რას არ გაიგებ/ფაქტები

ნორვეგიაში არწივი 20 თვის ბავშვს დაესხა თავს – ეს ბოლო 5 დღის მანძილზე არწივის ადამიანზე თავდასხმის მეოთხე შემთხვევაა

ნორვეგიაში, ტრონჰეიმიდან დასავლეთით, 63 კმ-ში მდებარე დასახლება ორკლენდში, არწივი 20 თვის გოგონას დაესხა თავს. თავდასხმის დროს გოგონა სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობდა და იქვე დიდებიც იმყოფებოდნენ.

მოულოდნელად მოფრენილმა არწივმა გოგონას კისერში ჩაარჭო კლანჭები და მისი ჰაერში ატაცება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. იქვე მყოფი ბავშვის დედა ჩაეჭიდა არწივს, მაგრამ ბავშვი მაშინვე ვერ გააშვებინა, ხოლო როცა შეძლო და ბავშვი მისი კლანჭებიდან დაიხსნა, არწივი არ გაფრინდა და კიდევ  შეეცადა შეტევაზე გადასვლას. ბავშვის დედის დასახმარებლად მისულმა მეზობელმა ჯოხით შეძლო არწივის მოგერიება.

გოგონას არწივის კლანჭებისგან ზურგზე, ნიკაპის ქვემოთ და სახეზე ჰქონდა ჭრილობები და ნაკაწრები და რადგან მას კლანჭის თუ ნისკარტის ღრმა ნაკვალევი თვალიდან ორ სანტიმეტრში ჰქონდა, ნარკოზი გაუკეთეს, რათა გამოეკვლიათ, ხომ არ იყო დაზიანებული თავის ტვინის ქერქი.

გოგონას მამის მიერ პრესისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მას ზურგზე ნაკერები დაადეს და ახლა ყველაფერი კარგადაა.

ნორვეგიის ოთხ სხვადასხვა ადგილას ხუთი დღის განმავლობაში მომხდარი ოთხი თავდასხმა, განსაკუთრებით კი – ბოლო, როდესაც არწივი 20 თვის ბავშვს თავს დაესხა მაშინ, როდესაც ის მარტო არ იმყოფებოდა, სპეციალისტთა უკიდურეს გაკვირვებას იწვევს. ისინი მიიჩნევენ, რომ არწივების ქმედება არანაირ ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება.

„მომხდარში არანაირი ლოგიკა არაა. ეს შავი ხვრელია. ეს არანორმალური ქცევაა“, – აცხადებს ნორვეგიელი ორნითოლოგი ალვ ოტარ ფოლკესტადი.

მან ოთხივე თავდასხმის შესახებ არსებული კადრები ნახა და ამბობს, რომ ეს ყველაფერი, გამომდინარე შემთხვევის ადგილების ერთმანეთისგან დაშორებიდან, ჩაიდინა სხვადასხვა არწივმა, ასაკით ახალგაზრდებმა, რომლებსაც ბუდე ახალი დატოვებული აქვთ და ნადირობას ახლა სწავლობენ.

არწივის ადამიანზე თავდასხმა პირველად სამშაბათს ტიინში დაფიქსირდა. არვიდ ფლტეს თქმით, არწივი მასზე დაახლოებით 20 წუთი პიკირებდა.

მეორე შემთხვევაში არწივი ფრენსის არი სტურეს  გლიტერტინდის მთიდან დაშვების დროს დაესხა თავს. მისი თქმით, ზურგში დარტყმა იგრძნო და შემდეგ, მისგან ორ მეტრში მიწაზე დაშვებული არწივი დაინახა. არწივმა ექვსჯერ მიიტანა მასზე იერიში, სტურე მას ჩანთით იგერიებდა, სანამ ფრინველი არ გაფრინდა.

მესამე შემთხვევაში ჰოლტოლენში, ქოხთან ახლოს მოხდა. მარიან მირვანგი ამბობს, რომ მან ზურგში დარტყმა იგრძნო, მუხლებზე დაეცა და თავთან ახლოს და წინ არწივი დაინახა. მარიანმა ყვირილი ატეხა და ტოტით ხელში მის დასახმარებლად მისულმა მეუღლემ შეძლო არწივის გაგდება, თუმცა ის შორს კი არ გაფრინდა, იქვე, ღობესთან ახლოს, ქვაზე დაჯდა.

არწივი, რომელიც შაბათს 20 თვის გოგონას დაესხა თავს, დააძინეს.

ipress.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close