რა თქვა „ნაპოლის“ მწვრთნელმა კვარაცხელიას შეცვლაზე „ბარსელონასთან“ შეხვედრაში
„ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველი შეხვედრა (1:1) შეაფასა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლაზეც გააკეთა.
იტალიის მოქმედი ჩემპიონის ახალმა მწვრთნელმა ქართველი ლეგიონერი მოედნიდან 68-ე წუთზე გაიყვანა.
„გუნდმა იბრძოლა და ქება დაიმსახურა. აფრიკის თასიდან ჩამოსული ფეხბურთელები საუკეთესო ფორმაში არ იყვნენ, დაცვის ფაზაში კი ძალიან ბევრი დავთმეთ. არ მომეწონა ის, რომ მოედანზე პერიოდულად ქაოსი იყო, მაგრამ ორ დღეში სასწაულები არ ხდება. მომეწონა გუნდური სულისკვეთება, რადგან ვნახე ფეხბურთელები, რომლებმაც ყველაფერი გასცეს და წაგებას არ აპირებდნენ. შეხვედრის დასასრულს კი მოთამაშეებმა გამარჯვების ირწმუნეს.
ტაქტიკური პრობლემების გამო გაგვიჭირდა და ამაზე ბევრია სამუშაო. გუნდს ვთხოვე კომპაქტური თამაში, თუმცა პირველ ნახევარ საათში შემტევი ნახევარმცველების მომარაგება ვერ მოვახერხეთ. მეგონა, მოგება შეგვეძლო, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ. გასაგებია, რომ „ბარსელონასთან“ თამაში ყველასთვის რთულია, თუმცა ფრე სტიმულია და გვაიმედებს.
მინდორზე იქნებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც კარგად მუშაობენ, მე სახელებს არ ვუყურებ. მატეო პოლიტანომ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, დაცვასაც ეხმარებოდა და ძალიან ენერგიული იყო. ვინც საქმეს თავს ვერ ართმევს, მათ ჩავანაცვლებთ. კვარაცხელია უმაღლესი დონის მოთამაშეა და წელსაც დაგვეხმარება, ისევე როგორც გასულ სეზონში აკეთებდა, მაგრამ შევცვალე, რადგან ფანტასტიკურად არ უთამაშია, ნაპერწკალი აკლდა. ხანდახან შენი დღე არაა.
თუმცა კვარას ეს ხელს შეუწყობს და მეტსაც იშრომებს. მისი ტაქტიკური სვლებით იმედგაცრუებული არ ვყოფილვარ. უბრალოდ, მას არ ჰქონდა საკმარისი სივრცე და მომენტები. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა „ნაპოლის“ მწვრთნელმა.
ქართველი თავდამსხმელი მწვრთნელის გადაწყვეტილებამ აშკარად გააბრაზა და გასვლისას მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა, – ამის შესახებ გამოცემა Football Italia წერს.
„ხვიჩა კვარაცხელია აშკარად გაბრაზდა და „ნაპოლის“ გულშემატკივრებიც ტრიბუნებზე უკმაყოფილოები იყვნენ, როდესაც კალცონამ ქართველი თავდამსხმელი შეცვალა.
„ნაპოლის“ „ბარსელონასთან“ ძალიან უჭირდა და კარში დარტყმასაც ვერ ახერხებდა. ამიტომ მოულოდნელი იყო, როდესაც ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ 68-ე წუთზე კვარაცხელია შეცვლა და მოედანზე იესპერ ლინდსტრომი შეიყვანა. ხვიჩა ადრეც ხშირად შეუცვლიათ, თუმცა არა ასეთ მნიშნელოვან მომენტში.
კვარაცხელია, რა თქმა უნდა, გაკვირვებული ჩანდა, როცა მოედნიდან გადიოდა. როგორც ჩანს, მან კალცონას ხელიც არ ჩამოართვა“, – წერს იტალიური გამოცემა.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 12 მარტს გაიმართება. „ბარსელონა“ იტალიის ჩემპიონს „მონჟუიკზე“ უმასპინძლებს.
1tv.ge
„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი შეხვედრა „ბარსელონასთან“ ფრედ დაასრულა (ვიდეო)
კომენტარები