ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

გერმანიაში კანაფის ნაწილობრივ ლეგალიზების კანონი ამოქმედდა – ზეიმი ბერლინში (ვიდეო)

პირველი აპრილიდან გერმანიაში ძალაში შევიდა კანონი მარიხუანას ნაწილობრივი ლეგალიზაციის შესახებ.

როგორც გერმანული „დოიჩე ველე“ წერს, მარიხუანა ნარკოტიკების შესახებ კანონით გაწერილი აკრძალული ნივთიერებების სიიდან ამოიღეს, შესაბამისად, მისი გარკვეული რაოდენობით შენახვა და მოყვანა კანონით დაშვებული იქნება და სისხლისსამართლებრივ დევნას აღარ დაექვემდებარება.

ამ ეტაპზე გერმანიაში კანაფის მომხმარებელთა წინააღმდეგ 100 ათასი საქმეა აღძრული. საკანონმდებლო ცვლილებები ამ პირთა რეაბილიტაციასა და ნასამართლობის გაუქმებას ითვალისწინებს.

სრულწლოვან პირს უფლება ექნება, თან ჰქონდეს 25 გრამამდე მარიხუანა, ან კანაბისი, ან სუფთა ჰაშიში. სახლში დაშვებული იქნება 50 გრამის შენახვა.

ამას გარდა, დაშვებული იქნება საკუთარ ბაღში სამი ძირი მარიხუანას მოყვანა პირადი მოხმარებისთვის, თუმცა ამის აუცილებელი წინაპირობაა სხვა მებაღეებთან ერთად ე.წ. მარიხუანას მოყვარულთა კლუბში გაწევრიანება და ადგილობრივი მთავრობისგან მარიხუანას შენახვისა და მოყვანისთვის საჭირო ნებართვის მიღება. ეს კლუბები კოოპერატივის პრინციპით იქნება  ორგანიზებული, თუმცა არ იქნება ორიენტირებულები მოგებაზე. ფაქტობრივად, ამ კლუბების წევრები მარიხუანას ერთმანეთს მიჰყიდიან. თვეში ერთ ადამიანს შეეძლება 50 გრამამდე მარიხუანას შეძენა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა აღიარა, რომ კანაფის პოლიტიკამ არ იმუშავა. მისი აზრით, ამიერიდან სამართალდამცველებს და პოლიციას ტვირთი შეუმსუბუქდებათ. პოლიციის პროფკავშირი პირიქით ფიქრობს, რომ სამართალდამცველები ახლა მეტად დაიტვირთებიან, რადგან კანონში ყველაფერი ცხადი არ არის და, ამასთან, პოლიციაც არ არის სათანადოდ აღჭურვილი ახალი კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რაც კონტროლის დროს კონფლიქტებს გამოიწვევს.

კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით ზოგიერთი შეზღუდვა ძალაში რჩება – კერძოდ კი, აკრძალულია მარიხუანას მოწევა ბავშვთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებიდან 100 მეტრის რადიუსში, ასევე, არასრულწლოვანთა საზოგადოებაში.

აგრეთვე, კანონით აკრძალული იქნება მარიხუანას მოწევა მანქანის მართვისას.

ორშაბათს ღამით 1500-მდე ადამიანი შეიკრიბა ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, რათა შუაღამის დადგომისას კანაფის ლეგალიზება აღენიშნათ. ბევრი მათგანმა ზუსტად ღამის 12 საათზე თავის ჯოინთს მოუკიდა და ასე აღნიშნა მომენტი, როდესაც მარიხუანას საჯარო მოხმარება ნებადართული გახდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close