ნამცხვარი მარწყვით – მარტივად მოსამზადებელი და გემრიელი
ამ მარტივი და გემრიელი ნამცხვრის ცომის მომზადებას მხოლოდ 15-20 წუთი სჭირდება, გამოცხობას – 40 წუთი. მოამზადეთ და გაანებივრეთ თქვენი ოჯახის წევრები.
საჭირო მასალა 8 ულუფისთვის:
- შაქარი – 150 გრამი + 2 სუფრის კოვზი;
- ფქვილი – 130 გრამი;
- გამაფხვიერებელი – 10 გრამი;
- ვანილი – ერთი პაკეტი ან 2-3 წვეთი ვანილის ესენცია;
- კარაქი – 130 გრამი;
- ორი კვერცხი;
- მარწყვი – 400 გრამი.
მომზადება:
ღუმელი 180°C-ზე გააცხელეთ და მოამზადეთ 20-22 სმ დიამეტრის მრგვალი ფორმა (ან სხვა ფორმის, რომელიც გინდათ). თუ სპეციალური საცხობი ქაღალდი გაქვთ, ფორმას ცხიმის წასმა არ უნდა, თუ ჩვეულებრივი საცხობი ქაღალდი უნდა ჩააფინოთ, მაშინ ძირში ჯერ ცოტა ზეთი ან კარაქი წაუსვით.
130 გ კარაქი გაადნეთ და გააცივეთ. როდესაც შემაგრდება, დანით ჩაჩხვლიტეთ, მინარევი თეთრი სითხე გადაღვარეთ და კარაქი ცივ წყალში გარეცხეთ. ნამცხვარი გაცილებით უფრო გემრიელი გამოგივათ.
ერთმანეთში აურიეთ 150 გ შაქარი (თუ ნაკლებად ტკბილი გიყვართ და მარწყვიც ტკბილია, მაშინ 130 გრამიც საკმარისია), ჩაის კოვზის პირით მარილი, ვანილი და 130 გ ახალგაცრილი ფქვილი, რომელშიც შერეული იქნება გამაფხვიერებელი.
შერბილებული კარაქი კვერცხთან ერთად ათქვიფეთ და შემდეგ ფქვილიან მასას შეურიეთ. ცომი სქელი არაჟნის სისქის უნდა იყოს. თუ თხელია, ცოტა ფქვილი დაუმატეთ.
გარეცხილი და დაწურული მარწყვი დაჭერით დიდ ნაჭრებად (თუ მცირე ზომის მარწყვია – შუაზე გაჭერით) და ცომში შეურიეთ, დაახლოებით 1/3 დაიტოვეთ გასაფორმებლად.
ცომი მოათავსეთ საცხობ ფორმაში, მოაწყვეთ დარჩენილი მარწყვი ისე, რომ ნამცხვრის მასაში სანახევროდ ჩავიდეს, მოაყარეთ ზემოდან 1,5-2 ს. კ. შაქარი.
შედგით ფორმა 180 გრადუსზე გახურებულ ჰაერღუმელში და 35-40 წუთის განმავლობაში აცხვეთ. კარგად გამომცხვარია თუ არა ნამცხვარი, ჩვეულებრივი წესით შეამოწმეთ ასანთით ან ხის კბილის ჩხირით და თუ საჭიროა, 5-10 წუთი კიდევ დატოვეთ ჰაერღუმელში.
თუ 8 ულუფა თქვენთვის საკმარისი არ არის და უფრო დიდ ნამცხვარს გამოაცხობთ უფრო განიერ და ღრმა ფორმაში, მაშინ 40 წუთი ცხობა არ ეყოფა, 50-60 წუთი მაინც დასჭირდება.
შეაგრილეთ ტკბილი ღვეზელი და გემრიელად მიირთვით.
მარწყვის მაგივრად სხვა სეზონური ხილიც შეგიძლიათ გამოიყენოთ – ჟოლო, გარგარი ან ალუბალი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ალუბალი უფრო მჟავეა და შეიძლება ცოტა მეტი შაქარი დაგჭირდეთ.
კირა კარიაული
ასევე, მოგეწონებათ: მარწყვის ლიქიორი – ზაფხულის ელექსირი
მეცნიერებმა დაბერების საწინააღმდეგო საშუალება აღმოაჩინეს
კომენტარები