ქართველები უცხოეთშიარტისტი

როგორ მოხვდა 58 000 კონკურსანტიდან ფრანგულ „ვოისში“ ელგა ფორჩხიძე: „ქართულ სიმღერას ძალიან დიდი ოვაციები მოჰყვა…“

ელგა ფორჩხიძე 9 მარტს ფრანგული „ვოისის“ ჟიურის წინაშე წარდგება. გადაცემა უკვე ჩაწერილია და ქართველი მომღერლის გამოსვლას მისი გულშემატკივრები დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან. უკვე წლებია, ელგა ფორჩხიძე საფრანგეთის დედაქალაქში ცხოვრობს და პრესტიჟულ კაბარეში მღერის, რომელსაც უნიკალური და დიდი ისტორია აქვს. „ვოისში“ ის რამდენიმე ათასი კონკურსანტიდან ას საუკეთესოს შორის აარჩიეს…

ელგა ფორჩხიძე fortuna.ge-მ ექსკლუზიურად ჩაწერა.

ელგა ფორჩხიძე:

საქართველოდან 2003 წელს გავემგზავრე. პარიზში უკვე 16 წელია, რაც ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ. პირველი მიწვევა მქონდა ულამაზესი ქართული კულტურული ცენტრიდან, რომელსაც ერქვა „ქართული სახლი“. მან შვიდი წელი იფუნქციონირა და სამწუხაროდ, დაიკეტა.

მისი დახურვის შემდეგ მოვხვდი ძალიან ცნობილ ისტორიულ ფრანგულ კაბარეში, რომელიც ასევე ისტორიულ ადგილას, პარიზის მეხუთე რაიონშია განთავსებული, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მოპირდაპირედ. ამ კაბარეში პირველად მოვხვდი, როგორც სტუმარი, ჩემმა მეგობარმა, ნათია ალავიძემ წამიყვანა და უზომოდ მოხიბლული დავრჩი გარემოთი, რომელიც იქ დამხვდა. იქ მსოფლიო მუსიკის ზეიმი იყო, ამ კაბარეში შეხვდებით თითქმის ყველა ქვეყნის კულტურასა და მუსიკას. კაბარე 1979 წლიდან არსებობს, 60-იან წლებში ჯაზკლუბი იყო, სადაც ბუმბერაზი ჯაზშემსრულებლები უკრავდნენ და მღეროდნენ, მაგალითად, ლუი არმსტრონგი, ელა ფიცჯერალდი, ნინა სიმონე და ძალიან ბევრი სხვა ცნობილი მუსიკოსი. 1979 წელს ეს კლუბი შეიძინა ძალიან ჭკვიანმა მოაზროვნემ ჟაკ ბონიმ, რომელმაც მისი სტრუქტურა შეცვალა და ჩამოაყალიბა ინტერნაციონალური კაბარე. ღამის 11-დან დილის 5 საათამდე ჟღერს მუსიკა, ერთი საღამოს განმავლობაში 7-8 მომღერალი მღერის.

კაბარეში ეძებდნენ მომღერალს ყოფილი საბჭოთა კავშირის რომელიმე ქვეყნიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, არ იცოდნენ საქართველოს შესახებ. მეწყინა, რომ ქართული კულტურის შესახებ არაფერი იცოდნენ. როცა მოსმენაზე მივედი, მოიწონეს და მოინდომეს ჩემი აყვანა, მე დავთანხმდი იმ პირობით, რომ აუცილებლად ქართველად გამომაცხადებდნენ და რეპერტუარში შეიტანდნენ ქართულ სიმღერებსაც. აგერ უკვე მე-13 წელია, გრძელდება ჩემი გამოსვლები კაბარეში და დღემდე ვარ მისი სოლისტი.

ფრანგულ „ვოისში“ როგორ აღმოჩნდით?

ვფიქრობდი, რომ კონკურსების პერიოდი გავლილი იყო ჩემთვის. მე საქართველოში კარიერის შექმნა 90-იან წლებში დავიწყე, როცა არანაირი პროექტი არ არსებობდა, იყო ქაოსი… თუკი იმ პერიოდისთვის რაიმე ტარდებოდა, ყველგან ვცდილობდი მონაწილეობას, კონკურსი იქნებოდა თუ სატელევიზიო პროექტი, თუმცა რასაც ჰქვია მსოფლიო პროექტები, სამწუხაროდ, მაშინ არ იყო… ვფიქრობდი, რომ ამის ასაკი არ მქონდა და არ მიძებნია გზები, რომ მსგავს პროექტებში მიმეღო მონაწილეობა. კარგი იქნებოდა, რომ ასეთი შანსი ცოტა ადრეულ ასაკში მქონოდა.

„ვოისში“ ჩემი მოხვედრის ისტორია კი დაიწყო ასე და ის ძალიან განსხვავებულია სხვებისგან. არანაირი სირთულე არ გამივლია. მეც ასეთი წარმოდგენა მქონდა, რომ უნდა გადამელახა უამრავი ბარიერი. ჩემ შემთხვევაში „ვოისში“ ორიგინალურად და ჩემთვის გასაოცრად მოვხვდი – გაისმა ზარი სტუდიისგან სახელწოდებით„აიტივი სტუდიო“, რომელიც საფრანგეთის პირველი არხისთვის ამზადებს პროექტს „ვოისი“. თითქმის არასდროს ვპასუხობ უცხო ნომრებს, მაგრამ შემთხვევით ავიღე. მირეკავდა „ვოისის“ კასტინგის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ჩემ შესახებ გაიგო ინტერნეტით, შემდეგ მომღერლების ბაზაში ნახეს ჩემი მონაცემები, ნახეს ვიდეოები და დაინტერესდნენ ჩემი ხმითა და პერფორმანსით. შემომთავაზეს მონაწილეობა და მთხოვეს დათანხმება… მართლა გამიკვირდა, თავიდან სახუმარო ზარი მეგონა, მსგავსი შეთავაზება არასდროს მიმიღია, თან პარიზში იქით დაგირეკონ და შემოგთავაზონ მონაწილეობა… ჩემთვისაც გამოწვევა იყო…

დავთანხმდი. მომივიდა უამრავი მეილი, – ინფორმაცია, ფოტო, ვიდეო – ყველაფერი მოითხოვეს, ასევე სიმღერების ჩამონათვალი. ამის თაობაზე არ უნდა მელაპარაკა არსად. მეც პირში წყალი ჩავიგუბე და გავუმხილე მხოლოდ ერთ მეგობარს და ჩემს მეუღლეს. ერთ თვეში დამიკავშირდნენ და შემითანხმდნენ პირველ შესარჩევ ტურზე. იქ სამი შესარჩევი ტურია, სადაც მომღერალი საკუთარი გემოვნებით, აკაპელაში, პიანინოს ან გიტარის თანხლებით მღერის, სამივე ვარიანტი შესაძლებელია. პროდიუსერთან მანამდე 40 სიმღერა გავაგზავნე, მან აარჩია 6-7 სიმღერა, რომელიც მოვამზადე და მეორე ტურზე ამ სიიდან რამდენიმე ვაჩვენე, მესამე ტურისთვის ერთი სიმღერა შეარჩიეს. ეს სიმღერა გაუგზავნეს ორკესტრს, რომელსაც ის ბრმა კასტინგისთვის უნდა მოემზადებინა. სანამ კონკურსანტი პროექტამდე მიხვალ, ფაქტობრივად, სამ კონკურსს გადიხარ…

პირველი ეტაპი ივნისში იყო, რაც ჩემთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. გასაუბრება შედგა პატარა დარბაზში, იქ იჯდა „ვოისის“ კასტინგის დირექტორი და რამდენიმე პროდიუსერი. მე გავედი გიტარისტთან ერთად და შევასრულე სამი სიმღერა, ფრანგული, ინგლისური და ქართული. ძალიან მინდოდა, რომ ქართული სიმღერა გაჟღერებულიყო. ქართულ სიმღერაზე ისეთი ოვაცია იყო, მე თვითონაც გაკვირვებული ვიყავი. ოპერატორიც კი ტაშს უკრავდა. კასტინგის დირექტორმა ბრუნო ბარბერესმა მითხრა, რომ იცოდა, „ვოისის“ გამარჯვებული საქართველოდან „ევროვიზიაზე“ მონაწილეობდა. მე ვუპასუხე, თუ რატომ არ მქონდა საშუალება, აქამდე მსგავს პროექტებში მიმეღო მონაწილეობა, ვახსენე სამოქალაქო ომი… დასევდიანდნენ და მითხრეს, რომ მათთვის გასაგები იყო, რატომ დავთანხმდი პროექტში მონაწილეობას – ეს თითქოს ჩემთვის დაკარგული პერიოდის დაბრუნებაა…

მეორე ტური სექტემბერში გაიმართა, რომელიც წარმატებით გავიარე.

მესამე ტური ოქტომბრის დასაწყისში შედგა, გაცილებით დიდ დარბაზში უფრო მეტი პროდიუსერის დასწრებით, იყვნენ პროდიუსერები სტუდიიდან და ტელევიზიიდან. სწორედ ეს იყო გადამწყვეტი ტური იმისთვის, მოვხვდებოდი თუ არა 58 000 განმცხადებლისგან „ვოისში“, მხოლოდ 105 ადამიანი უნდა მიეღოთ და მეც მოვხვდი მათ შორის. ასე აღმოვჩნდი ბრმა კასტინგზე. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, საკუთარი თავის რწმენა ყოველთვის მქონდა, მაგრამ შეიძლებოდა, ამ სიახლისთვის ვერ ამეწყო ფეხი. საკმაოდ თავდაჯერებულად გავართვი თავი ყველა სირთულეს.

ვინ არიან ფრანგული „ვოისის“ ჟიურის წევრები და რისი თქმა შეგიძლიათ თქვენი გამოსვლის შესახებ?

საფრანგეთში ძალიან ცნობილი მუსიკოსები – მიკა, ზაზი, ვიანე და რეპერი ძმები Big Flo და Oli. მეტს ვერაფერს გაგიმხელთ, დაველოდოთ და ვნახოთ ჩემი გამოსვლა 9 მარტს. სიურპრიზები წინ არის!..

ინტერვიუ: ნინო მურღულია

fortuna.ge

ამავე თემაზე: პარიზული კაბარეს ქართველი მომღერალი

პარიზული კაბარეს ქართველი მომღერალი

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close