ვიდეოხელოვნებაკულტურა

ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარია გახდა (ვიდეო)

ფინალის წინ სკანდალი მოხდა და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი კონკურსიდან მოხსნეს

შვედეთის ქალაქ მალმეში დასრულდა ევროვიზიის სიმღერის კონკურსი, რომლის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით The Code. მან 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება. მეორე ადგილზე ხორვატია გავიდა 547 ქულით, მესამეზე – უკრაინა 453 ქულით.

შვეიცარიას საქართველოსგანაც მაქსიმალური – 12 ქულა ერგო.

ქართველმა ფინალისტმა ნუცა ბუზალაძემ 21-ე ადგილი დაიკავა 34 ქულით. საქართველოს წარმომადგენელმა ჟიურის ქულები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო: 7 ქულა – აზერბაიჯანისგან, 2 ქულა – მალტისგან, 2 ქულა – ისრაელისგან, 1 ქულა – ნორვეგიისგან, 3 ქულა – სომხეთისგან, მაყურებლისგან კი – 19.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი ბოლო 7 წლის განმავლობაში, 2017 წლის შემდეგ პირველად გავიდა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალში.

ევროვიზია 2024-ის ფინალში 25 ქვეყანა მონაწილეობდა: საქართველო, შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია. 26-ე ფინალისტი, ერთ-ერთი ფავორიტი – ნიდერლანდების წარმომადგენელი იოსტ კლიაინი ბოლო მომენტში კონკურსიდან მოხსნეს ფინალური შოუს წინ მომხდარი ინციდენტის გამო. ამის შესახებ  პარასკევს საღამოს გახდა ცნობილი.

როგორც კონკურსის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მომღერლის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება „კულისებს მიღმა“ მისი შეუფერებელი საქციელის გამო მიიღეს.

თავად მომღერალმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის შოკისმომგვრელია და სასჯელს თავისი საქციელის სრულიად შეუსაბამოდ მიიჩნევს.

იოსტ კლიაინი

დეტალებს, რა მოხდა კულისებში პარასკევს, შვედეთის პოლიცია იკვლევს. გამოვიდა ხმები, რომ ინციდენტის დროს კულისებში, სადაც რეპეტიციისთვის სამზადისი მიდიოდა, კლიაინთან ერთად იყო მომღერალი ისრაელიდან ედენ გოლანი. მათ შორის თავიდანვე დაძაბულობა იგრძნობოდა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო. რადგან საქმე სასამართლო ორგანოებს გადაეცა, ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ნიდერლანდების წარმომადგენელი კონკურსიდან მოეხსნათ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა Joost Klein-ის დისკვალიფიკაციის მიზეზი – ევროვიზიის გადამღები ჯგუფის თანამშრომელმა ქალმა შვედეთის პოლიციაში საჩივარი შეიტანა კლიაინის წინააღმდეგ და ეს უკანასკნელი „ძალადობრივ ქმედებასა“ და „უკანონო მუქარებში“ დაადანაშაულა.

ნიდერლანდების სახელმწიფო ტელევიზიამ AVROTROS-მა ამ ქვეყნის წარმომადგენელთან დაკავშირებული ინციდენტის დეტალები გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისი გრანდ ფინალიდან მოხსნა არ იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან მომღერალს ასეთი მკაცრი „სასჯელი“ არ დაუმსახურებია.

„ინციდენტი ხუთშაბათის შოუს შემდეგ მოხდა. იმის მიუხედავად, რომ გარკვევით იყო შეთანხმებული, კამერამ იოსტი გადაიღო იმ  მომენტში, როდესაც იგი სცენიდან ჩავიდა და მწვანე ოთახში უნდა წასულიყო. იოსტმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ უნდა, იგი შეაჩერონ. ეს არ გაითვალისწინეს და მომღერალმა გამაფრთხილებელი მოძრაობა გააკეთა კამერის მიმართულებით. ის არ შეხებია ქალს, რომელსაც კამერა ეჭირა. ამ ინციდენტის შესახებ სამართალდამცველებს ეცნობათ. EBU-მ [European Broadcasting Union] და პოლიციამ გამოძიება ჩაატარეს.

გუშინ და დღეს ჩვენ გავმართეთ ფართო კონსულტაციები EBU-სთან და რამდენიმე გამოსავალი შევთავაზეთ, თუმცა  EBU-მ იოსტ კლიაინის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო. AVROTROS-ი მიიჩნევს, რომ სასჯელი მეტისმეტად მკაცრი და არათანაბარზომიერია. ჩვენ კარგი მანერების მომხრენი ვართ – არ შეცდეთ, მაგრამ ჩვენი შეხედულებით აკრძალვა მოცემული ინციდენტის შეუსაბამოა. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები და შეწუხებულები ვართ მილიონობით ფანების გამო, რომლებიც ასე მოუთმენლად ელოდნენ დღევანდელ [11 მაისი] საღამოს. ის, რაც იოსტმა მოუტანა ნიდერლანდებს და ევროპას, ასე არ უნდა დასრულებულიყო “.

EBU-ში კი აღნიშნეს, რომ ისინი ევროვიზიაზე შეუფერებელი საქციელის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას იცავენ და ისწრაფვიან, რომ კონკურსის მთელი პერსონალისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო და დაცული სამუშაო გარემო, ამიტომ Joost Klein-ის ქმედება გუნდის წევრის წინააღმდეგ კონკურსის წესების დარღვევად მიაჩნიათ  და 68-ე ევროვიზიის გრანდ ფინალში 26 კონკურსანტის ნაცვლად 25 ფინალისტი მიიღებს მონაწილეობას.

სხვათა შორის, გარკვეული ჯგუფები სხვა კონკურსანტის მოხსნასაც ითხოვდნენ. საქმე ისაა, რომ შვედეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ მალმეში, რომელმაც წლევანდელ ევროვიზიას უმასპინძლა, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პალესტინური დიასპორაა და დემონსტრაციები კონკურსიდან ისრაელის წარმომადგენლის მოხსნის მოთხოვნით შაბათამდე, ფინალური შოუს დაწყებამდე გრძელდებოდა, თუმცა ისრაელის წარმომადგენელი კონკურსიდან არ მოუხსნიათ და მან საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 2022 წლიდან არ უშვებენ რუსეთის წარმომადგენელს  უკრაინაში რუსეთის შეჭრის და საომარი მოქმედებების გამო.

ნუცა ყაველაშვილი

საბოლოოდ ადგილები ასე გადანაწილდა:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close