ჩინეთის დიდი ქალაქების თითქმის ნახევარი იძირება, რაც მილიონობით ადგილობრივს წყალდიდობის რისკის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა იუწყება.
კვლევის მიხედვით, ჩინეთის ურბანული მიწების 45 პროცენტი წელიწადში 3 მილიმეტრზე სწრაფად ჩადის დაბლა, 16 პროცენტი კი – წელიწადში 10 მილიმეტრით.
კვლევის ავტორებმა ჩინეთის 2-მილიონიანზე დიდი 82 ქალაქი შეისწავლეს; თანამგზავრებიდან მიღებული რადარული პულსების გამოყენებით გამოავლინეს ცვლილებები თანამგზავრსა და მიწისპირს შორის მანძილში.
ამის შემდეგ გაზომეს, როგორ შეიცვალა ქალაქების სიმაღლე ზღვის დონიდან 2015-2022 წლებს შორის.
დადგინდა, რომ ჩინეთის უდიდესი ქალაქი შანხაი დაწევას განაგრძობს. ცნობილია, რომ ბოლო ასი წლის განმავლობაში ეს ქალაქი დაახლოებით სამი მეტრით დაბლა დაიწია.
ამ მხრივ ცუდი მდგომარეობაა პეკინსა და ტიანძინშიც.
გრუნტის დაწევის რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ როგორც აღმოსავლეთ ანგილიის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ნიკოლასი აღნიშნავს, ჩინეთში ამის მთავარი მიზეზი წყლის მოპოვება უნდა იყოს.
„ჩინეთში ბევრი ადამიანი ცხოვრობს რეგიონებში, რომელთა მიწაც გეოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ ახალი დალექილია. შესაბამისად, როდესაც მიწისქვეშა წყლებს გამოიღებ ან დრენაჟებს გააკეთებ, ნიადაგი დაიძირება“, – ამბობს ნიკოლასი.
მისივე განცხადებით, დაძირვა საფრთხეს უქმნის შენობებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სტრუქტურულ მთლიანობას, ამავე დროს, აძლიერებს კლიმატის ცვლილებიდან მომდინარე ისეთ საფრთხეებს, როგორიც არის წყალდიდობა, განსაკუთრებით სანაპირო ქალაქებში.
Reuters-ის ცნობით, დაძირვა ჩინეთს წელიწადში 1,05 მილიარდი დოლარი უჯდება.
თებერვალში გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, მსოფლიოში დაძირვის რისკის წინაშეა დაახლოებით 6,3 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობის ხმელეთი და ამ მხრივ ყველაზე ცუდი სიტუაცია ინდონეზიაშია.
ეს პრობლემა აწუხებს აშშ-ის ნაწილსაც. ქვეყნის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, პრობლემა 45 შტატში 27 000 კმ კვადრატი ფართობის ხმელეთს ეხება.
USGS-ის მონაცემებით, აშშ-ში დაძირვის გამოვლენილ შემთხვევათა 80 პროცენტზე მეტის მიზეზი მიწისქვეშა წყლების გამოყენებაა.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.
ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
1tv.ge
კომენტარები