მიგრაციასაქართველო

2023 წელს საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

2023 წელს საქართველოს მოქალაქეთა უცხოეთში ემიგრაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – შარშან საქართველოს 163 480 მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, ხოლო 91 896 შემოვიდა. ეს ნიშნავს, რომ 2023 წელს 71 584 ათასით მეტმა ქართველმა დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა. შესაბამისად, საქართველოს მიგრაციული სალდო მინუს 71 584 იყო. ეს საქართველოს მოსახლეობის თითქმის 2%-ია.

საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაციის ასეთი დიდი ნეგატიური სალდო არცერთი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, შედარებისთვის, 2022 წელს ნეგატიური სალდო 46 ათასი იყო, 2021 წელს – 41 ათასი მოქალაქე, 2020 წელი კი ერთადერთი წელი იყო, როდესაც საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო ჰქონდა (პანდემიის გამო) და ქვეყანაში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვმა ქვეყნიდან გასულთა რიცხვს 23 ათასით გადააჭარბა.

სულ კი, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოდან გრძელვადიან ემიგრაციაში 285 ათასი ადამიანი წავიდა.

მთლიანობაში ბოლო 10 წლის განმავლობაში, სულ მცირე, ერთი წლის პერიოდით მაინც ემიგრაციაში 942 ათასი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთა ერთი მესამედიც (285 ათასი ადამიანი) კვლავ ემიგრაციაშია. საქართველოდან ემიგრაციაში, ძირითადად, სამსახურის პოვნისთვის და განათლების მისაღებად მიდიან. ემიგრანტებს შორის დაახლოებით 55-60% მამაკაცია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ემიგრანტად მიიჩნევს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და ბოლო 12 თვის განმავლობაში, სულ მცირე, 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის ჯამი) სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

საქსტატმა მოქალაქეობის მიხედვით მიგრაციის სტატისტიკის გამოქვეყნება 2012 წლიდან დაიწყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close