ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ჩვენს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა.
32 წლის ქართველმა ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კარენ გალსტიანი 32 წამში იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
დღეს ტურნირზე წინასწარ და ფინალურ ბლოკებს შორის 33 წლის ტიტულიანი ძიუდოისტის, ავთანდილ ჭრიკიშვილის გაცილების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ავთანდილ ჭრიკიშვილი არის მსოფლიოს ჩემპიონი (2014 წ.), ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ სამჯერ აქვს მოგებული (2013, 2014 და 2015 წლებში). 2014 წელს იგი მსოფლიოს წლის საუკეთესო ძიუდოისტად დაასახელეს. 2013 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა, 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა; მოგებული აქვს ჰავანაში გრან პრი 2014 წელს.
ხვალ, 24 მარტს, ტურნირის ბოლო დღეს დიდი სპორტიდან ვარლამ ლიპარტელიანს გააცილებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 24 წლის ქართველმა სპორტსმენმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და გრანდ სლემის რანგის ტურნირის გამარჯვებული კარიერაში პირველად გახდა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს თბილისის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა. ოქროს მედლებს ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გელა ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვერცხლის მედლის მფლობელები გიორგი სარდალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ, ლაშა შავდათუაშვილმა კი ბრინჯაო მოიგო.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები