ვიდეოსპორტი

პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე – საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია! (ვიდეო)

საქართველო მერვედფინალურ მატჩში ესპანეთს შეხვდება 30 ივნისს

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა. „ჯვაროსნები“ თავის პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდნენ!

ფაქტები

  • ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა დიდ ტურნირზე. მას საქართველოს ნაკრებში 33 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი.
  • ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში 5 ყველაზე სწრაფ გოლს შორის შედის. მან პორტუგალიის კარი მატჩის დაწყებიდან 92-ე წამზე აიღო.
  • პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე სწრაფი გოლი სწორედ საქართველოს ნაკრებისგან გაუშვა.
  • გიორგი მიქაუტაძე გარეტ ბეილის შემდეგ (2016) პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო სამ შეხვედრაში გოლი გაიტანა ან ასისტი შეასრულა.
  • საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ამ ეტაპისთვის უნგრეთზე, შოტლანდიაზე, იტალიაზე, ხორვატიაზე, ალბანეთზე, ინგლისზე, დანიაზე, სლოვენიაზე, სერბეთზე, საფრანგეთზე, პოლონეთზე, სლოვაკეთზე, ბელგიაზე, უკრაინაზე და ჩეხეთზე მეტი გოლი გაიტანა.

I ტაიმი

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საწყის ორ მატჩში ერთი ქულა მოიპოვა – ჩეხეთთან 1:1 ითამაშა. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩვენს გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. ეს „ჯვაროსნებისთვის“ დამატებითი სტიმული აღმოჩნდა – მოედანზე მაქსიმალურად მობილიზებული გავიდნენ. მეორე წუთზევე მიეცა გატანის კარგი შანსი და მიქაუტაძის პასით კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.

„ტოტენჰემის“ მწვრთნელი ენჯ პოსტეკოგლუ უეფა-სთვის – საქართველომ საოცრად დაიწყო. კვარაცხელიასთვის გაკეთებული საგოლე გადაცემა ბრწყინვალე იყო, რადგან მას ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა არ დასჭირდა. ერთი შეხება და დაგვირგვინება.

პირველი ტაიმის სტატისტიკა: მამარდაშვილმა ბურთი 3-ჯერ მოიგერია. კარის ჩარჩოში დარტყმა: საქართველო 1, პორტუგალია – 3. კარის მიმართულებით: საქართველო 3, პორტუგალია – 9. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობაში პორტუგალიელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, საქართველოს ნაკრები მხოლოდ 4-ჯერ დაჯარიმდა. ჩვენს მეტოქეს კი პირველ ტაიმში ორი ჯარიმა და ორი ყვითელი ბარათი ჰქონდა.

II ტაიმი

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, მოედნის ცენტრს კვლავ პორტუგალიელები აკონტროლებდნენ, ქართველები კი მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. ერთ-ერთი ასეთი იერიშისას ლოჩოშვილი პორტუგალიელებმა საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა და საქართველო 2:0 დაწინაურდა.

3 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გიორგი მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იგი მე-9 მოთამაშეა, რომელმაც ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გოლი გაიტანა. იგი ისეთ ფეხბურთელებს შეუერთდა, როგორებიც არიან: ალან შირერი, ხრისტო სტოიჩკოვი, სავო მილოშევიჩი, მილან ბაროში, რუუდ ვან ნისტელროი, გარეთ ბეილი და კრიშტიანუ რონალდუ.

1tv.ge

p. s. (nostal.ge)  26 ივნისს გაიმართა ჩეხეთი-თურქეთის შეხვედრაც, რომელიც თურქეთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა 2:1.

F ჯგუფში პირველ ადგილზე პორტუგალია გავიდა, მეორე ადგილი თურქეთმა დაიკავა, ხოლო მესამე საქართველოა, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია და მერვედფინალში გავიდა.

საქართველო მერვედფინალურ მატჩში 30 ივნისს ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელმაც B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა 3 მოგებით და 9 ქულით. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.

რაც შეეხება სხვა თამაშებს: პირველი მერვედფინალური მატჩი 29 ივნისს გაიმართება 20:00 სთ-ზე (თბილისის დროით) და ერთმანეთს იტალია და შვეიცარია დაუპირისპირდებიან. იმავე დღეს, 23:00 სთ-ზე გერმანიისა და დანიის ეროვნული ნაკრებების თამაში დაიწყება.

30 ივნისს საქართველო-ესპანეთის მატჩის გარდა მეორე შეხვედრაცაა 20:00 სთ-ზე ინგლისსა და სლოვაკეთს შორის.

1-ელ ივლისს კი საფრანგეთი დაუპირისპირდება ბელგიას (20:00 სთ), ხოლო პორტუგალია – სლოვენიას (23:00 სთ).

2 ივლისს რუმინეთი ნიდერლანდებს შეხვდება (20:00 სთ), ხოლო ავსტრია – თურქეთს (23:00 სთ) და ამით დასრულდება მერვედფინალების ეტაპი.

მეოთხედფინალები 5 და 6 ივლისს გაიმართება.

9 და 10 ივლისს ნახევარფინალური შეხვედრები ჩატარდება, ხოლო 14 ივლისს ბერლინის ოლიმპიური სტადიონი ფინალურ შეხვედრას უმასპინძლებს, რომელშიც ევრო 2024-ის წლევანდელი გამარჯვებული გამოვლინდება.

ნახეთ პორტუგალია-საქართველოს  მატჩის საუკეთესო მომენტები:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close