ქართველები უცხოეთშიხელოვნება

იტალიაში, დანტე ალიგიერის დარბაზში თვითნასწავლი ქართველი მხატვრის მეორე პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ია შარიაშვილის ნახატების ექსპოზიცია 17 ივნისიდან 30 ივნისამდე იქნება წარმოდგენილი

იტალიური ტოსკანის პატარა ქალაქ მონტერიჯონიში, დანტე ალიგიერის დარბაზში 17 ივნისს იტალიაში მცხოვრები თვითნასწავლი ქართველი მხატვრის გამოფენა გაიხსნა. ია შარიაშვილი პრესტიჟული გალერეის სტუმრებს 30 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს. 

ეს იტალიაში მცხოვრები ნიჭიერი მხატვრის მეორე პერსონალური გამოფენაა დანტეს დარბაზში. პირველი პერსონალური გამოფენა ამავე სივრცეში შარშან მოეწყო, 11-16 ივლისს, ამჯერად კი ქართველ ხელოვანს გალერეა 2 კვირით დაუთმეს. ექსპოზიციაში იას 55 ნამუშევარია წარმოდგენილი.

მონტერიჯონი, რომელიც სიენის ახლოს მდებარეობს, პოპულარული ტურისტული ზონაა, ხოლო დანტე ალიგიერის დარბაზი (Sala Dante Alighieri) – ცნობილი გალერეა, სადაც გამოფენის მოწყობა მხატვრისთვის ძალიან პრესტიჟულია.

ქართველი მხატვარი დანტეს დარბაზში უამრავ სტუმარს მასპინძლობს დილის 10 საათიდან საღამოს 9 საათამდე, იტალიელ ხელოვნების მოყვარულებს თუ უცხოელ ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

პერსონალურ გამოფენამდე ია რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობდა, მათ შორის, 2020 წელს ფლორენციასა და პრატოში, სადაც მისი ნამუშევრები საუკეთესოდ აღიარეს. იას შესახებ ჟურნალ „La Toscana Nuova“-ში გამოქვეყნდა სტატია და ნახატების ილუსტრაციებიც დაიბეჭდა. კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს კი, 2021 წლის 6 იანვარს ტოსკანის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში იას ნახატების ერთგვარი სატელევიზიო გამოფენა გაიმართა.

როგორ დაიწყო ემიგრაციაში ხატვა ნიჭიერმა ხელოვანმა და როგორ მიაღწია წარმატებას – წაიკითხეთ აქ: თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, რომელიც ტოსკანის მზის ქვეშ „დაიბადა“

თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, რომელიც ტოსკანის მზის ქვეშ „დაიბადა“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close