ჩვენი ფავორიტისაქართველოსპორტი

ვაჩვენეთ, რომ ერთად ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და არავისზე ნაკლები ვართ – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ში მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს კიოლნის „რაინ ენერგი შტადიონზე“ B ჯგუფის გამარჯვებულ ესპანეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

უეფამ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. ხვიჩა მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო. გოლის გარდა, მან კარში ზუსტად ორჯერ დაარტყა, ორიდან ორი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, რვა დუელი მოიგო და მეტოქეები ხვიჩასთან უხეში თამაშისთვის ოთხჯერ დაჯარიმდნენ.

ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ, ყველას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ყველაფერი შეგვიძლია, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიასთან გამარჯვების და ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოპოვების შემდეგ პრესკონფერენციაზე.

„ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ, დიდ პატივს ვცემთ, კარგი თამაშებიც ვაჩვენეთ მათ წინააღმდეგ. როგორც ესპანეთი, ასევე პორტუგალიაც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ დღეს ყველამ ვნახეთ, რომ ყველა გუნდთან თამაში შესაძლებელია“, – თქვა საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ თავდამსხმელმა.

„ევროპის ჩემპიონატზე ადვილი მეტოქე არასდროს გხვდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა შრომამ მაქსიმუმი შედეგი გამოიღოს. ყველასთან გავალთ საბრძოლველად, მნიშვნელობა არ აქვს, დღეს ესპანეთი იქნება თუ პორტუგალია – ჩვენ გავალთ საბრძოლველად და მოსაგებად“, – აღნიშნა კვარაცხელიამ.

ფეხბურთელის თქმით, იმითაც ბედნიერია, რომ რონალდუს მაისურიც აქვს.

„ბედნიერები ვართ, რონალდუს მაისურიც მაქვს და შემდეგ ეტაპზეც გავედით. ვერ წარმოვიდგენდი, რაც რონალდუსთან მოხდა. თამაშამდე მოვიდა და წარმატებები მისურვა. ის დიდი ფეხბურთელი და პიროვნებაა. იტალიის ჩემპიონობით ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს წარმატება უფრო მეტია“, – ამბობს ხვიჩა და ქართველ ქომაგებს მადლობას უხდის, რომ ფეხბურთელებს თავი ისე აგრძნობინეს, თითქოს საქართველოში თამაშობდნენ.

„ქომაგებმა ძალიან დიდი მუხტი მოგვცეს, ამდენი ხალხი ჩამოვიდა გერმანიაში. ჩვენ მოედანზე აბსოლუტურად დამუხტულები ვთამაშობდით. ყველა გულშემატკივარს დიდი მადლობა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ერთად ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და არავისზე ნაკლები ვართ და კიდევ გვაქვს შანსი, რომ წინ და წინ ვიაროთ ყველამ ერთად“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

მანანა ბანძელაძე

პ. ს. შეგახსენებთ, რომ F ჯგუფში პირველ ადგილზე პორტუგალია გავიდა, მეორე ადგილი თურქეთმა დაიკავა, რომელმაც ბოლო შეხვედრაში ჩეხეთს სძლია (2:1), ხოლო მესამე ადგილზე საქართველოა, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია და მერვედფინალში გავიდა.

საქართველო მერვედფინალურ მატჩში 30 ივნისს ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელმაც B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა 3 მოგებით და 9 ქულით. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.

რაც შეეხება სხვა თამაშებს: პირველი მერვედფინალური მატჩი 29 ივნისს გაიმართება 20:00 სთ-ზე (თბილისის დროით) და ერთმანეთს იტალია და შვეიცარია დაუპირისპირდებიან. იმავე დღეს, 23:00 სთ-ზე გერმანიისა და დანიის ეროვნული ნაკრებების თამაში დაიწყება.

30 ივნისს საქართველო-ესპანეთის მატჩის გარდა მეორე შეხვედრაცაა 20:00 სთ-ზე ინგლისსა და სლოვაკეთს შორის.

1-ელ ივლისს კი საფრანგეთი დაუპირისპირდება ბელგიას (20:00 სთ), ხოლო პორტუგალია – სლოვენიას (23:00 სთ).

2 ივლისს რუმინეთი ნიდერლანდებს შეხვდება (20:00 სთ), ხოლო ავსტრია – თურქეთს (23:00 სთ) და ამით დასრულდება მერვედფინალების ეტაპი.

მეოთხედფინალები 5 და 6 ივლისს გაიმართება.

9 და 10 ივლისს ნახევარფინალური შეხვედრები ჩატარდება, ხოლო 14 ივლისს ბერლინის ოლიმპიური სტადიონი ფინალურ შეხვედრას უმასპინძლებს, რომელშიც ევრო 2024-ის წლევანდელი გამარჯვებული გამოვლინდება.

პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე – საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია! (ვიდეო)

პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე – საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია! (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close