ვიდეოსპორტი

საქართველოს ნაკრებმა ალბანეთს სტუმრად მოუგო და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია (ვიდეო)

ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგაზე 7 სექტემბერს ჩეხეთთან ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ტირანაში ჩავიდა ალბანეთის ნაკრებთან სათამაშოდ. ქოჩორაშვილის ბრწყინვალე ერთადერთი გოლით საქართველომ გაიმარჯვა, ალბანეთიდან 3 ქულა წამოიღო და 2 თამაშიდან 2 მოგებით ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ვილი სანიოლმა შემადგენლობა არც ამჯერად შეცვალა და თავიდან იგივე მოთამაშეები გაიყვანა „აირ ალბანია არენაზე“, რომლებიც ჩეხეთთან შეხვედრაში.

მატჩის დასაწყისში მასპინძლები უფრო აქტიურები იყვნენ, თუმცა რეალური სახიფათო მომენტები ვერ შექმნეს. „ჯვაროსნები“ კი უფრო და უფრო უმატებდნენ თამაშს და ამწვავებდნენ, მაგრამ  პირველი ტაიმი „მშრალი“ გამოდგა – 0:0.

სტუმრებს 69-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ვერ ისარგებლეს და საგოლე მომენტის შანსი ვერ გამოიყენეს ქოჩორაშვილმა, მიქაუტაძემ და კაკაბაძემ. 71-ე წუთზე კი გიორგი ქოჩორაშვილმა შეცდომა გამოასწორა, ორ ფეხბურთელს გასცდა, საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა კარში და შესანიშნავი გოლი გაიტანა, ალბანეთის ნაკრების მეკარემ რეაგირებაც ვერ მოასწრო, მხოლოდ თვალი გააყოლა, როგორ გაეხვია ბურთი ბადეში.

და საქართველო დაწინაურდა – 1:0.

საქართველოს ნაკრებს კიდევ ჰქონდა რეალური საგოლე მომენტები – ანგარიშის გაზრდა 87-ე წუთზე შეეძლო დავითაშვილის, თუმცა ბურთი ალბანელთა მეკარემ მოიგერია, 90-ე წუთზე კი ისევ მეკარემ იმარჯვა და თავისი გუნდი გიორგი ჩაკვეტაძის გოლისგან გადაარჩინა.

მატჩი საბოლოოდ 1:0 დასრულდა საქართველოს გამარჯვებით.

საქართველოს ნაკრებს 2 მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. თითო მოგების და თითო წაგების შემდეგ 3-3 ქულა აქვთ ალბანეთს და ჩეხეთს (რომელმაც დღეს უკრაინას მოუგო 3:2).

11 ოქტომბერს ჩვენი ეროვნული ნაკრები უკრაინას შეხვდება პოლონეთში, ხოლო 14 ოქტომბერს ალბანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

ნუცა ყაველაშვილი

ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები:

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close