავიწყე საუბარი, რომ იტალიაში  წავსულიყავი, ვფიქრობდი, რომ სხვა სტუდიებში გადავანაწილებდი ბავშვებს, ვისაც ამის სურვილი ექნებოდა, მაგრამ მშობლები მეუბნებოდნენ, თამუნა და სოფო მიხედავენ აქაურობას და ამასობაში თქვენც ჩამოხვალთ, ჩვენ დაგელოდებითო. ისეთი გადაწყვეტილებით წამოვედი, თითქოს ერთ წელში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ…

რამდენი შვილი გყავთ?

სამი: სოფო, თამარი და გიორგი. როგორც გითხარით, სოფიკო მალევე ჩამოვიდა ჩემთან, იტალიაში. აქ გაიცნო ძალიან კარგი ქართველი ბიჭი, გიორგი ჭიტაძე და დაქორწინდნენ. ბედს მოჰყავდა ალბათ აქეთ სოფო. ჰყავთ ორი შვილი – 15 წლის მარიამი და 11 წლის თეკლა. ორივე აქ დაიბადა. ღმერთის წყალობით, გვაქვს სახლი, რომელიც მათ იტალიაში იყიდეს – ყველა ერთად ვცხოვრობთ. სანტა კროჩე სულ არნო ჰქვია ამ პატარა ქალაქს. ქართულად ითარგმნება, როგორც „წმინდა ჯვარი“… სულ არნო მდინარეა, პიზისა და ფლორენციის შუაში ვართ.

ჩემი მეუღლე, დათო, უფრო ადრე, 1998 წელს წავიდა ქ.როსტოვში და მასთანაა ჩვენი ვაჟი, გიორგი, რომელიც 2004 წელს, როცა იტალიაში წამოვედი, მამასთან გავუშვი. 15 წლის იყო მაშინ. ახლა უკვე დაქორწინებულია, ლამაზი და ჭკვიანი მეუღლე ჰყავს – იულია.

თამარი კი საქართველოში მყავს თავისი ოჯახით. ჩემი შვილი და სიძე, ბესო კრავიშვილი ლათინოამერიკული ცეკვების პედაგოგები არიან, დიდი სტუდია აქვთ ქუთაისში და წარმატებით უძღვებიან თავიანთ საქმეს. მათაც ორი შვილი ჰყავთ: გიორგი და გაბრიელი. ოთხი შვილიშვილის ბებია ვარ – ორი საქართველოში მყავს, ორიც – იტალიაში.  ჩემს შვილიშვილს, გიორგის დიდი წინსვლა აქვს  ცეკვაში და ბებიას ძალიან უხარია.

შვილიშვილები სიმღერის მხრივ არ აგრძელებენ ტრადიციას?

სიმღერის მხრივ – არა, თუმცა გენეტიკა თავისას შვება, სმენა აქვთ და  სახლში მღერიან, როცა სურვილი აქვთ..

მარიამმა და თეკლამ, იტალიაში  დაბადებულმა  შვილიშვილებმა, ქართული იციან?

კი, იციან, ქართულად ვსაუბრობთ ოჯახში, თუმცა ქართულ გრამატიკაში ცოტა მოიკოჭლებენ და სოფომ ამის გამო უკვე ერთი წელია, ქართველი მასწავლებელი მოძებნა, რომელიც ონლაინ ამეცადინებთ მათ ქართულში და ძალიან კმაყოფილები ვართ.

თქვენ თუ მღერით იტალიურად?

კი, გვაქვს იტალიური ნომრები, კონცერტი როგორც ითხოვს, იმის მიხედვით.

რას ფიქრობდით, როცა უცხოეთში მიდიოდით და ახლა, წლების შემდეგ რა სათქმელი გაქვთ?

როცა მივდიოდი, ვფიქრობდი, რომ ერთ წელიწადში დავბრუნდებოდი მშობლიურ ქვეყანაში, ჩემს სახლში. მე და მარინა გეგმებს ვაწყობდით, ვამბობდით, კარგი აპარატურა შევიძინოთ და ისე გავაგრძელოთო ჩვენი შემოქმედებითი მოღვაწეობა საქართველოშიო, მაგრამ… მახსოვს, გზაში ვიღაც ქალის საუბარი მოვისმინე და ვიფიქრე, ერთი წელი არ მეყოფა-მეთქი – ორ წლამდე გავზარდე ჩემი ემიგრანტობის ვადა და ახლაც აქ ვარ, არ გამნელებია უკან დაბრუნების სურვილი. გონებით სულ საქართველოში ვარ. შევხედავ – ხეა, მაგრამ არაა ჩემი! არც ეს ყვავილები, გვირილებია ჩემი… მოგონებებში ვხედავ ყველაფერს, წინ ვერ მივდივარ, მინდა, რომ ქუთაისში ვიყო, მინდა, თბილისში ვიყო…

და ასეთ ვითარებაში, უცხო გარემოში რა გაძლევთ სტიმულს, რომ იმღეროთ, იგალობოთ?

როცა შენი საქმე გიყვარს, ეს უკვე სტიმულია. მანქანას ბენზინი რომ უთავდება, ჩერდება, როცა ჩაასხამ, ისევ „გარბის“. ჩვენთვის კვირა დღე არის ეს სტიმული.

საქართველოშიც მქონდა შემოთავაზება, რომ მეგალობა, მაგრამ სამი შვილი, სტუდია, კონცერტები და… უარი ვთქვი. გადის დრო და ახლა იტალიაში ვგალობ ეკლესიაში, რასაც ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

ოჯახები, სადაც მუშაობთ, ხელს რამდენად გიწყობენ, რომ თქვენს შემოქმედებას გარკვეული დრო დაუთმოთ?

სხვათა შორის, ძალიან გვიწყობენ ხელს. ხელოვნებას პატივს სცემენ და რომ გაიგებენ,  ვგალობთ, მერე ჩვენს კონცერტებზე მოდიან. ძალიან კარგები არიან, სასიამოვნოა მათი გამოჩენა დარბაზში, რომ გელაპარაკებიან და გახარებულები არიან. სხვათა შორის, ახლა ყველა კვარაცხელიას (ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია – რედ.) ახსენებს: „თქვენ კვარაცხელია?“ –  იმას კი არ ამბობენ, რომ ქართველი ხარ… გიჟდებიან მასზე… როცა ჩამოვედი, საერთოდ აზრზე არ იყვნენ, სად იყო საქართველო, ვინ ვიყავით; ფიქრობდნენ, არაფერი ვიცოდით, გვასწავლიდნენ, რომ ეს ბადრიჯანია, ეს მაცივარია და ა. შ.

ამბობენ, ემიგრაციას ერთიანობა აკიაო – თქვენ რას ფიქრობთ?

მე რა სიტუაციაშიც ვარ, აქ ერთიანობის გარეშე ეს ყველაფერი ვერ შედგებოდა.

ემიგრანტების ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?

თვითონ ემიგრანტობა…

საქართველოდან სიმბოლურად რამე ნივთი თუ გაქვთ წაღებული, რომლის გარეშეც ვერ ძლებთ?

ნივთი – არა, ეს საქართველოდან წამოღებული ქართული მიწაა. როცა მოვდიოდი, ვამბობდი, რომ დავბრუნდები და ჩემს მიწას ფეხს დავადგამ, ვაკოცებ-მეთქი. 6 წლის შემდეგ მოვახერხე პირველად ჩამოსვლა, დავიჩოქე და ვეფერებოდი ქართულ მიწას. აქაც ვეფერები…

თუმცა ახლა ალბათ ახერხებთ, რომ უფრო ხშირად ჩამოხვიდეთ სამშობლოში…

კი, ყოველ ორ წელში ერთხელ ჩამოვდიოდით, მერე – ყოველ წელს, მაგრამ წელს ვერ მოვდივარ, იმიტომ, რომ აქეთ ჩამოდიან ჩემი შვილები.

ისინიც ხომ არ აპირებენ იტალიაში დარჩენას?

არა, არა!.. ღვთის წყალობით, იქნებ საქართველოში ცოტა მიწყნარდეს და მოწესრიგდეს ყველაფერი, რომ პირიქით, ჩვენს ქვეყანაში გამოვიქცეთ…

თქვენი საყვარელი ქართველი მომღერალი ვინაა?

ბავშვობაში ანსამბლი „ივერია“ მიყვარდა ძალიან, მერე უკვე ნატო გელაშვილს ვუსმენდი სიამოვნებით… ასევე ძალიან მიყვარს ანრი ჯოხაძე, თამრიკო ჭოხონელიძე…

ნატო გელაშვილი იტალიაში გაიცანით პირადად?

კი, ჩვენს კონცერტზე გვყავდა მოწვეული და გავიცანი. ძალიან კარგი კონცერტი ჩატარდა მაშინ და სასიამოვნო მოგონებები დამიტოვა. სიმართლე გითხრათ, ბედნიერი ვარ და იცით, რით? უფალმა არ დამტოვა! არავის გვტოვებს, მაგრამ  ამ საქმეში?! აქ, უცხოეთში?! ეს  რაღაც სასწაულია. მართლა ძალიან ვუყვარვარ-მეთქი, ხშირად ვამბობ. მართლა მისი შვილი ვარ…

თანამემამულეებს, ქართველ ემიგრანტებს რას ეტყოდით საჯაროდ?

უფრო ვისურვებდი, რომ ყველანი მალე დაბრუნდნენ საკუთარ სახლში, ყველამ თავისი მისია შეასრულოს: ქალი ქალობდეს, დედა დედობდეს, ნათესავი ნათესაობდეს და ადამიანი ადამიანობდეს! ეს სურვილი მინდა ამისრულდეს.

ტრიო „ტერცია“ ხომ არ აპირებს საქართველოში ან იტალიაში სოლო კონცერტის გამართვას?

ეს გეგმა გვქონდა, ქუთაისში უნდა გვქონოდა კონცერტი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შევძელით ამ გეგმის განხორციელება. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს, ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს და ქრისტინეც საქართველოში გველოდება…

დაბოლოს…

ვლოცულობ, ჩვენს ქვეყანაში ისე აეწყოს ყველაფერი, რომ მალე ყველა დავბრუნდეთ საქართველოში, ჩვენს ოჯახებში. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი იქნება.

თამარ ოთიაშვილი

ტრიო „ტერცია“ პირველი შემადგენლობით: ლაურა ქუთათელაძე, მარინა ახვლედიანი, ქრისტინე სუთიძე.

ტრიო „ტერცია“ იტალიაში: ლაურა ქუთათელაძე, მარინა ახვლედიანი, სოფიო კილაძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close