ქართველები უცხოეთშიხელოვნება

თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, რომელიც ტოსკანის მზის ქვეშ „დაიბადა“

ბავშვობაში, როგორც ყველა ჩვენგანი, ალბათ ისიც ხატავდა უცნაურ სახლებს დიდი ფანჯრებით და საკვამურიდან ამოსული კვამლით, სახლისხელა ყვავილებს, დიდთავა გოგო-ბიჭებს, სასაცილო ჩიტებს და მოცინარ მზეებს ისრების მსგავსი სხივებით… მერე კი, არც საქართველოში და არც იტალიაში, თითქმის 12-წლიანი ემიგრანტული ცხოვრების მანძილზე, ფუნჯისკენ არც გაუხედავს. მხოლოდ 2 წლის წინ აღმოაჩინა, რომ ხატვის სურვილი აქვს და კარგადაც გამოსდის…

ასე დაიბადა „ტოსკანის მზის ქვეშ“ კიდევ ერთი ნიჭიერი თვითნასწავლი ქართველი მხატვარი – ია შარიაშვილი.

ია უკვე 2 წელია ხატავს და გამოფენებშიც მონაწილეობს. 10-20 სექტემბერს ფლორენციაში 300-მდე მხატვრის 100-ობით ნამუშევრიდან იას ნახატები იმ საუკეთესო ტილოებს შორის მოხვდა, რომლებიც ქალაქ პრატოში (ტოსკანის რეგიონი) გამოიფინა. პრატოს გამოფენაზე კი ექსპერტებმა იგი მონაწილეთა შორის საუკეთესო მხატვრად დაასახელეს.

ამის შემდეგ იამ მონაწილეობა მიიღო ფლორენციაში გამართულ გამოფენაში. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მხატვრების ნამუშევრები. ფლორენციაში იას პერსონალური გამოფენა დაიგეგმა, თუმცა კონკრეტული თარიღის განსაზღვრა პანდემიის მეორე ტალღის გამო ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ია შარიაშვილი თავისი პატარა ოჯახით თბილისში ცხოვრობდა, თუმცა 14 წლის წინ სამუშაოდ იტალიაში მოუწია წასვლა მეუღლესა და ვაჟიშვილთან – თემუკასთან ერთად. მისმა მეუღლემ იოსებ ფეიქრიშვილმა სიენაში (ტოსკანის რეგიონი) დაიწყო მუშაობა და იქ დასახლდნენ. 5 წლის წინ თემუკა თბილისში დაბრუნდა, რათა ქართული კარგად ესწავლა და 2 წელი პირველ კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა. მეორე ვაჟი – ალექსანდრე კი, რომელიც უკვე 7 წლისაა, სიენაში დაიბადა.

ახლა იას მეუღლეს საკუთარი ავტოსალონი აქვს, ტექმომსახურებით, თავად კი საბავშვო ბაღში მუშაობს აღმზრდელად. ბიჭები სკოლაში სწავლობენ. პატარა, ალექსანდრე, მიუხედავად ლოქდაუნისა (ტოსკანის რეგიონი, მოგეხსნებათ, ამ დროისთვის „წითელ ზონაშია“), სკოლაში მაინც დადის, რადგან რეგიონში უმცროსკლასელები მერხთან აგრძელებენ სწავლას, თემუკა კი მე-9 კლასშია და დისტანციურად სწავლობს.

„ორი წელია რაც ვხატავ. იტალიაში აღმოვაჩინე, რომ ხატვის ნიჭი მაქვს, ალბათ დედისგან გამომყვა – დედაჩემი მხატვარია, სკოლაში ხატვის მასწავლებლად მუშაობდა“, – ამბობს ია. თავად არანაირი სამხატვრო განათლება არ მიუღია.

პრატოში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდნენ არა მარტო თვითნასწავლი, არამედ აკადემიური სამხატვრო განათლების მქონე მხატვრები  და იამ სწორედ თვითნაბადი ნიჭით და გამორჩეული ხედვით მიიქცია ყურადღება.

მისი თქმით, მხატვრებიდან ყველაზე მეტად ლადო გუდიაშვილი და ვან გოგი უყვარს.

ზეთის საღებავებით ხატავს, როდესაც თავისუფალი დრო აქვს და შთაგონება ეწვევა:

„ზოგადად, შთაგონებას ბევრი რამე მაძლევს, მაგალითად, ლამაზი პეიზაჟები და ასე შემდეგ… მაგრამ უფრო ხშირად მას საკუთარ თავში ვპოულობ – ჩემი შთაგონების წყარო, ძირითადად, საკუთარი ემოციები და განცდებია“, – ამბობს მხატვარი.

იტალიურმა ჟურნალმა „La TOSCANA nuova“ ია შარიაშვილს, როგორც პრატოს გამოფენაზე აღიარებულ საუკეთესო მხატვარს, სტატია მიუძღვნა, სათაურით „ია შარიაშვილი – პალიტრა თანამედროვე კლასიკით/ Ia Shariashvili – Una palitra dalla classsicità cintemporanea“.

„ეს ახალგაზრდა ქალბატონი თავისუფლად იყენებს ხელოვნების უნივერსალურ ენას, რომელიც მასთან კლასიკური და ზღაპრული ელემენტების სინთეზს წარმოადგენს“, – წერს სტატიის ავტორი ჯაკოპო კიოსტრი (Jacopo Chiostri).

ახლა ია პერსონალური გამოფენისთვის ემზადება, რომელიც ფლორენციაში გაიმართება, სავარაუდოდ, მომავალი წლის ზაფხულში, რადგან ჯერჯერობით ყველაფერი დაკეტილია. მანამდე ხელოვანი ახალ ნახატებზე მუშაობს, რომ გამოფენაზე მრავალფეროვანი საინტერესო ნამუშევრებით წარდგეს, სამომავლოდ კი ფიქრობს, საქართველოშიც დაგეგმოს პერსონალური გამოფენა და თანამემამულეებს გააცნოს თავისი შემოქმედება.

ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close